in

Mitsubishi-ის რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულ დროში ააწყო!

veon
veon

0.305 წამში! წარმოგიდგენიათ? მაშინ, როცა ადამიანის მიერ დამყარებული რეკორდი 3.13 წამს უდრის… ამგვარად, Mitsubishi Electric Corporation-ში განვითარებულმა რობოტმა სულ ახლახან დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი რუბიკის კუბის ყველაზე მოკლე დროში აწყობით. ასე კი მანამდე არსებული 0.38-წამიანი რეკორდიც მოხსნა, რომელიც კვლავ Mitsubishi-ს რობოტის მიერ იყო დამყარებული. ვიდეო თავადაც შეგიძლიათ, ნახოთ, თანაც რამდენიმე შენელებულ კადრს მოიცავს, რათა კარგად დააკვირდეთ, როგორ დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი:

თავად ამ ამბის ავტორი კი TOKUFASTbot გახლავთ, რომელსაც სახელი ნაწილობრივ მის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირის პატივსაცემად დაერქვა. დანადგარს რამდენიმე ძალიან სასარგებლო ფუნქცია გააჩნია მსგავსი რეკორდის დასამყარებლად, იქნება ეს ფერების ამომცნობი ალგორითმი, რომელიც AI-საც მოიცავს თუ ბრუნვის მექანიზმი, რომელიც 90 გრადუსით 0.009 წამში ბრუნავს.

ისიც უნდა ითქვას, რომ თავსატეხების ამოხსნაში რობოტები სულ უფრო წინ მიიწევს. 2009 წელს თუ რეკორდი წუთი და 4 წამი იყო, 7 წელში ერთ წუთამდე ჩამოვიდა, დღეს კი 0.305 წამის მომსწრენი გავხდით. თუმცა TOKUFASTbot-ს რუბიკის კუბი რომ აეწყო, მისი ადაპტაცია იყო საჭირო, რაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი ამბავი. თუნდაც იმიტომ, რომ რობოტი ზედმეტად სწრაფი იყო პლასტმასის სათამაშოსთვის. 

ხოლო ის ფაქტი, რომ რობოტები კუბის აწყობაში ჩვენზე თითქმის 70-ჯერ უფრო კარგები არიან, სულაც არ უნდა გაგრძნობინებდეთ თავს ცუდად — ერნო რუბიკს, ანუ ადამიანს, რომელმაც 1974 წელს ეს კუბი გამოიგონა, მთელი თვე დასჭირდა მის ასაწყობად. არც ის დაგავიწყდეთ, რომ კუბზე 43 მილიონ ტრილიონზე მეტი კონფიგურაციაა შესაძლებელი…

რაც შეეხება Mitsubishi Electric-ის ინჟინრებს, ისინი კვლავ აგრძელებენ რობოტის განვითარებაზე მუშაობას, ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მალე კიდევ ერთ მსოფლიო რეკორდზე მოგიყვებით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გზა EURO 2024-ამდე

თიბისი ბიზნესებს გადახდების ახალ, საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს