in

მითები და ფაქტები დიეტის შესახებ

ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებს რომ გადავხედოთ, იმდენ დიეტას ვიპოვით, ალბათ დათვლაც გაგვიჭირდება. ცილოვანი დიეტა, ხილის დიეტა, ბრაზილიური დიეტა, დიეტური კოქტეილები და კიდევ მრავალი სხვა სახეობა, რომელთა სახელებიც კი შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს, თუმცა რომელია მათგან ჯანსაღი, ნამდვილი და რომელს უნდა ვენდოთ, თითქმის არსად არაა განხილული.

როგორც ჩვენი ჯანმრთელობის ყველა რუბრიკაში, დღესაც ვეცდებით სანდო წყაროებზე დაფუძნებულ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და თქვენთან ერთად გავერკვეთ, რა არის რეალური და რა – არა.

რატომ ვიწყებთ დიეტას?

ყველას გვსურს, გამოვიყურებოდეთ მოხდენილად, სხეული ტონუსში გვქონდეს და თავს როგორც ლამაზად, ისე მხნედ ვგრძნობდეთ. ნორმის ფარგლებში ჩატეული წონა ხომ მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობის გამო არ გვინდა და ის ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სწრაფი კვების მენიუების მომრავლებისა თუ ბევრი არაჯანსაღი ფაქტორის გამო, თანამედროვე სამყაროში ჭარბწონიანობის პრობლემა საკმაოდ აქტუალურად დგას და მასთან ბრძოლის ხერხებიც ნაირნაირია. სასარგებლო რჩევა იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად საუკეთესო გამოსავალი ექიმთან მისვლა და სწორი გამოკვლევებით დანიშნული რაციონია.

მითები და ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გავარჩიოთ:

#1 – არ მიიღოთ ნახშირწყლები

ნახშირწყლები სხვადასხვა ფორმით მოდის: მარტივი და რთული. მარტივ ნახშირწყლებს ნამცხვრები, ტკბილეული წარმოადგენს, რომლებიც არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. როცა ჯანსაღ კვებაზე გადავდივართ, ამ ტკბილეულის შემცირება ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ სამაგიეროდ, არსებობს რთული ნახშირწყლები, რომლებიც ხორბლის, ხილისა და ლობიოს შემადგენლობაში შედის და მათი მიღება სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

#2 – აირჩიეთ დაბალკალორიული დიეტები

საწყის ეტაპზე დაბალკალორიული დიეტები ეფექტურად გვეჩვენება ხოლმე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ის ანელებს მეტაბოლიზმს, რაც იწვევს დიეტის დასრულების მერე დაკარგული კალორიების აღდგენას თითქმის იმდენივე რაოდენობით. რამდენი კალორია ითვლება დაბალკალორიულ რაციონად? 24 საათში 600-900 კალორია.

#3 – ეტიკეტზე დატანილი სიტყვა “უცხიმო” ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის მიღება ჭარბად შეიძლება

არც ეს არაა სწორი! არსებობს ბევრი უცხიმო საკვები, რომელსაც ცხიმის შემცირების ასანაზღაურებლად შაქარი ან სახამებელი აქვს დამატებული, რაც უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კალორიულობით მას შეიძლება იმდენივე პროცენტი ჰქონდეს, როგორც ცხიმიანი ვარიანტის შემთხვევაში.

 

#4 – გამოტოვეთ საუზმე და გახდებით

ტყუილია! ჯანსაღი საუზმის მიღება აუცილებელიც კია როგორც კვებითი ბალანსის, ისე კუჭისთვის. ის გეხმარებათ შიმშილის მართვაში და ძირითად კვებას შორის შუალედებში ადვილად გათქმევინებთ უარს არაჯანსაღი სასუსნავების მიღებაზე.

#5 – ღამით ჭამა გასუქებთ

ეს თან სიმართლეა, მაგრამ თან დამახინჯებული. თუკი გვიან საღამოს შიმშილი ძალიან გაწუხებთ, შეგიძლიათ დიეტური იოგურტი ან სტაფილო შეჭამოთ. ღამის საათებში ნოყიერი და მძიმე კერძის მიღებაა ის, რაც წონის მატებას იწვევს. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ რა დრო არის საღამოს საკვების მიღებასა და დაძინებას შორის. თუკი ვახშმობის მერე ერთ საათში დაძინებას არ აპირებთ, შეგიძლიათ არ იშიმშილოთ. 

#6 – ყველა სმუზი და წვენი ჯანსაღია

სმუზებსა და წვენებს მკვებავი ფუნქცია აქვს. ახალი დამზადებული ცოცხალი ხილის წვენი ან სმუზი ნამდვილად შიცავს ვიტამინებს და სასარგებლოა მისი მიღება, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მაღაზიებში გაყიდული წვენებისა და სმუზის უმეტესობა დატვირთულია შაქრითა და კალორიებით. ჭარბი მოხმარებისას მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ წონის მატებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, როგორიცაა კბილების გაფუჭება და სისხლში შაქრის დარღვევა.

#7 – წონის კლება მარტივია 

ამ ფრაზამ ალბათ არაერთი რეკლამა ან ბანერი გაგახსენათ, რადგან ის ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფორმით. სინამდვილეში, წონის კლება ერთი ხელის მოსმით არ ხდება. ის შედეგზე ორიენტირებულობას, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. დიეტა უბრალოდ ჭამაზე უარის თქმა არ არის, ამიტომ არ შეშინდეთ, თუკი “მარტივი დიეტა” წამოიწყეთ და შედეგმა მაინცდამაინც ვერ გაგაოცათ. იპოვეთ სწორი, ბალანსირებული კვების რეჟიმი, რომელიც უშუალოდ თქვენზე იქნება მორგებული და რაც მთავარია, ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვა “სასწრაფოდ”. დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ სწორი და ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანია დრო. გვესმის, რომ ყველას ეჩქარება სასურველი ფორმების მიღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწრაფად წონაში დაკლება დათვური სამსახურია თქვენი ორგანიზმისთვის.

ბოლოს, ბონუსად გეტყვით, რომ კვების სამყარო სავსეა დეზინფორმაციით, რაც ხშირად იწვევს საზოგადოების დაბნეულობასა და ცუდ დიეტურ არჩევანს. სანამ რამე დიეტას წამოიწყებთ, კარგად გაეცანით საკუთარ ორგანიზმს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმართეთ დიეტოლოგსაც და არ დაგავიწყდეთ საჭირო რაოდენობით წყლის მიღება და მოძრაობაც.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე დიდი კრატერი აღმოაჩინეს

როგორ ვისაუბროთ სადავო საკითხებზე მშვიდად და ნაყოფიერად?