თუ გამუდმებით რაღაცას ეძებთ, ტექნოლოგიები საუკეთესო გამოსავალს გთავაზობთ — MIT-ის მეცნიერებმა X-AR მოწყობილობა შექმნეს, რომელიც მის მფლობელებს თვალისთვის დაფარული ნივთების დანახვის საშუალებას აძლევს. დიახ, თქვენ ყუთის გახსნის გარეშე დაინახავთ, რა დევს შიგნით ან თუ მუდმივად ვერ პოულობთ გასაღებს, X-AR სათვალე დაგეხმარებათ…
თუმცა იგი საზიანო სხივებს ნამდვილად არ ასხივებს, რადიოსიგნალებს აგზავნის, რათა RFID თეგების მქონე ნივთები იპოვოს. შემდგომში კი ეს უკანასკნელი ჰოლოგრაფიული ვიზუალით ჩნდება, რაც თეორიულად მომხმარებლებს ნივთების სწრაფად პოვნაში უნდა დაეხმაროს.
„ამ პროექტში ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა აუგმენტური რეალობის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ უხილავი ნივთები, ნივთები, რომლებიც ყუთებშია შენახული ან სადღაც კუთხეში იმალება“, — აცხადებს ფადელ ადიბი, MIT-ის ასოცირებული პროფესორი.
საწყობისა და საცალო ვაჭრობის თანამშრომლებს ეს ტექნოლოგია ძალიან გამოადგებათ… პირველ ეტაპზე, მომხმარებელი ნივთებს მენიუში ეძებს, ხოლო როცა იპოვის, მის მდებარეობას X-AR სფეროთი აღნიშნავს და მიწაზე მისკენ მიმავალ ნაბიჯებსაც გთავაზობთ. საინტერესოა ისიც, რომ ტესტირებების დროს MIT-ის მეცნიერების მიერ შექმნილი სათვალით ნივთების პოვნა დაახლოებით 10,16 სანტიმეტრზე შეძლეს, თანაც, 96%-იანი სიზუსტით. მართალია, ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ იგი თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდას გვპირდება…
„ეს ნაშრომი უხილავ სცენარებში მუშაობით AR სისტემების მომავლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს“, — აცხადებს რანვერ ჩანდრა, Microsoft-ის კვლევის ხელმძღვანელი.