in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „ჩემი ცხოვრება დიდწილად შეცვალა იმან, რომ მივხვდი, უნარები როგორ გამომეყენებინა საქმეში“ – მარიამ ტონკო

ფოტო: OK! Magazine Georgia

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე Noem-ის დამფუძნებელი მარიამ ტონკო გვიყვება.

ერთ დღესაც, უბრალოდ, ავდექი და წამოვედი სამსახურიდან, რომ ჩემი საკუთარი საქმე დამეწყო, დღეს რომ ყველა Noem-ის სახელით იცნობს. ახლა გიამბობთ, როგორ მივედი მაგ ეტაპამდე. სტომატოლოგიას ვსწავლობდი, პარალელურად, სამ კლინიკაში ვმუშაობდი, ასისტენტად. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია. ანაზღაურება გზის ფულადაც არ მყოფნიდა. შემდეგ, შემოსავალი რომ მქონოდა, გაყიდვებში დავიწყე მუშაობა – პრომო აქციებზე, ჰორეკა სექტორში, ყველგან, სადაც პირდაპირი გაყიდვები იყო საჭირო. საკმაოდ რთული იყო მაშინ პრომო გოგოდ მუშაობა. დიდ წნეხს გავდიოდით – 200 გოგოდან სულ 12 უნდა აერჩიათ. ყურადღებას აქცევდნენ გარეგნობას, მეტყველებას, გაყიდვების უნარებს. ბევრი რამისთვის უნდა გაგეძლო – თუ სუსტად ყიდდი, ამოვარდებოდი სიიდან. ამ საქმემ მასწავლა ქასთინგებზე სიარული, ამტანობა, ბრძოლისუნარიანობა, კონკურენტუნარიანობა. ძალიან დიდი ბრძოლის ფასად მიწევდა ქასთინგებზე მონაწილეობა. ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ხალხთან კონტაქტი, მაგრამ ფული მჭირდებოდა და აღმოჩნდა, რომ გაყიდვებიც გამომივიდა.

მომსახურებაში მუშაობამ მასწავლა ადამიანების შეგრძნება. არასოდეს შემიწუხებია ადამიანები იმის გამო, რომ უფრო მეტი გამეყიდა. მერჩივნა ფიზიკურად მეტი მევლო და დავკვირვებოდი ადამიანებს – ვის ჰქონდა ყიდვის უფრო მეტი მზაობა.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი – დილის 7 საათიდან, ხანდახან ღამესაც ვათევდი. სხვადასხვა სამსახურიდან გამომუშავებულ თანხას ვაგროვებდი. არც არავინ მეუბნებოდა მადლობას, არც მეკითხებოდნენ, მეცალა უკვე. ერთხელაც, როგორც კი შევძელი, რომ მეყიდა კარადა და მანამდე, ჩემოდანში ჩალაგებული ნივთები თაროებზე დამეწყო, შევიძინე საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც აუცილებელია სახლში, სამსახურიდან წამოვედი. ცოტა დრო მივეცი საკუთარ თავს, რომ ამომესუნთქა. მაგ დროს მომივიდა აზრად, რომ თავად მეცადა რაიმეს გაყიდვა. ეს ყველაფერი ონლაინ დავიწყე და ძალიან მომეწონა. რატომღაც თავიდან ვფიქრობდი, რომ ტორტები გამომეცხო და გამეყიდა. დღემდე, Noem-ის გვერდის ისტორიაში ჩანს, რომ ადრე „ტორტები“ ერქვა.

საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, როდესაც რაღაც სიახლეს იწყებ. ბიზნესი უსასრულო რამაა, არასოდეს ხარ შეზღუდული – რამდენად რისკიანია უკუსვლის კუთხით, იმდენად არის ალბათობა, რომ წინ წახვიდე. ჩემი ცხოვრება დიდწილად შეცვალა იმან, რომ მივხვდი, ჩემი უნარები როგორ გამომეყენებინა საქმეში.

Noem, დღეს, არის ბიზნესზე მეტი. ეს იყო გვერდი, რომელიც ადამიანს ესაუბრებოდა. სულ ვფიქრობდი, რა უნდა ეწეროს ამ გვერდზე ისეთი, რაც შეშინებულ, ცუდად მყოფ ადამიანს გაამხნევებდა და გააძლიერებდა. ამან ჩემთან მოიზიდა ჩემნაირი ადამიანები და ეს გვერდი იქცა ფართო სასაუბრო პლატფორმად. შემდეგ, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე, თუმცა ის პერიოდი, როდესაც არაფერს ვპოსტავდი, რადგან ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, ადამიანები მაინც წერდნენ და ინტერესდებოდნენ, რატომ არ ვპოსტავდი. ეტაპობრივად, გვერდს დაუბრუნდა ის დიდი ენერგია, რასაც გასცემდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემზე კი არ არის დამოკიდებული Noem, არამედ დამოუკიდებელი ბრენდია, რომელმაც კვლავაც გამომაცოცხლა. ზოგისთვის Noem შთაგონებად იქცა, რომ საკუთარი საქმე დაეწყოთ, ზოგს იმედი და მოტივაცია მისცა ჩემმა წამოდგომამ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ნაწერები – ცალკეული კომენტარები კიდევ უფრო საოცარი თავგადასავალია. როდესაც ადამიანებს მოსწონთ ის ემოცია, რასაც უზიარებ, მათ შენი პროდუქტიც მოსწონთ. მაგალითად, შარშან მქონდა გულების კოლექციები – ზოგი გარდაიქმნებოდა, ზოგი იყო „ტირილის“ გული, რომელიც ნეგატიურ წარსულზე საუბრის სიმბოლიკად შევქმენი. საოცარი იყო, რომ უამრავმა გოგომ სწორედ ასეთი მძიმე ასოციაციის მქონე სამკაულის შეძენა და ტარება გადაწყვიტა… ჩემთვის Noem-ის ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომ დღეს, ჩემი საქმიანობით ქალებს ვაჯერებ, რომ ეს სამყარო არაა ისეთი ცუდი, როგორიც ჰგონიათ.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

იაპონური ბრენდის, ARAI-ს ჩაფხუტები უკვე „პიტსტოპ მოტოშია”!

ლიბერთისა და ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა