18
May
2019

ვისი ქუჩისა ხარ?! – თბილისში “მკითხე მოამბეები” გამოჩნდნენ

18 May 2019

თუ გასული ერთი კვირის განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გიმგზავრიათ, შესაძლოა, შეესწარით “მკითხე მოამბეებს”, რომლებიც მგზავრებს იმ ქუჩის ამბებს უყვებოდნენ, რომელსაც გადიოდნენ. “მკითხე მოამბე“ ერთგვარი კომუნაა და იმ ადამიანებს მოიცავს, რომლებმაც საქართველოს ისტორიისა და გამოჩენილი მოღვაწეების შესახებ ბევრი რამ იციან. მგზავრებს სწორედ ისინი უყვებოდნენ იმ ცნობილ ადამიანებზე, რომელთა სახელებს და გვარებს ჩვენ ყოველდღე მოვიხსენიებთ უბრალოდ ადგილის მოსანიშნად. “მკითხე მოამბე” საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთვის მიძღვნილი კამპანიის “ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” კამპანიის ნაწილია. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ფეისბუკ გვერდი, რომელიც მკითხველს იმ ადამიანებზე უამბობს, ვისი სახელებიც დღეს ქუჩებს აქვთ მინიჭებული.

 

პროექტის მომდევნო ეტაპზე, ქუჩებში დაიდგმება მუზეუმი-სტენდები, რომლებიც საინფორმაციო დანიშნულებას შეასრულებს და იქ შესულ დამთვალიერებელს გააცნობს ამა თუ იმ მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაციას.

იდეა „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ დგას ცოდნის გაზიარებაზე და ამ ფორმით საქართველოს ისტორიის შეხსენებაზე. პროექტის მიზანია, საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მთავარი ქუჩების სახელებისა და გვარების გაცოცხლება, ცნობილი ადამიანების შესახებ ისტორიის მოყოლა და გავრცელება, მათი როლისა და ღვაწლის შეხსენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამით საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გააზრება.

კამპანიაზე სააგენტო “ლივინგსტონმა” იმუშავა.

განხილვა