in ,

ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია

დავით მიზანდარის მიერ შექმნილი ელექტრონიღბის შესახებ ჯერ კიდევ 4 თვის წინ გიყვებოდით. ამ დროისათვის, მისი პირველადი ვერსია იყო მზად, ნიღბის ეფექტურობა კი ჯერ კიდევ დასადასტურებელი. ცოტა ხნის წინ, გამომგონებელმა კვლევის მიზნით ლუგარის ლაბორატორიას მიმართა და შედეგიც მიიღო:

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს “MIZ-MASK” გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ. კვლევა ჩატარდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში შედეგები იყო იდენტური“, – ნათქვამია 21 ივლისს შედგენილ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს ცენტრის გენერალური დირექტორი – ამირან გამყრელიძე აწერს. წერილის სრულად გაცნობა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ, ხოლო ელექტრონიღბის მუშაობის პრინციპსა და იმაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ წარმოების დაწყებას, ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში, დავით მიზანდართან ერთად მოგიყვებით.

M: როცა, დაახლოებით, ოთხი თვის წინ, პირველად ვწერდით თქვენს გამოგონებაზე/პროტოტიპზე, ეს იყო მრავალჯერადი გამოყენების ელექტრონული ნიღაბი, რომლის მიზანს ადამიანის ვირუსული ინფექციებისგან დაცვა წარმოადგენდა. რა შეიცვალა ამ ოთხ თვეში, ან რა შეცვალა ლუგარის ლაბორატორიის დასკვნამ? 
ოთხი თვის წინ იყო მხოლოდ იდეა, შემდეგ ეს ყველაფერი თეორიულად ჩამოვაყალიბეთ, რომ პრაქტიკული შედეგი მიგვეღო, თუმცა ამ შედეგამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი. გავხდით ტექნოპარკის მიერ მოწყობილი კონკურსის – „კორონათონის“ ერთ-ერთი გამარჯვებული და აქ მოპოვებულმა გრანტმა შეგვიწყო ხელი პროდუქტის განვითარებაში.  ამის შემდეგ, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, ჩვენ დაგვჭირდა გერმიციდული ლედ ნათურების სპექტრის და ინტენსიობის შემოწმება/სწორად გამოთვლა სხვადასხვა მანძილზე და გაშლის კუთხეზე და კონსტრუქციის შესაბამისი გათვლა, აეროდინამიკა, ფილტრების შერჩევა და წნევის კონტროლის პროგრამული რეგულირება. დაახლოებით 50-ზე მეტ კომპანიას ვესაუბრეთ პანდემიის დროს, აქედან 8 კომპანიის ნათურები შევამოწმეთ სამეცნიერო ცენტრ „ოპტიკაში“ და საუკეთესო შევარჩიეთ, ასევე ბაქტერიოფაგში ჩავატარეთ კიდევ ერთი ტესტი, სადაც ზუსტად კორონავირუსის ზომის ფაგი გამოვიყენეთ და მთლიანად გავანადგურეთ დასხივებით.

როგორც ცდებმა აჩვენა, მძიმე დაბინძურების არედან ნიღაბში გატარებული ჰაერი არის 100%-ით სტერილური, შესაბამისად ნიღბის გამოყენება შესაძლებელია მაღალი რისკის შემცველ გარემოში, ასევე ნებისმიერ ადგილას სადაც ინფიცირების საფრთხე და კერაა. მადლობა მინდა გადავუხადო რ.ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის გუნდს მხარდაჭერისთვის, მათ რამდენიმე ცდა ჩაატარეს და საბოლოოდ მივიღეთ მართლა 100%-იანი შედეგი. მოგეხსენებათ, დღეს საქართველო ერთ-ერთი ფლაგმანია კოვიდ19-თან ბრძოლაში და მიმდინარე შედეგები სწორედ მათი დამსახურებაა, შესაბამისად, როგორც მათი სახელი ძალიან წაგვადგება მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. 

https://www.facebook.com/mizandari/posts/10158405713532207

M: როგორია თქვენ მიერ შექმნილი ელექტრონიღბის მუშაობის პრინციპი (ტექნოლოგია, ელემენტი, დიზაინი)?
ელექტრონიღაბს აქვს სამი ბარიერი, რაშიც დაბინძურებულმა ჰაერმა უნდა გაიაროს. ეს არის, პირველ რიგში, N99 ტიპის ორმაგი ფილტრი, რომელიც მოთავსებულია ჰიდროფობულ შრეებში, რაც მას დატენიანებულ ჰაერს და წვეთებს აშორებს. ამის შემდეგ ჰაერი გადადის პირდაპირი დასხივების სექციაში, სადაც ყველაფერი ნადგურდება, ხოლო დამატებით არის კიდევ ერთი კამერა კიდევ ერთი დასხივებით, რომ 100%-ით გავანეიტრალოთ მავნე ნაწილაკი. დამატებით ფუნქციებს რაც შეეხება, ნიღაბს აქვს გარე და შიდა წნევის სენსორი, რის მიხედვითაც ნიღაბი აკვირდება სუნთქვის რიტმს და მიკრო კომპრესორის საშუალებით, აწვდის ჰაერს მომხმარებელს. ნიღაბი ისეა შექმნილი, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია წვიმაში, ნისლში და ტენიან გარემოშიც. რაც მთავარია, ის ერგება ნებისმიერი ტიპის სახის რელიეფს, ზედმეტი მოჭერის გარეშე, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა ექიმებისთვის. სახის მხარე დამზადებულია რბილი სილიკონისგან და ადვილად ეხსნება ელექტრო ნიღაბს, ის ზომების (S,M,L)  მიხედვით შეიძლება მოირგოს მომხმარებელმა. ნიღაბი თავსებადია სათვალესთან და არ იწვევს მის დაორთქვლას, მარტივად ხდება მისი სტერილიზაცია ნებისმიერი სითხით გარედან, დასატენად სულ 2 საათია საჭირო და სრული დამუხტვის შემდეგ, მუშაობს 6-8 საათი.

