in

მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიადაზე

ტანვარჯიში ოლიმპიურ პროგრამაში 1896 წელს ათენის თამაშებიდან არის შეტანილი. 32 წლის განმავლობაში შეჯიბრში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ ჩართულნი, 1928 წელს ამსტერდამში გამართული ოლიმპიადიდან სპორტულ ტანვარჯიშში ქალებიც გამოჩნდნენ, 1984 წელს, ლოს ანჯელესში, მხატვრულ ტანვარჯიშში შეჯიბრი დაემატა, 2000 წლიდან (სიდნეი) კი – ბატუტზე ხტომა.

მხატვრული ტანვარჯიშში ჩართული სპორტსმენები კვადრატულ ხალიჩაზე გამოდიან შემდეგი აღჭურვილობით: რგოლით, ბურთით, გურზით, ლენტითა და სახტუნაოთი. აერთიანებს სპორტული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს, საგნით და უსაგნოდ ვარჯიშთა კომპლექსს. სპორტსმენთა გამოსვლას მსაჯთა კოლეგია აფასებს.

მხატვრულ ტანვარჯიშში ყველაზე წარმატებული სპორტსმენები რუსებს ჰყავთ. მათ აქტივში 10 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ტოკიოში ტანვარჯიშში მედლები 18 დისციპლინაში გათამაშდება, ტურნირში კი 63 ქვეყნის წარმომადგენელი 324 სპორტსმენი იქნება ჩართული.

მხატვრული ტანვარჯიშის ისტორია საქართველოში

საქართველოში მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით 1940-იანი წლების მიწურულს განვითარდა. 1948 წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. ლენინგრადიდან მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი იულია შიშკარიოვა, რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები.

ქართველი ტანმოვარჯიშეები საკავშირო შეჯიბრებებში 1950 წლიდან ჩაებნენ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები 1970-იან წლებში მოიპოვეს, როცა ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი ნელი სალაძე. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

1979 წელს ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიში მოიგო, მრავალჭიდში კი III ადგილი დაიკავა. დიდ სარბიელზე აგრეთვე წარმატებით გამოდიოდნენ ინგა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, მარინა ხალილოვა, მაია მორბედაძე და სხვები.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია 1991 წლის 1 ივნისს დაფუძნდა, 1992 წლის 18 ივლისიდან კი, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია.

საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ ეკა აბრამია (1996, XXV ადგილი) და ინგა თავდიშვილი (2000, XXI ადგილი). უკვე მეორე ოლიმპიადაა, მხატვრულ ტანვარჯიშში ქვეყნის ღირსებას სალომე ფაჟავა იცავს. ის 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე XIV ადგილზე გავიდა, ამჯერად კი, შედეგის გაუმჯობესებას ეცდება. სალომე 6 აგვისტოს მრავალჭიდის კვალიფიკაციაში ჩაერთვება, ხოლო თუკი ფინალში გავიდა, მედლისთვის 7 აგვისტოს იბრძოლებს.

დავასრულოთ პანდემია! – ACAG-ის პოსტერების კონკურსის შედეგები

ITCraft, როგორც ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გარანტი – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ გიორგი მიქაცაძესთან