რა მიზნები გაქვთ? და როგორ ცდილობთ მათ მიღწევას? ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ როცა ის სხვას გაუზიარეთ, მოტივაცია დაკარგეთ? თუ ასეა, თქვენს ემოციურ ინტელექტს უნდა მიმართოთ, აქ კი გამოსავალი ერთ წინადადებაში უნდა გავაერთიანოთ — „დაიტოვეთ თქვენი მიზნები თქვენთვის ან გააზიარეთ ჭკვიანურად“.
ეს ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა მეცნიერულ კვლევას ეფუძნება და მიზნების გაზიარების ორ განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. პირველი TED Talk-ის დროს დერეკ სივერსმა გააჟღერა: როცა ვიღაცას ეუბნებით თქვენი მიზნის შესახებ, მისი მიღწევის შანსებს ამცირებთ. ხოლო, როცა მიზანი გაქვთ, ამისთვის მუშაობაც გიწევთ და არც კმაყოფილდებით სანამ არსებულ საქმეს არ დაამთავრებთ. აი, მაშინ კი, როცა ამ მიზანს სხვას უზიარებთ, იმას გამოცდით, რასაც ფსიქოლოგები „სოციალურ რეალობას“ უწოდებენ.
„გონებას აცდუნებს შეგრძნება, რომ ეს საქმე უკვე შესრულებულია და იმის გამო, რომ ამ კმაყოფილებას გრძნობთ, ნაკლები მოტივაცია გაქვთ, რომ შესაბამისი მუშაობა გასწიოთ“, — განმარტავს სივერსი.
ამ ტენდენციას მრავალი კვლევაც ადასტურებს, რომელიც ფსიქოლოგმა პიტერ გოლვიტცერმა 2009 წელს გამოაქვეყნა. აქ უნივერსიტეტის სტუდენტებს თავიანთი მიზნები და განზრახვები უნდა ჩამოეწერათ, რომლებიც მათ სწავლას უკავშირდებოდა. ზოგიერთმა გააზიარა ეს, ზოგიერთმაც არა. გამოვლინდა, რომ სტუდენტები, რომლებიც თავიანთ მიზნებზე საუბრობდნენ, ნაკლებ დროს ანდომებდნენ რეალურ საქმეს, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდათ.
მეორე მიდგომა კი უფრო ახალ კვლევებს ეფუძნება, 2019 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თქვენი მიზნების გაზიარება, შესაძლოა, სასარგებლო იყოს, თუ სწორად შეარჩევთ, ვის გაუზიაროთ იგი. აი, მაგალითად 300 სტუდენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ადამიანებს ჰქონდათ მოტივაცია გაეზიარებინათ მიზანი იმისათვის, ვისაც მაღალი სტატუსის მქონედ მიიჩნევდნენ, რადგან მათ აინტერესებდათ, როგორ შეაფასებდა ეს ადამიანი მათ“.
და რომელი მიდგომაა თქვენთვის უფრო მისაღები? ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ორივეს ცდით. მოდით, ჯერ თქვენი გეგმები საკუთარ თავს შემოუნახეთ, თუ შინაგანად მოტივირებული ხართ, არც „სოციალური რეალობის“ მიღება დაგჭირდებათ და მეტად შეძლებთ მიზნების მიღწევასაც. მეორე მხრივ კი, თუ პასუხისმგებლიანი პარტნიორი გჭირდებათ, დარწმუნდით, რომ აირჩევთ იმას, ვისაც თქვენზე მაღალი სტატუსი აქვს. არ აირჩიოთ კოლეგა, მეორე ნახევარი, ოჯახის წევრი ან ყოფილი ბიზნესპარტნიორი. უმჯობესი იქნება თუ ამ საქმეს ქოუჩს, მენტორს ან იმ ადამიანს მიანდოთ, ვინც თქვენგან შორს არის და პასუხისმგებლობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
არ დაგავიწყდეთ — „დაიტოვეთ თქვენი მიზნები თქვენთვის ან გააზიარეთ ჭკვიანურად“ — თანაც მიზნების გაზიარებაზე კარგი შეგრძნებები მიზნების მიღწევას მოაქვს…