M: რა არის საჭირო MIZ-MASK-ის წარმოებისთვის (რა დრო, რა რესურსები). რამდენად ახლოს ხართ წარმოების პროცესის დაწყებასთან?
ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, გასული 4 თვე, უძინარი ღამეები, 90-ზე მეტი სხვადასხვა ვერსია შევქმენით იმისათვის, რომ ნიღაბი მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო წარმოებისთვის. შერჩეული გვაქვს სამი ძირითადი კომპანია, საიდანაც მივიღებთ მზა ნაწარმს, ერთადერთი, დაგვჭირდება აწყობის პროცესის ავტომატიზაცია, რომ სწრაფად შევძლოთ მიზნის მიღწევა, ალბათ 4 – 6 კვირა იქნება ამისთვის საჭირო. თუ სახელმწიფოს ინტერესი იქნება, შეგვიძლია დროულად დავიწყოთ წარმოება, რათა სამედიცინო პერსონალი და ასევე სხვა პირველადი დახმარების/რეაგირების ბრიგადების აღჭურვა შევძლოთ. გვინდა MIZ-MASK როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ვაწარმოოთ. 

M: ხშირად ჩნდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები, მით უფრო, როცა ელექტრონიღაბში ულტრაიისფერი სხივების გამოყენებას ეხება საქმე. კიდევ ერთხელ, დეტალურად რომ აღგვიწეროთ ის ტექნოლოგია, რომელიც ნიღაბში, ჰაერის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ და აქვე, რა ინტენსივობითა თუ ხანგრძლივობითაა ამ ელექტრონიღბის ტარება რეკომენდებული?
დიახ, მართალია, ეს კონკრეტული ნათება არის ულტრაიისფერი UV-C ნათების მოკლე დიაპაზონი, რომლსაც ასევე მზის სხივები შეიცავს. ეს ნათება რამდენიმე წამში ანადგურებს ნებისმიერ ბაქტერიასა თუ ვირუსს, თუმცა ამ სხივს ნეგატიური ეფექტი აქვს როგორც კანზე ასევე თვალის ბადურაზე. შესაბამისად, სასუნთქი აპარატი შექმნილია ისე, რომ მისი მუშაობის პროცესის დროს გამოსხივება მთლიანად დაცულია დახურულ კამერაში. იმ შემთხვევაში, თუ ნიღბის ფილტრის ხუფს გახსნის მომხმარებელი ჩართულ რეჟიმში, მომხმარებლის დაცვის მიზნით აპარატი ავტომატურად ითიშება. გვაქვს ასევე დასკვნა სამეცნიერო ცენტრ „ოპტიკასგან“, რომ მასალის და კონსტრუქციის გარეთ გამოსხივება არ ხდება. არის ასევე ჰაერზე დასხივების დროს ოზონის გამოყოფის ეფექტი, რაც ფილტვებისთვის საზიანოა, თუმცა ის სპექტრი რაც აქ გამოიყენება, გარდა იმისა, რომ არ იწვევს ოზონის გამოყოფას, პირიქით, O3-ს აცლის მესამე ატომს და ჟანგბადად გარდაქმნის, ასე რომ გამოსული აირი სრულებით უვნებელი და სტერილურია ადამიანისათვის. 

M: რა გამოცდილება გქონდათ ელექტონიღბის შესაქმნელად?
ზოგადად, ბევრ სფეროში მიმუშავია. პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს აშშ-ში ვმუშაობდი სამედიცინო კომპანია Soundhealthinc-ში, სადაც ელექტრომაგნიტური ბგერებით ვახდენდით პაციენტის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას. 8 წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკასთან და მიკრო ელექტრონიკასთან გვაქვს საქმე, რაც ჩემი ჰობია, სკოლაში კარგი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა. [გარდა ამისა, დავით მიზანდარი Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი და პირველი 3D ქვევრის თანაავტორი, ასევე „ჯეოსელის“ ყოფილი ბიზნეს განვითარების მენეჯერია].

M: დამზადების პროცესისას გასაწევი ხარჯისა თუ დამზადებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, როგორი საფასო მოლოდინი უნდა გვქონდეს თქვენს პროდუქტთან დაკავშირებით? გარდა ამისა, არის თუ არა ეს პროდუქტი, რომლის გამოყენებაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია? 
დიახ, ზუსტად covid-19-სთვის შეიქმნა ეს პროდუქტი. ზოგადად, ნიღბების ტესტირება ხდება ოქროსფერ სტაფილოკოკზე, რომელიც რთული გასანეიტრალებელია. ჩვენი ნიღაბი მას რამდენიმე წამში აქრობს, თუმცა კორონავირუსი წარმოადგენს რნმ მჟავას, რაც გაცილებით მარტივი გასანადგურებელია. ამ ეტაპზე, ვითვლით პირველი წარმოების მოცულობას და ამის მიხედვით დავადგენთ ფასს. საქართველოსთვის ფასი ყველაზე დაბალი და თვითღირებულებასთან ახლო იქნება. 

ავტორი: ხატია თორდუა

“ვაა, ეს როგორ არ ვიცოდი”… – ტერაბანკის კამპანია “მივდივართ საქართველოში”

როგორ ადაპტირდა Onoff.ge პანდემიურ რეალობაზე [ქეის სთადი]