in ,

როგორ იქმნება მობილური აპლიკაციები და რა ბიუჯეტია საჭირო სრულყოფილი აპის შესაქმნელად

მობილური აპლიკაციები დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი მომხმარებლებს საქმეს გვიმარტივებს, მათი მეშვეობით რამდენიმე კლიკით შეგვიძლია სასურველი სერვისის მიღება. აპლიკაციები კომფორტულია მოხმარებისთვის და მოკლე დროში გვაკეთებინებს იმას, რაზეც მათ შექმნამდე შეიძლება უამრავი დრო გვეხარჯებოდა. 

რის აპლიკაციას აღარ იხილავთ დღეს: გასართობით დაწყებული, პროდუქტების შეძენითა და ყოველდღიური სიახლეების მიღებით დამთავრებული. ჩვენ მათ ინტერფეისს მარტივად ვსწავლობთ, რადგან კარგი აპლიკაცია, როგორც წესი, მომხმარებელზეა მორგებული, თუმცა თუ ტექნოლოგიურ სფეროში არ ვსაქმიანობთ, არ ვიცით, რა ხდება მათ შიდა მხარეს, ანუ როგორ იქმნება ისინი.

ჩვენი რესპონდენტი, ანდროიდ დეველოპერი და ამ მიმართულების ლექტორი, თორნიკე კაჭკაჭიშვილი გვესაუბრა აპლიკაციების შექმნასა და სავარაუდო ხარჯებზე, რომლებიც ამ საქმეს უკავშირდება.

M: რამდენი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება ერთი მობილური აპლიკაციის შექმნას?

გააჩნია, რამდენად დიდი და კომპლექსური მობილური აპლიკაცია არის შესაქმნელი. არსებობს აპლიკაციები, რომელთაც სჭირდებათ გარკვეული ფუნქციონალები, მაგალითად, შეიძლება ჩვენი მიზანი იყოს სოციალური ქსელის აპლიკაციის შექმნა, რომელსაც სჭირდება გარესამყაროსთან კავშირი ინტერნეტის მეშვეობით, ხოლო შეიძლება ჩვენი მიზანი იყოს  მარტივი to do list აპლიკაციის შექმნა. პირველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ისეთი ფუნქციონალები, როგორებიცაა ავტორიზაცია, რეგისტრაცია პაროლის აღდგენა და ა.შ. მეორე შემთხვევაში კი, ეს ფუნქციონალები შესაძლოა, რომ არ გავაკეთოთ.

დიდი ზომის აპლიკაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, ტაქსისა და საჭმელის გამოძახების, ფინანსური და სოცქსელების აპლიკაციები, როგორც წესი, ადამიანების ჯგუფები მუშაობენ, რომლის შემადგენლობაში არა მარტო დეველოპერები არამედ ux და ui დიზაინერები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები (იგივე ტესტერები) და სხვა პროფესიის ადამიანები შედიან. ასეთი ზომის აპლიკაციების შექმნას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს, თუმცა დღეს ტექ სფეროში ძალიან პოპულარულია აპლიკაციების გაშვებისას MVP  მიდგომა MVP იშიფრება როგორც minimum viable product და გულისხმობს პროდუქტის იმ მინიმუმი ფუნქციონალით გაშვებას უახლოეს დროში, რომლის გამოყენება მომხმარებელს შეეძლება მომავალში ფიჩერების დამატების პირობით. 

ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არსებობს ორი ძირითადი მობილური ოპერატიული სისტემა: ანდროიდი და iOS. მათი დეველოპმენტი შესაძლოა მოხდეს როგორც ცალკე (Native მიდგომით), ასევე ერთი დეველოპერის მიერ (Cross platform app development). როდესაც უფრო  მნიშვნელოვანია აპლიკაციის ხარისხი, კომპანიები Native მიდგომას არჩევენ, ხოლო, როდესაც დრო უფრო მნიშვნელოვანია, ისინი cross platform development-ს ირჩევენ – ასეთები არიან ძირითადად სტარტაპები და მცირე კომპანიები. 

M: პროგრამირების რომელი ენები გამოიყენება მობილური აპლიკაციის შესაქმნელად?

