in

ამბიციური მოთამაშე იაპონიიდან – Mitsubishi

Model A

ავტომობილების ბრენდმა, რომელზეც დღეს მოგიყვებით, თავის დროზე მნიშვნელოვნად წამოსწია წინ თანამედროვე მანქანების უსაფრთხოება. მისი მთავარი მისწრაფება მძღოლებისთვის ღირებული პროდუქტის მიწოდებაა, რომელიც მათ შეუქმნის კომფორტს, სადაც არ უნდა წავიდნენ. „მართე შენი ამბიცია” – ამ სლოგანით ფიგურირებს ბაზარზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, მატერიალური თვალსაზრისით, ის არ ითვლება ძალიან ძვირფას ბრენდად, ამიტომ მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. საუბარია Mitsubishi-ზე, ავტომწარმოებელზე, რომელიც 100-ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის.

დაფუძნება

ამბიციურმა ახალგაზრდამ, სახელად იატარო ივასაკიმ 1870 წელს დააარსა პირველი კომპანია Mitsubishi, როგორც გადაზიდვის ფირმა. ამ გადაწვეტილებით, შეიძლება ითქვას, მან იაპონია გამოიყვანა მრავალსაუკუნოვანი ფეოდალური იზოლაციიდან და დასავლეთს დაეწია. იატარო ივასაკი იყო ქალაქ კოჩიდან, რომელზეც იმ დროის ძლიერი კლანი Tosa მდებარეობდა. მის მიერ დაარსებული კომპანია სწორედ ამ კლანისგან დაქირავებულ სამ ორთქლის გემს იყენებდა. ეს იყო Mitsubishi-ს დასაწყისი.

Yataro Iwasaki

1874 წელს კომპანიას დაერქვა Mitsubishi Shokai, თუმცა ერთ წელიწადში Mitsubishi Mail Steamship-ად გადაკეთდა, რადგან იმ პერიოდში პატრიოტიზმი გამოავლინა და იაპონური ჯარების ტაივანში გადასაყვანად გემები გამოყო, რის გამოც მთავრობამ იგი კიდევ 30 გემით დააჯილდოვა.

Mitsubishi – კონცეფცია

ბრენდის სახელწოდება სიტყვების „მიცუსა” და „ჰიშის” ერთობლიობაა. „მიცუ” ნიშნავს სამს. „ჰიში” ნიშნავს წყლის წაბლს და იაპონელები ამ სიტყვას დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ რომბის ან ალმასის ფორმის აღსანიშნავად. იატარო ივასაკიმ, Mitsubishi ორგანიზაციის დამფუძნებელმა, თავისი კომპანიის ემბლემად სამი ბრილიანტის ნიშანი აირჩია. ნიშანი მიუთითებს ტოზას კლანის, იატაროს პირველი დამქირავებლის, სამ ფოთლიან გერბზე და ასევე ივასაკის საოჯახო გერბის გამოსახულებაზე.

არეულობა და დასტაბილურება

Mitsubishi Mail Steamship-მა გახსნა სერვისი ჩინეთსა და რუსეთში და სარგებლობდა ვირტუალური მონოპოლიით საზღვარგარეთულ მარშრუტებზე, თუმცა 1880-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლებამ დააფინანსა „მითსუბიშის” კონკურენტის შექმნა, რამაც ბრენდში არეულობა გამოიწვია და შედეგად, ორივე კონკურენტი გაკოტრების პირას მიიყვანა. ამასობაში იატაროც გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა ძმამ, იანოსუკემ დაიკავა. 

სანამ ზღვაზე კონკურენცია იზრდებოდა, Mitsubishi ახდენდა დივერსიფიკაციას სანაპიროზე. კომპანიამ იყიდა იოშიოკას სპილენძის მაღარო აკიტაში და ტაკაშიმას ქვანახშირის მაღარო ნაგასაკიში. 1884 წელს მან იჯარით აიღო ნაგასაკის გემთმშენებლობის ტერიტორია მთავრობისგან და მოგვიანებით იქ ააშენა იაპონიის პირველი შიდა წარმოების ფოლადის ორთქლის გემი.

Mitsubishi განაგრძობდა ზრდას და დივერსიფიკაციას იანოსუკე ივასაკის ხელმძღვანელობით. მან იყიდა მაღაროები Mitsubishi-სა და იაპონიის მზარდი ინდუსტრიებისთვის რესურსების უზრუნველსაყოფად. მანვე ჩამოაშორა სახელწოდებას Steamship. 1890 წელს იანოსუკემ გადაიხადა დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი საიმპერატორო სასახლის გვერდით 80 ჰექტარი ჭაობისთვის. მის ამ ინვესტიციას მაშინ დასცინოდნენ, თუმცა დღეს ის მილიარდობით დოლარი ღირს.

მოდელი A

პირველი მანქანის წარმოება კომპანიამ 1917 წელს დაიწყო და ეს იყო მოდელი A, რომლითაც სამგზავრო მანქანების სერიის შექმნას დაედო სათავე იაპონიაში. 1922 წლისთვის სულ 22 მანქანა ჰქონდათ შექმნილი. ამ მანქანების ძრავა თუჯისგან იყო აწყობილი, ხოლო ინტერიერი ლაქირებული თეთრი კვიპაროსისგან დამზადდა, ინტერიერის მოსართავად ინგლისური ნაქსოვი ქსოვილი გამოიყენეს. მოდელი A გამოიფინა ფუკუოკას გამოფენაზე 1919 წელს.

