საქართველოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პრემია „საბა“ უკვე 20 ათწლეულს ითვლის და ოცდამეათეში შესასვლელად ემზადება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „საბას“ გუნდი მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს კიდევ ერთ, უნიკალური სიახლეს შესთავაზებს: წლევანდელ „საბას“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“ გამარჯვებულს მკითხველებისგან შემდგარი ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს!
„„მკითხველის საბა“, რომელიც საბას გუნდის ინიციატივაა, ორმაგი სიახლეა ზოგადად ქართული ლიტერატურული პროცესისთვის. ის, ერთი მხრივ, ლიტერატურულ პრემია „საბას“ გახდის კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს, მეორე მხრივ კი აპლიკაცია SABA Reader-ის მკითხველებს წაახალისებს. სწორედ აპლიკაციაში ინტეგრირებული მთვლელი გამოავლენს იმ 5 ადამიანს, რომლებიც სხვებზე მეტ დროს უთმობენ ჩვენს რიდერში წიგნების კითხვისა და მოსმენის პროცესს. ამგვარად, ეს იქნება გამჭვირვალე, ობიექტური და დემოკრატიული პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველებს, გახდნენ პრემია „საბას“ — ყველაზე დიდი ლიტერატურული დღესასწაულის — თანამონაწილენი და გამოავლინონ მათი აზრით საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები“, — ამბობს „საბას“ მარკეტინგის მენეჯერი, ნატა ჟვანია.
აპლიკაციით ყველაზე აქტიური მკითხველების შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყება. სტატისტიკა SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. მკითხველის ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გახდება ცნობილი. 5 მკითხველისგან შემდგარი ჟიური, რომელიც, ტრადიციულისგან განსხვავებით, არ იქნება ანონიმური, გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციისამებრ გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომებიც, სადაც ისინი იმსჯელებენ „დებიუტში“ წარდგენილ წიგნებზე. მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს. „დებიუტის“ ნომინაციაში გამარჯვებულს ტრადიციული ჟიურიც გამოავლენს, ანუ ამ ნომინაციაში წელს 2 ჯილდო გაიცემა.
„საბას“ გუნდმა იფიქრა რისკების დაზღვევაზე, პროცესის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობაზეც. შესაბამისად, „საბას“ მკითხველთა ჟიურის წევრი ვერ გახდება ნომინირებული ავტორის ოჯახის წევრი. ასევე, ჟიურის წევრები ვერ გახდებიან გამომცემლობების თანამშრომლები და ლიტერატორები.
აპლიკაცია SABA Reader „საბას“ გუნდის ინიციატივით 2019 წელს ამუშავდა. ის საქართველოში ელექტრონული წიგნების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომლის ბიბლიოთეკაც დღეისათვის უკვე 7 000-ზე მეტ წიგნს აერთიანებს.
აპლიკაციის ფუნქციონალი სისტემატურად იხვეწება და მარტივდება, რაც რიდერში წიგნის კითხვისა და მოსმენის პროცესს სულ უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის და ყოველწლიურად ათობით ათას ახალ მკითხველს იზიდავს.
„წაკითხული დრო“ სწორედ ის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელიც რიდერს რამდენიმე თვის წინ დაემატა. ეს ფუნქცია, ერთი მხრივ, მკითხველებს ეხმარება, აკონტროლონ რიდერში წიგნების კითხვისა და მოსმენის პროცესი, დაითვალონ დრო და დააკვირდნენ კითხვის პროგრესს — წინა კვირებთან თუ თვეებთან შედარებით; ასევე, დააყენონ კითხვისთვის მათთვის მოსახერხებელი დროის შეხსენების ფუნქცია და, საერთო ჯამში, ჩამოიყალიბონ, გაიუმჯობესონ და ყოველდღიურობად აქციონ წიგნის კითხვის ჩვევები. მეორე მხრივ კი, ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს „საბას“ გუნდს, თვალყური ადევნონ ამ პროცესს და აპლიკაციის მეშვეობით, ობიექტურად გამოავლინონ ის მკითხველები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს დაუთმობენ „რიდერში“ წიგნების კითხვასა და მოსმენას.
ასევე, აღსანიშნავია რიდერში ინტეგრირებული კიდევ ერთი — სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც ტექსტში სიტყვების მთავარი ნაწილი ისეა მონიშნული, რომ მკითხველისთვის სიტყვების აღქმისა და, შესაბამისად, კითხვის პროცესი დაჩქარდეს. საერთო ჯამში, სწრაფი კითხვის ფუნქციის გააქტიურებით, მკითხველი ტექსტის წაკითხვას იმაზე ნაკლებ დროში ახერხებს, ვიდრე ტრადიციული მეთოდით კითხვისას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და ხალხზე მორგებული პლატფორმა, აქ იგულისხმება როგორც SABA Reader, ასევე ლიტერატურული პრემია „საბაც“. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ბრენდის გამაერთიანებელი არის ლიტერატურა. ლიტერატურისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მკითხველია. ყოველი „საბას“ დასრულების შემდეგ მკითხველთა შორის იმართება ხოლმე დისკუსია იმის შესახებ, თუ რომელი წიგნი იმსახურებდა უფრო მეტად პრემიას, თავად რომ ყოფილიყვნენ ჟიურიში, რომელ ტექსტს მისცემდნენ ჯილდოს. და აი, დადგა დრო, როცა ამ უნიკალური სიახლის წყალობით, მათ ეძლევათ შანსი, მართლაც თავად მიიღონ გადაწყვეტილება და გამოავლინონ დებიუტში წარდგენილი წიგნებიდან საუკეთესო!“
ამ შანსის გამოსაყენებლად მკითხველებს და ლიტერატურის მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, ჩამოტვირთონ SABA Reader-ის აპლიკაცია, დაიწყონ კითხვა, იკითხონ რაც შეიძლება ბევრი, გახდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის — „საბას“ ჟიური და გამოავლინონ მკითხველის „საბას“ მფლობელი ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.
ლიტერატურული კონკურის „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას — კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან კი „ლივინგსტონთან” ერთად შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader.
[R]










