in

ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” ოტავას საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის პრიზი გადაეცა

იგი შეფასდა როგორც ქართული კინოს განახლება…


ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციურმა ფილმმა “მიტოვებული სოფელი” ერთ წელზე ნაკლებ დროში მრავალი წარმატება მოიპოვა – იგი უკვე 15-ზე მეტ ქვეყანაში და 3 კონტინენტზეა ნაჩვენები… როგორც გახსოვთ, ყველაფერი ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაიწყო, როდესაც ანიმაციამ ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

ახლა კი “მიტოვებულმა სოფელმა” კანადაში, ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე, OIAF-ის ერთერთ ძირითად კატეგორიაში, გამარჯვება მოიპოვა. ფილმს გადაეცა საუკეთესო დიზაინის პრიზი, რომლის დამდგმელი მხატვარიც ირაკლი ტოკლიკაშვილი გახლავთ.

ირაკლი ტოკლიკაშვილი და მარიამ კაპანაძე

ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (OlAF), ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი და ყველაზე მსხვილი ანიმაციური ფილმების ფესტივალია. ფესტივალი 1975 წელს კანადის კინოს ინსტიტუტის მიერ დაარსდა და აშშ-ს კინოაკადემიის შესარჩევი ფესტივალების სიაში შედის. უნდა აღინიშნოს, რომ OIAF გამარჯვებულს უფლებას აძლევს, წინასწარ შესარჩევი კონკურსის გარეშე მოხვდეს ოსკარის ნომინაციაში. ეს კი ნამდვილად დიდ წარმატებას წარმოადგენს და დიდი მნიშვნელობის მატარებელია…

ცხადია, ნებისმიერი რეჟისორისთვის და საქართველოსთვის, ამ ფესტივალში მონაწილეობა პრესტიჟული და მნიშვნელოვანია. გასულ 2020 წელს, OIAF-ში მონაწილეობისთვის 84 ქვეყნიდან 1950 ანიმაციური ფილმი წარადგინეს, საიდანაც 98 ფილმი შეირჩა საკონკურსოდ. წლევანდელ ფესტივალზე კი ორგანიზატორების რჩეულ ფილმებს შორის “მიტოვებული სოფელიც” მოხვდა…

ეს წარმატება მარიამ კაპანაძის შემოქმედებისა და ქართული ანიმაციური სკოლის აღიარებას წარმოადგენს, რასაც თავად რეჟისორიც ეხმიანება – “მიტოვებული სოფელისთვის წარმატებული გამოდგა  პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკაში , ისეთი მაღალი კლასის ფესტივალზე მონაწილეობა და გამარჯვება,  როგორიც არის ოტავას ანიმაციური ფილმების ფესტივალი, ნამდვილად დიდი წარმატებაა, როგორც ფილმისთვის, ისე ქართული ანიმაციისთვის. 

სამწუხაროდ, მე არ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს. მინდა, მივულოცო ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წვერს, ეს გამარჯვება. განსაკუთრებით კი, დამდგმელ მხატვარს – ირაკლი ტოკლიკიშვილს.

რა თქმა უნდა, მიტოვებული სოფელი  განაგრძობს საფესტივალო ცხოვრებას. ფილმის ჩვენება  ამჟამად პოლონეთში, ვარშავაში მიმდინარეობს. 25-31 ოქტომბერს კი ფილმის ჩვენება ლაიფციგში იგეგმება”. 

ეს ყველაფერი არ არის – საფრანგეთში, PIAFF Paris International Animation Film Festival-ზე ფილმმა ორი ჯილდო დაიმსახურა: მაყურებლის  და ჟიურის პრიზი. თანაც, შეფასდა, როგორც ქართული კინოს განახლება…

გარდა ამისა, ფილმი ჩეხეთში Animafilm Festival Liberech-ზე საუკეთესო არა-ნარატიული ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა. ბულგარეთში კი World Festival of Animated Film-ზე კრიტიკოსები ჯილდო დაიმსახურა.

“მიტოვებული სოფელი” წარდგენილი იყო იაპონიის, საფრანგეთის, ბულგარეთის კანადის, იტალიის, ჩეხეთის, ისრაელის, ირანის, სლოვენიის, პოლონეთის პრესტიჟული ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში.

შეგახსენებთ, რომ “მიტოვებული სოფელი” კინოსსტუდია “კვალი XXI”-ის, კინოცენტრ “ქართული ფილმი – აფხაზეთი”-ისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით შეიქმნა.


როგორ შევქმნათ ველნეს კომპანია, დამფუძნებლის შთამაგონებელ ისტორიაზე დაყრდნობით?

„შექმნილია კაცობრიობისთვის!“ – ACER-მა გლობალურ კონფერენციაზე ახალი ტექნოლოგიები წარადგინა