in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „იმის გამო, რომ რაღაც ახალი და განსხვავებულია, უკან არ უნდა დაიხიო“ – თეო ლეჟავა

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე Namai-ის დირექტორის მოადგილე თეო ლეჟავა გვიყვება.

ცხოვრებაში, არაერთხელ ვმდგარვარ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, თუმცა ამჯერად, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შესახებ მოგიყვებით, რამაც სრულიად განსხვავებულ სფერომდე მომიყვანა. სულ ცოტა ხნის წინ, დავემშვიდობე საბანკო სფეროს, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. გადმოვინაცვლე აბსოლუტურად უცხო სფეროში, თან ისეთ დროს, როდესაც მე-7 ბავშვს ველოდები. ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი იმიტომაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ გარდამტეხი კარიერული ცვლილება მოწიფულ ასაკში გადავწყვიტე.

ახლა კი, ჩემთვის საკმაოდ  ახალ – დეველოპერულ სფეროში გადმოვინაცვლე – კომპანია Namai-ში, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ჩვენს ქვეყანაში ეს ინდუსტრია საკმაოდ აქტიური და დინამიკურია, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. უკვე დაგროვილი გამოცდილების გამოყენების პარალელურად, უამრავი ახალი საკითხის სწავლის საშუალება მომეცა, რაც ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანი საკმაოდ რისკიანად შეიძლება ჩაითვალოს, ამაზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, შემდეგ ერთხელაც – „წკაპ!“ და გადავწყვიტე. ამის შესახებ გამოვაცხადე და ამით უკან დასახევი გზა არ დავიტოვე, არც იქნებოდა სწორი.

სწორედ ასეთი სიახლე მწყუროდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მიმართულება მებარა, მენატრებოდა ყოველდღიურობიდან მიღებული ახალი მიგნებები. გამოცდილებიდან გამომდინარე იმდენად სწრაფად და კომფორტულად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ აღარ მქონდა „გამოწვევების“ განცდა. არადა, ძალიან მარტივია, რომ „შეიფერო“ ეს მდგომარეობა და იყო გრძელვადიან კომფორტში. ასე მგონია, ეს გადაწყვეტილება ახლა რომ არ მიმეღო, კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ერთსა და იმავე ადგილას.

ალბათ, ეს ყველაფერი საკუთარ თავთან გულწრფელობას უკავშირდება. არ მინდოდა შემშინებოდა ახალ მიგნებამდე მისვლა. რა თქმა უნდა, კარგად უნდა აწონ-დაწონო გადაწყვეტილების გონივრულობა და ემოციების ფონზე არ მიიღო. თუმცა, იმის გამო, რომ რაღაც ახალია, განსხვავებულია და ეს გიჩენს ფიქრებს – შეძლებ? არის აქ შენი ადგილი? რას აკეთებ აქ? – უკან არ უნდა დაიხიო. ახლა, ამ სფეროში, სრულიად ახალ საკითხებში მიწევს გარკვევა, რაც ენთუზიაზმით მავსებს. ასე მგონია, პატარა ვარ, ახლა დავამთავრე უნივერსიტეტი, დავიწყე პირველი სამსახური და იმედითა და შემართებით შევყურებ ჩემს კარიერულ მომავალს.

ალბათ, ისიც საინტერესოა, რომ გამოკვეთილად ახლის ძიების პროცესი არ მქონია. ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური. ვგრძნობდი, ცვლილების დრო იყო, თუმცა არ ვფიქრობდი იმაზე, ზუსტად რა სიახლე მჭირდებოდა, უფრო მეტად საკუთარ თავს, სურვილებსა და საჭიროებებს ვაკვირდებოდი. აღარ მომწონდა, საქმეს ძალიან ადვილად რომ ვაკეთებდი. ბუნებით მოუსვენარი ვარ, მიყვარს საყვარელი საქმისთვის ბოლომდე დახარჯვა, მიმართულებებს ნულიდან რომ ვაწყობ და ამით ვიღებ ადრენალინს. შესაბამისად, მაქვს მოთხოვნილება, ვიყო ცვლილებების ინიციატორი, ბიძგი უკეთესი მოცემულობისკენ. ეს ძალიან დიდი საკვებია ჩემთვის, რუტინისა და კომფორტისაგან განსხვავებით. არადა, ჩემი მოცემულობიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე ბუნებრივი სწორედ კომფორტის ზონაში დარჩენა იქნებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ბევრად მეტი შემეძლო.

მეტი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ამ საქმემ ისეთი ენერგიით ამავსო, რაც ყველაფერზე დადებითაც აისახა – კიდევ უფრო პროდუქტიული გავხდი ოჯახის წევრებთან, მეტად ხარისხიანად ვატარებ მათთან ერთად დროს. ამ სიახლემ ჩემში გააღვიძა ცნობისმოყვარეობა და დამიბრუნა სილაღე, რაც ძალიან მომწონს. ამას გარშემომყოფების შეფასებებითაც ვგრძნობ. მახარებს ისიც, რომ სხვებისთვის მოტივაცია აღმოჩნდა ჩემი ასეთი ნაბიჯი. რამდენიმე ადამიანმა მომწერა კიდეც, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ კარიერული ცვლილებების გამბედაობა შემატათ. თუკი ადამიანს აქვს ის სურვილი, რომ უფრო მეტად გაშალოს ფრთები და ცნობისმოყვარეობით შეუდგეს ახალ საქმეს, რატომაც არა?

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

American Express – ფურცელზე დაბეჭდილი პირველი ბარათიდან წამყვან ბრენდამდე

Ask Dali — სალვადორ დალის AI რეინკარნაცია