ავსტრალიელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ უკეთეს გზას მიაგნეს მკერდის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმისთვის. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ახალი მკურნალობის მიდგომა კლავს და ანელებს მხოლოდ დაავადებული უჯრედების ზრდას მკერდის ქსოვილში, შესაბამისად, არ ეხება ჩვეულებრივ ჯანსაღ უჯრედებს. ორალური მედიკამენტი ასევე უმიზნებს მეტასტაზურ სივრცეებს, რომლებიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში და გამძლეა ქიმიოთერაპიის მიმართ.
სამმაგი უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპი ამ დაავადების მქონე პაციენტების 15%-ში გვხვდება და, როგორც ვიგებთ, კონკრეტული მაჩვენებელი საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვრცელდება ახალგაზრდა პაციენტებშიც კი… თუმცა დღემდე არ არსებობს კიბოს ამ ფორმის სამკურნალო წამალი და პაციენტებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ — ინტენსიური ქიმიოთერაპია ან იმუნოთერაპია. მიუხედავად ამისა, 5 წლის მანძილზე რეციდივის შანსი მაინც საკმაოდ მაღალია… შესაბამისად, ნამდვილად არსებობდა მკურნალობის ახალი ფორმის საჭიროება.
„ეს წარმოუდგენლად კარგი ნაბიჯია სამმაგი უარყოფითი ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში. კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ კონკრეტულ წამალს ხელთ უნდა ჰქონდეს გადარჩენის მაჩვენებლების გასაღები“, — აცხადებენ მკვლევრები.
რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტს, CDDD11-8 ეწოდება და თავდაპირველად მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) სამკურნალოდ შეიქმნა — კიბოს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც ძვლის ტვინში გვხვდება, კიბოს უჯრედები იზრდება და ვრცელდება ცილების წარმოების გზით, განსაკუთრებით კი ციკლინდამოკიდებული კინაზა 9-ის (CDK9) მეშვეობით. მართალია, FDA-ს ამ დრომდე არცერთი პრეპარატი დაუმტკიცებია CDK9-ისთვის, მაგრამ ერთ ვერსიას ნამდვილად დამაიმედებელი პროგნოზები აქვს.
2022 წელს სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს CDDD11-8 CDK9-ისთვის, ცხოველებზე ტესტირებისას კი ორალურმა წამალმა სიმსივნური უჯრედების ზრდა შეაფერხა, რაც ლეიკემიით დაავადებული ცხოველების გადარჩენის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებად ითარგმნა. ახლა კი ზუსტად იგივე წამალი გვაძლევს დამაიმედებელ შედეგებს კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის სამკურნალოდ — „ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია, მაგრამ პირველადი შედეგებით გვწამს, რომ ამ ცილის დათრგუნვა დაგვეხმარება სამმაგი უარყოფითი ძუძუს კიბოს მკურნალობაში და ეს ახალი წამალიც მომავალში კიდევ უფრო განვითარდება“.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ CDK9-ზე დამიზნებამ, შესაძლოა, სხვა აგრესიული კიბოს შემთხვევაშიც იმუშაოს, რომლებიც „ტრანსკრიფციაზეა დამოკიდებული“. ეს უკანასკნელი გენეტიკური ინსტრუქციების კოპირებას გულისხმობს რნმ-ის მოლეკულებში, რაც შემდეგ პროტეინის წარმოების პროცესს ეხმარება. ტრანსკრიფცია კი სიმსივნურ უჯრედებში ხშირად კონტროლს არ ექვემდებარება, განსხვავებით ჯანსაღი უჯრედებისგან. ეს ხელს უწყობს დაავადების სწრაფ ზრდასა და გავრცელებას. კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის შემთხვევაშიც მაღალია ტრანსკრიფციის ფაქტორები…
აღსანიშნავია ექსპერიმენტიც, რომელიც მკერდის კიბოს მქონე თაგვებში ჩაატარეს — ორალური მედიკამენტით მკურნალობამ შეამცირა სიმსივნური არეები და ცილის ექსპრესია ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე გავლენა არ ჰქონია.
„მართალია, ეს წამალი საიმედო შედეგებს გვაწვდის, როგორც პოტენციური მკურნალობის საშუალება სამმაგი ნეგატიური ძუძუს კიბოსთვის, მაგრამ მანამ, სანამ ადამიანებში მიაღწევს წარმატებას, განვითარება სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ეს თუ უფრო ადრე არა, მომდევნო 5 წელში მაინც მოხდება“, — აცხადებს თერესა ჰიკი, მკერდის კიბოს ექსპერტი.