პირველად მათიას ჰასი რონის მყინვარს შვეიცარიაში 35 წლის წინ ესტუმრა და ცოტა სიარული მოუწია იმ ადგილიდან მყინვარამდე მისასვლელად, სადაც მშობლებმა მანქანა გააჩერეს. დღეს კი ამ ადგილიდან მყინვარი საათნახევრის სავალზეა! ასეთი ისტორია აქვს მთამსვლელების უმრავლესობას, რადგან მყინვარები სწრაფად დნება…
ბოლოდროინდელი World Meteorological Organization-ის თანახმად, 2024 წელს გრენლანდიისა და ანტარქტიდის გიგანტური ყინულოვანი ფენების გარეთ მყინვარებმა 450 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა — 7 კმ სიმაღლის, 7 კმ სიგანისა და 7 კმ სიღრმის ყინულის ბლოკს უდრის, რომელიც საკმარისია 180 მილიონი ოლიმპიური საცურაო აუზის ასავსებად. მიზეზი, რაღა თქმა უნდა, გლობალური დათბობაა.
შვეიცარიის მყინვარებზე კი ამან განსაკუთრებით იმოქმედა. GLAMOS-ის მიხედვით, ბოლო 10 წელში ყინულის მეოთხედი დადნა. ამ ამბავს კი ახლა ფოტოები გვიყვება — სატელიტური კადრები აჩვენებს, როგორ შეიცვალა რონის მყინვარი 1990 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მას ჰასი ოჯახთან ერთად ესტუმრა. მყინვარის წინ ადრე თუ ყინული იყო, დღეს ტბას ვხედავთ.

აქამდე გლაციოლოგები ალპებში წლის ჭრილში ექსტრემალურ დანაკარგად 2%-ს მოიაზრებდნენ, 2022 წელს კი ეს შვეიცარიის ამბავმა შეცვალა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 6%-მდე მიაღწია, რასაც კიდევ უფრო მძიმე დნობის პროცესი მოჰყვა 2023, 2024 და 2025 წლებში. ამგვარად, ახლა დნობის ტემპი იმაზე სწრაფია, ვიდრე ოდესმე და ეს ყველას აშინებს…

უფრო პატარა მყინვარების შემთხვევაში, მათ შორის შვეიცარიის ალპების ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პიზოლის მყინვარისთვის, ეს მეტისმეტი აღმოჩნდა — მყინვარი, რომელსაც აქამდე გლაციოლოგები იკვლევდნენ, ახლა თითქმის აღარ არსებობს! ეს ფოტოებითაც აშკარა ხდება:

იტალიის საზღვართან ახლოს მდებარე გრისის მყინვარმა კი ბოლო საუკუნეში დაახლოებით 2.2 კილომეტრით დაიხია უკან, იქ, სადაც ადრე მყინვარი მთავრდებოდა, ახლა დიდი ტბაა.

ხოლო თუ ადრე სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში პერსის მყინვარი ოდესღაც უფრო დიდ მორტერაჩის მყინვარს კვებავდა, ახლა ეს ორი ვეღარ ხვდება ერთმანეთს.

და ალპების ყველაზე დიდმა მყინვარმა Great Aletsch ბოლო 75 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.3 კმ-ით უკან დაიხია — იქ, სადაც ყინული იყო, დღეს ხეებს ვხედავთ.

მყინარების დნობის პროცესი საუკუნეებია მიმდინარეობს, მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეებში ამას ეშმაკს მიაწერდნენ და მითებიც კი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ სთხოვდნენ სოფლის მაცხოვრებლები მღვდლებს მყინვარის სულთან დალაპარაკებას… თუ ადრე მიზეზი არ იცოდნენ, დღეს ზუსტად ვიცით, რომ ეს მზარდი ინდუსტრიალიზაციის ბრალია: წიაღისეული საწვავის, განსაკუთრებით კი ქვანახშირის წვამ, ჩვენი ატმოსფერო გაათბო, შესაბამისად, დნობის პროცესი დაჩქარდა.
სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ არც გლობალური ტემპერატურის დასტაბილურება უშველის. მყინვარები დნობას მაინც გააგრძელებს. თუმცა Science-ში გამოქვეყნებული კვლევა მეტად საიმედო შედეგებს გვიზიარებს: მსოფლიოს მთის მყინვარებზე დარჩენილი ყინულის ნახევრის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, თუ გლობალური დათბობა, 1800-იანი წლების ბოლოს არსებულ „ინდუსტრიამდელ“ დონესთან შედარებით, 1.5 გრადუსზე დაბალ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.
ამ ეტაპისთვის არსებული მიმართულება საუკუნის ბოლოსკენ 2.7 გრადუსს მოგვცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყინულის სამმეოთხედს დავკარგავთ. აღნიშნული ზღვის დონის მატებას ნიშნავს, მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის მტკნარი წყლების პრობლემას და მრავალ სხვას… პროფესორი რეჯინ ჰოკი კი გვეუბნება:
„თუ დეკარბონიზაციასა და ნახშირბადის კვალს შევამცირებთ, მყინვარებს შევინარჩუნებთ — ეს ჩვენ ხელთაა“.












