in

მითია, რომ ყველა სტარტაპს თანადამფუძნებელი სჭირდება?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სტარტაპერებში იღებენ, ბიზნესის დამოუკიდებლად ან თანადამფუძნებელთან ერთად მართვაა. ზოგი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მარტო მართვა სამომავლოდ ცუდი შედეგის მომტანი იქნება. ზოგიც კი, პირიქით, პარტნიორის პოვნას გირჩევთ. თუმცა, რეალურად, არის თუ არა თანადამფუძნებლების ყოლა წარმატების გარანტი?

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევაში ნათქვამია, რომ 2005 წლიდან დაარსებული მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიების 80%-ს ორი ან მეტი დამფუძნებელი ჰყავს, 20%-ს კი მხოლოდ ერთი. მაშინ, როცა Google, Facebook, Airbnb და უამრავი სხვა ცნობილი კომპანია თანადამფუძნებლების მიერ შეიქმნა, Amazon, Dell, eBay, Tumblr და სხვა კომპანიები მხოლოდ ერთი დამფუძნებლის მიერ იმართება. 

სოლო დამფუძნებლების მთავარი საიდუმლო კი ის აღმოჩნდა, რომ რეალურად ისინი კომპანიას მარტო არ მართავენ. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ მათ თანადამფუძნებლების ნაცვლად, თანაშემქმნელები ჰყავთ, რომელთა არსებობას კომპანიის წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. აქ კი თანაშემქმნელების სამ ტიპზე საუბრობენ:

თანამშრომლები

დამფუძნებლები, რომელთაც საჭირო დაფინანსება უკვე აქვთ, თანამშრომლების დაქირავების ხერხს მიმართავენ. ისინი კონკრეტული ხელფასის სანაცვლოდ, მათ ნიჭსა და იდეებს ყიდულობენ, რაც კომპანიების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ერიკ იუანს ბევრი Zoom-ის სოლო დამფუძნებლად იცნობს, მაგრამ, რეალურად, მან კომპანია 40 ინჟინერთან ერთად შექმნა. მსგავსად, eBay-ის დამფუძნებელმა, პიერ ომიდიარმა, კრის აგარპაოსა და ჯეფ სქროლის დაქირავებით კომპანიას ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა. 

აქვე უნდა ვისაუბროთ Amazon.com-ზე, ჯეფ ბეზოსი სოლო დამფუძნებელია, თუმცა იგი მარტო არასდროს ყოფილა, მას თანაშემქმნელები ჰყავდა. მათ შორისაა პოლ დევისი, რომელიც Amazon.com-ის back-end განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი; ტომ შონჰოფი, რომელმაც ამაზონის მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება ააგო და შელ კაფანი, რომელსაც ბეზოსმა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი Amazon.com-ის ისტორიაში უწოდა. 

ეს იმითაც არის კარგი, რომ თანადამფუძნებლებთან ინტერესთა კონფლიქტისა თუ სხვა სახის გაუგებრობებისგან თავისუფალი იქნებით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საჭირო გახდა, ბევრად მარტივია იმ თანაშემქნელთან დამშვიდობება, რომელსაც კონკრეტულ ხელფასს უხდით, ვიდრე თანადამფუძნებელთან, რომელიც კომპანიის წილს ფლობს, ამას სასამართლო სხდომებსა და მრავალწლიან კონფლიქტამდე მივყავართ.

შეთანხმება

ისიც მართალია, რომ ყველა დამფუძნებელს თანამშრომელთა დაქირავებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ხშირად არ აქვს, ამიტომ ისინი სხვა კომპანიებთან გარკვეული შეთანხმებების დადებას ცდილობენ. მაგალითად, EdTech სტარტაპს ჰქონდა კარგი ტექნოლოგიური გამოცდილება, მაგრამ არ იცოდა, როგორ მიეტანა ეს მის სამიზნე აუდიტორიამდე. ამისთვის მან შეთანხმება დადო კომპანიასთან, რომელიც კონკრეტულ სამიზნე სექტორთან გაყიდვებს აწარმოებდა. ბუნებრივია, ეს მოგების გარკვეული წილის შეთავაზებით მოხდა და საკმაოდ ეფექტურიც იყო.

კარგი მეგობრები

ბევრი დამფუძნებლისთვის კი კომპანია წარმატებულად სწორედ ქველმოქმედებისა და კარგი მეგობრების დახმარების შედეგად იქცა. იქნება ეს ფულადი დახმარება თუ რჩევები, ბუნებრივია, კომპენსაციის მოლოდინის გარეშე. მაგალითად, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელსაც კომპანიისთვის ძვირადღირებული აღჭურვილობა სჭირდებოდა, აღმოაჩინა, რომ ეს ტექნიკა თავის ახლო მეგობარს ჰქონდა და მას დახმარება სთხოვა. შეთანხმება კი გაგრძელდა მანამ, სანამ საჭირო დანადგარების ყიდვა თვითონვე არ შეძლო.

მათ შორის იყო ჰენრი ფორდიც, რომელმაც თავისი მეგობრები დაარწმუნა, დაეთმოთ საჭირო დრო, რესურსები და გამოცდილება პირველი პროტოტიპის შესაქმნელად.

წყარო: HBR



შეიძლება თუ არა სინათლეში ძილი?

7 შეცდომა, რომელსაც ქართული სტარტაპები ყველაზე ხშირად უშვებენ