მარკეტინგის სფეროში მონაცემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, თუმცა კომპანიების უმეტესობა მათგან სრულ სარგებელს მაინც ვერ იღებს. მსოფლიო რეკლამის დამკვეთთა ფედერაციის (WFA) და მარკეტინგული ეფექტიანობის საკონსულტაციო კომპანიის, Ebiquity-ს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა უკვე მონაცემების ნაკლებობა კი არა, მათი პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაა.
კვლევის მიხედვით, კომპანიების 80% უკვე იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა “Marketing Mix Modeling” და “Brand Lift”, რომლებიც სარეკლამო აქტივობების ეფექტიანობის შეფასებას ემსახურება. თუმცა ამ ანალიზებიდან მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მცირე ნაწილში აისახება რეალურ საბიუჯეტო გადაწყვეტილებებზე.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დროა. გამოკითხული მარკეტერების 54% ამბობს, რომ ანალიტიკური მონაცემები მათ ძალიან გვიან მიეწოდებათ, იმ დროს, როცა ბიზნესგადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და მათი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიები გამოსავალს ავტომატიზაციაში ეძებენ, თუმცა ამ მიმართულებითაც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არიან. გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ AI-სა და ავტომატიზაციის გამოყენების დონე მათ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ დაბალია.
მნიშვნელოვანი პრობლემაა მარკეტინგისა და ფინანსური დეპარტამენტების ხედვების აცდენაც. კვლევის თანახმად, კომპანიების მხოლოდ 14%-ში თანხმდებიან მარკეტინგისა და ფინანსების ხელმძღვანელები იმაზე, თუ რას ნიშნავს რეალურად მარკეტინგის ეფექტიანობა.
ხშირად მარკეტინგული გუნდები ყურადღებას ამახვილებენ ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ნახვები, ჩართულობა ან დაწკაპუნებები, მაშინ როცა ფინანსური გუნდებისთვის მთავარი ბიზნესშედეგები, გაყიდვები და შემოსავალია.
კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისუსტეც გამოავლინა – კომპანიების 46%-ს მონაცემები სხვადასხვა წყაროდან ერთიან სისტემაში საერთოდ არ აქვს გაერთიანებული, რაც მომხმარებლისა და მარკეტინგული აქტივობების სრულ სურათს მნიშვნელოვნად ართულებს.
გარდა ამისა, მხოლოდ 4% ამბობს დარწმუნებით, რომ შეუძლია ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნოს, რა გავლენას ახდენს მარკეტინგი მოკლევადიან გაყიდვებზე და რა – ბრენდის გრძელვადიან განვითარებაზე.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პრობლემა უკვე ტექნოლოგიებში აღარ არის. თანამედროვე მარკეტინგს ეფექტიანობის გასაზომად საჭირო თითქმის ყველა ინსტრუმენტი აქვს. გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიებმა ეს მონაცემები დროულ ბიზნესგადაწყვეტილებებად აქციონ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როცა მარკეტინგი სულ უფრო აქტიურად გადადის ისეთ ახალ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფლუენსერმარკეტინგი და AI-ზე დაფუძნებული საძიებო სისტემები, სადაც ეფექტიანობის გაზომვის მეთოდები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.
კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში კონკურენტულ უპირატესობას ის კომპანიები მოიპოვებენ, რომლებიც მხოლოდ მონაცემების შეგროვებით არ დაკმაყოფილდებიან და მიღებულ ანალიტიკას სწრაფად და ეფექტიანად გამოიყენებენ ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად.











