წარმოიდგინეთ, თქვენი სახლის კედლების დინამიკებად გადაქცევა რომ შეგეძლოთ… ეს მალე რეალობა გახდება, რადგან MIT-ის მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლითაც ფურცელივით თხელ დინამიკს ქმნიან. თანაც, ისეთი მსუბუქია, რომ მის მოთავსებას ნებისმიერ ზედაპირზე შეძლებთ.
ახალი ტექნოლოგია დინამიკებს ულტრა თხელ, მაგრამ მოქნილ და გამძლე მასალად აქცევს. ამასთან ერთად, იგი ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს, იმაზე 10-ჯერ ნაკლებს, ვიდრე თანამედროვე დინამიკები. თუმცა, რადგანაც ეს ტექნოლოგია ჯერ საკმაოდ ახალია, ხმის ხარისხზე ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.
ისიც მართალია, რომ ადრეც არსებობდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ ისინი აუცილებლად ერთი ფორმით უნდა მოგეთავსებინათ… MIT-ის მკვლევრების დინამიკი კი ნებისმიერი ფორმით მუშაობს, იქნება ეს მოხრილი თუ კედელზე ჩამოკიდებული. მეტიც, მას ვიბრაციისა და ჰაერის მოძრაობისთვის ადგილი არ სჭირდება, რაც მკვეთრ ხმას გვაძლევს. ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ამ ტექნოლოგიას ხმაურის შემცირებისთვისაც გამოიყენებენ…
ახლა კი დაფიქრდით, MIT-ის მკვლევრებმა ამ „ფურცლების“ მასიურად წარმოება რომ დაიწყონ, დინამიკად რომელ სივრცეს გადააქცევდით?