სტუდენტებმა, გიორგი მაჭავარიანმა და საბა სახვაძემ, გადაწყვიტეს, რომ ღვინის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შეცვლის დრო იყო და ქილის ღვინო – „მივინო“ შექმნეს. სამიზნე სეგმენტად, 18-დან 40 წლამდე ადამიანები განსაზღვრეს, რადგან „ისინი ყველაზე პოზიტიურად აღიქვამენ ინოვაციებს, მარტივად იღებენ სიახლეებს და მოიხმარენ მას…“
თითქმის ყველა ბიზნესიდეა პრობლემიდან იბადება. არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისები. იდეა – შეგვექმნა ქილის ღვინო, წვეულებაზე დაგვებადა, სადაც გასახსნელის არქონისა და რამდენიმე ჩანგლის გატეხვის შემდეგ, მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო მოუხერხებელ შეფუთვებში, – გიორგი მაჭავარიანი.
სიმართლე გითხრათ, პროდუქტის გამოჩენამდე ვიცოდით, რომ მას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვებოდა, თუმცა გვახარებს, რომ უმეტესი ნაწილი დადებითად განეწყო „მივინოს“ მიმართ. ჩვენი გუნდისა და „მივინოს“ დაარსების მთავარი მოტივი ღვინის სიყვარული იყო. ვიცით და ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის და ამ სიყვარულით შევქმენით ის, რაც ღვინოს სხვა დატვირთვას მისცემდა და მასზე მოთხოვნას გაზრდიდა.M: რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ კონკურენტუნარიანები იყოთ ბაზარზე? როგორია ქილაში ღვინის შენახვის პირობები?
ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, უმაღლესი სტანდარტების ქილები სპეციალურად ჩვენი ღვინისთვის (საფერავი, რქაწითელი) შევიმუშავეთ – მისი მჟავიანობისა და ალკოჰოლის გათვალისწინებით. ქილა სავსებით უსაფრთხოა და ღვინოს სრულად იცავს ნებისმიერი სახის დაზიანებისაგან. უფრო მეტიც, ჩვენს ღვინის ქილებში ღვინო უკეთ ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს, ვიდრე მინის ტრადიციულ ტარაში, რადგან გარდა ჰერმეტულობისა, ეს ჭურჭელი სინათლის სხივების ზემოქმედებისაგანაც იცავს სასმელს.
M: ანუ, თქვენი აზრით, რა პრობლემას ჭრის „მივინო“ ბაზარზე?
ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში, ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად, უმეტეს შემთხვევებში, ლუდს სვამენ. ეს გამოწვეულია იმ ბარიერებით, რომლებიც აქამდე არსებობდა ღვინის შეფუთვებსა თუ მისი სმის კულტურაში. „მივინო“ არაა განსაკუთრებული შემთხვევების ღვინო. ის პრაქტიკული და მსუბუქია, არ სჭირდება გასახსნელი, პორტატულია, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ამავე დროს, უმაღლესი ხარისხი… იდეალური საშუალებაა მეგობრებთან ერთად დროის გატარებისთვის, ლაშქრობისას, ფესტივალებზე, წვეულებისას, ბარში, ან სხვა, ნებისმიერ სიტუაციაში.
M: როგორც ვიცით, „მივინოს“ კონცეფციის საფუძველს სიმარტივე წარმოადგენდა… ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ ბრენდის ფილოსოფია?
სახელით რომ დავიწყოთ, „მივინო“ მარტივად დასამახსოვრებელია, ყველა ენაზე ერთნაირად იკითხება, სასიამოვნოდ ჟღერს და შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს. ლოგოს რაც შეეხება, მინიმალისტური და სოლიდური ლოგოტიპი შევქმენით, თუმცა ღვინისთვის სახასიათო სტილი შევინარჩუნეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის კონცეფციის საფუძველს სიმარტივე წარმოადგენდა, გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლისთვის სიმარტივე წარმოებაშიც ჩაგვერთო და მხოლოდ ორი სახის ღვინო გამოგვეშვა – საფერავი და რქაწითელი. ასევე, გავამარტივეთ შეფუთვის დიზაინიც.
M: სად განთავსდა თქვენი პროდუქცია?
ჩვენი პროდუქცია, ამაჟამად, სატესტოდ წარმოდგენილია „8000 მოსავალში“, ასევე ბარებში: “Archive“, “12 Riders“, “Creator-ში“. ქსელურ მარკეტებთან გვაქვს მოლაპარაკებები და საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.