PX33

1935 წელი. კომპანია უშვებს ახალ მოდელს, სახელად Mitsubishi PX 33, რომელიც იაპონური არმიის საავტომობილო სკოლის მიერ იქნა აღიარებული, რომელსაც ჰქონდა სამხედრო ძრავა. მიუხედავად ამისა, მოდელი არ შევიდა მასობრივ წარმოებაში. ორიგინალური მანქანა აღარ არსებობს, მაგრამ 1988 წელს ფრანგულმა კომპანიამ Sonauto, გამოიყენა Pajero ასლის გასაკეთებლად და ჩაუშვა 1989 წელს პარიზი-დაკარის რალიში, სადაც წარმატებით დაასრულა ეს გამოსვლა.

Mitshubishi Jeep

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სარეკონსტრუქციო მცდელობების შემდეგ, მრავალფუნქციური ჯიპი გახდა ძალიან მიმზიდველი მანქანა. თუმცა, იაპონიის მთავრობის შიდა ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკის გამო, მზა მანქანების დიდი რაოდენობით იმპორტი არ შეიძლებოდა. 1952 წელს კონტრაქტი გააფორმა ჯიპის მწარმოებელთან ამერიკულ კომპანია Willys Overland Motors-თან. მომდევნო წელს კი დაასრულა პირველი ჯიპი J1 და 54 ერთეული გადაეცა სატყეო სააგენტოს. 

Colt

მითსუბიში კოლტი, დღეისთვის საკმაოდ ცნობილი მოდელი, ჯერ კიდევ 1962 წლიდან არსებობს. ახალ მოდელს ჰქონდა ოდნავ მახვილი ექსტერიერის დიზაინი, რომელიც შემუშავებული იყო ვიწრო ხაზების გამოყენებით. Colt 600-მა აჩვენა თავისი მაღალი შესრულება, როდესაც მიიღო მონაწილეობა 1963 წლის მალაიზიის გრან პრიზე. Colt 600 აღიარებულია, როგორც კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მომდევნო წლებში ბრენდმა მოდელი რამდენჯერმე განაახლა.

Delica 

1968 წელს კომპანია აწარმოებს Delica Truck-ს. მისი სახელწოდება ინგლისური სიტყვიდან delivery car მოდის. ეს მანქანა 58 ცხენის ძალას ავითარებდა და მისი მაქსიმალური დატვირთვა 600 კილოგრამს შეადგენდა. 

ერთი წლის შემდეგ კომპანიამ Delica Van გამოუშვა. 

80-90-იანი წლები

ამ პერიოდში Mitshubishi-ის არაერთი მოდელი გამოდის. ესენია: Lancer, Minica, Galant, Tredia და Pajero. Pajero-ს დებიუტი შედგა Dakar Rally-ზე, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

1990 წელს გამოვიდა Eclipse, გამორჩეული მარცხენასაჭიანი სპორტული კუპე, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო თავისი აქტიური და ფუტურისტული დიზაინით. 1994 წელს კი გამოუშვეს Pajero Mini, რომელიც გახდა ახალი მიდგომის მანქანა რეკრეაციისთვის. იგი აერთიანებდა Pajero-ს ფუნქციონალურობასა და K-მანქანის სიმარტივესა და ეკონომიურობას. 

2000-იანები

2000-იანი წლებში ბრენდი ისევ განაგრძობს მანქანების აქტიურ წარმოებას და ისეთი სპორტული ავტომობილების გამოშვებასაც, რომლებიც ხშირად იგებენ სხვადასხვა რალიში. 2002 წელს Pajero გახდა Dakar Rally-ს პირველი საერთო ჩემპიონი. ამავე პერიოდში გამოდის ახალი Colt, რომელიც თავისი ცნობილი დიზაინით, დღესაც პოპულარულია.

2005-ში გამოდის ბრენდის კიდევ ერთი დღესდღეობით ცნობილი SUV – Outlander-ი. მას მოჰყვა ახალი თაობის პლატფორმა, მეტი სიმძლავრე და უსაფრთხოების მაღალი დონე. მისი ძრავა ალუმინის ბლოკებისგან შედგებოდა, ხოლო სალონი აღჭურვილი იყო თანამედროვე გადაწყვეტებით. 

2012, 2013 და 2014 წლებში Mitsubishi აქტიურად მონაწილებს სპორტულ შეჯიბრებებში და მოწინავე პოზიციასაც იკავებს. 

დღესდღეობით Mitsubishi მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებელია და მისი მოდელები დიდი წარმატებით იყიდება. იგი აწარმოებს როგორც ჯიპის ტიპის, ისე მსუბუქ ავტომობილებსა და სპორტულ მანქანებს. მე-19 საუკუნეში დაფუძნებული ამბიციური იდეა, გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი ავტომწარმოებელი მაშინ, როდესაც არათუ იაპონიაში, ზოგადად მსოფლიო ავტობაზარი არ ითვლიდა ბევრ ავტომობილს, ორი საუკუნის შემდეგაც უდიდესი წარმატებით აგრძელებს სვლებს სათამაშო მოედანზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ბნელი მატერია თქვენს ოთახშია“ — მეცნიერების ახალი მოსაზრება

Quaise დედამიწის 12.5 მილის გათხრას გეგმავს — გეოთერმული ენერგიის მისაღებად