როდესაც Native მიდგომით ვწერთ აპლიკაციებს, android-ის შემთხვევაში აპლიკაცია შეგვიძლია დავწეროთ Kotlin ან java-ზე. iOS ის შემთხვევაში Swift პროგრამული ენის ცოდნა დაგვჭირდება.

თუ აპლიკაციების cross platform-ულად დაწერას ვაპირებთ, ეს უკვე ფრეიმვორკზეა დამოკიდებული.

M: რა პროცესები და ნაბიჯებია საჭირო, რომ მობილური აპლიკაცია დამზადდეს და ჩაეშვას?

მობილური აპლიკაციების დამზადება, ერთი შეხედვით, მარტივი და სწორხაზოვანი პროცესი ჩანს, თუმცა ხარისხიანი აპის გასაკეთებლად საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს და სხვადასხვა პროცესი გაიაროს. 

იდეის გაჩენის შემდეგ აუცილებელია, ვალიდაცია გავუკეთოთ იმას, რომ ჩვენს აპლიკაციაზე მოთხოვნა იქნება მომხმარებლებში და მას გამოიყენებენ, ამაზე UX მკვლევარების ჯგუფი იზრუნებს. შემდეგ მთავარი მიზანი აპლიკაციის დიზაინის შექმნაა, რაშიც დიზაინერებთან ერთად დამკვეთიც ჩართულია. აქვე ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დიზაინი მოეწონება მომხმარებელს, ამიტომ საჭიროა, რომ აპის დიზაინმაც გაიაროს გაუმჯობესებები. 

როგორც კი გვექნება აპლიკაციის თუნდაც, ერთ-ერთი ნაწილის დიზაინები, შეგვიძლია დავიწყოთ დეველოპმენტი. ამ პროცესში შესაძლოა მობაილ დეველოპერებთან ერთად საჭირო გახდეს ბექენდ დეველოპერის ჩართულობაც. ასევე საჭიროა, რომ როცა ეს პატარა ნაწილი (ფიჩერი) დასრულდება, გაიტესტოს აპლიკაცია ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის მიერ. თუ ისინი აღმოაჩენენ ხარვეზებს (ბაგებს) ფუნქციონალში, უნდა აცნობონ დეველოპერს და იმან აუცილებლად უნდა გაასწოროს ეს ხარვეზები.

როგორც კი დავრწმუნდებით, რომ აპლიკაცია შეგვიძლია მომხმარებლამდე მივიტანოთ უნდა გამოვაქვეყნოთ იგი შესაბამისი ოპერატიული სისტემების აპლიკაციების მარკეტებზე – iOS-ის შემთხვევაში App Store და ანდროიდის – play store ზე, გამოქვეყნების შემდეგ საჭიროა აპლიკაციებზე მუდმივი ზრუნვა და განვითარება რათა ჩვენი მომხმარებელი ბედნიერი გვყავდეს. 

M: და ბოლოს, დაახლოებით რა ბიუჯეტი სჭირდება დამკვეთისგან ერთი სრულყოფილი აპლიკაციის შექმნას?

ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დაკავშირებულია პირველი კითხვის პასუხთან.  აპლიკაციის ფინანსური ხარჯი მასზე დახარჯული რესურსის  პირდაპირპროპორციულია. აქ მნიშვნელოვანი დეველოპერების გამოცდილებაა, რაც უფრო გამოცდილია დეველოპერი, მით უფრო მაღალია მათი ანაზღაურება და შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ აპლიკაცია უფრო გამართული იყოს და მისთვის დაწერილმა კოდმა გაუძლოს დროს. 

აღსანიშნავია, რომ დეველოპერები ზოგჯერ არა პროექტის მიხედვით, არამედ საათობრივად იღებენ ანაზღაურებას, რათა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაკარგონ დრო ტყუილად. ყველა დეტალის გათვალისწინებით, აპლიკაციის ხარჯი შეიძლება ნებისმიერი იყოს – 5000 ლარიდან 100 000 ლარამდე, აპლიკაციის ზომისა და მოთხოვნების მიხედვით.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Johnson & Johnson-მა 135 წლის შემდეგ ლოგო პირველად განაახლა

შოთა არველაძე, გიორგი ქვლივიძე და ეკა ყიფიანი Mrktrg-ის პანელურ სცენაზე [Ad Black Sea 2023]