in

მიზოფონია იმაზე მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

ალბათ, მიზოფონიაზე აქამდეც გსმენიათ, ან თავად ხართ ადამიანი, რომელიც ხმებზე მწვავედ რეაგირებს… აქ მხოლოდ რაღაცის გაკაწვრის ხმებს კი არ ვგულისხმობთ, მდგომარეობას, რომლის დროსაც, შესაძლოა, სხვისი სუნთქვის ხმაც კი გაღიზიანებდეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ფოტოზე გამოსახულ „ხმაზე“. ხშირად მიზოფონიის მქონე ადამიანები თავიანთ მდგომარეობებს ახსნას ვერ უძებნიან, ამიტომ მათთვის იმის ცოდნაც კი შვებისმომგვრელია, რომ მარტო არ არიან. ახლა კი უახლესი კვლევა გვეუბნება, რომ ეს ადამიანებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ. 

M2
M2

სუნთქვა, ღეჭვა, ხვრინვა და სხვა მსგავსი ხმები, შესაძლოა, მსუბუქი გამაღიზიანებელი ფაქტორიც იყოს და საკმაოდ მწვავე რეაქციებისაც, დაწყებული ბრაზით, დამთავრებული დისტრესით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვიშლის ხელს… 

ჩვენმა კვლევამ ამ მდგომარეობის კომპლექსურობა შეისწავლა. მიზოფონია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც კონკრეტული ხმებით შეწუხება, ეს ჩიხში მომწყვდევას ჰგავს და უიმედო მდგომარეობას, როცა არ შეგიძლია გაექცე ამ ხმებს და ამის გამო ბევრი რამის გამოტოვებაც გიწევს, — აცხადებს ჯეინ გრეგორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი. 

კვლევაში ალგორითმი გამოიყენეს, რათა მონაწილეები სქესის, ასაკისა და ეთნოსის მიხედვით გაენაწილებინათ ისე, რომ მონაცემები რეპრეზენტატული ყოფილიყო 18 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისთვის. 772-მა მონაწილემ შეავსო კითხვარი, რომელიც პოტენციურ გამომწვევ ხმებსა და ინდივიდუალურ ემოციურ პასუხებს ეხებოდა. შედეგად მიზოფონიის 5 ასპექტი გამოვლინდა — ემოციური საფრთხის შეგრძნება, შიდა და გარე შეფასებები, ფეთქებადი მდგომარეობა და გავლენა. ამასთან, მკვლევრებმა სიღრმისეული ინტერვიუები 26 თვითიდენტიფიცირებულ და 29 ჩვეულებრივ ადამიანზე ჩაატარეს.

მიზოფონიის ყველაზე შემაწუხებელი გამომწვევი ფაქტორი ხმამაღალი ღეჭვის ხმაა. 

მიზოფონიის მქონე ადამიანებსა და ზოგად მოსახლეობას შორის ორი მთავარი განსხვავებაც იკვეთება — ნეგატიურ გრძნობებს, რომლებსაც საყოველთაოდ დაწუნებული ხმები იწვევდა, თან ახლდა ბრაზი და პანიკა მეტად მგრძნობიარე პოპულაციის ქვეჯგუფში. ისინი ამბობდნენ, რომ თავს ჩიხში მომწყვდეულად და უიმედოდ გრძნობდნენ, რადგან არ შეეძლოთ ამ ხმებისგან გაქცევა. 

ხმებზე შენი რეაქციების გამო გგონია, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ ამასთან, არც არაფრის გაკეთება შეგიძლია. ამან კი დანაშაულის, სირცხვილისა და შფოთვის შეგრძნებებამდე შეიძლება, მიგიყვანოს, — განმარტავს გრეგორი.

კვლევის თანახმად, მონაწილეებს ყველაზე მეტად ისეთი ხმები აწუხებდათ, როგორებიც ჩვეულებრივ სუნთქვა და ნერწყვის გადაყლაპვაა.

მიზოფონიის მქონე ადამიანებს ხშირად არ აქვთ სიტყვები იმის ასახსნელად, თუ რას განიცდიან. შვების მომგვრელიც შეიძლება იყოს იმის გაგება, რომ მარტო არ ხართ და სხვა ადამიანებიც მსგავსად რეაგირებენ ამ ხმებზე… ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მიზოფონია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა გავიგოთ, როდის გადაიზრდება დარღვევად და როდის გახდება საჭირო მკურნალობა, — აცხადებენ მკვლევრები.

ხარვეზების სილამაზე — Colgate-ის ვიდეორგოლი

Nintendo ყველა სახლში – თამაშების გიგანტის წარმატების ისტორია