საუკუნეებთან ერთად კაცობრიობა სხვადასხვა მეთოდით იხდიდა ამა თუ იმ შენაძენის საფასურს. იყო დრო, როცა პროდუქტს პროდუქტის სანაცვლოდ იღებდნენ, შემდეგ გაჩნდა ფული, მონეტები, ქაღალდის კუპიურები. თავის დროზე ყველაზე დიდი ინოვაცია ამ ევოლუციაში ბარათით გადახდა იყო, როდესაც ტერმინალზე სიფრიფანა ბარათის გადატარებით ნებისმიერი მომსახურების მიღება გახდა შესაძლებელი.
თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ტექნოლოგია არც ამაზე გაჩერდებოდა და ციფრულ გადახდის მეთოდებს შემოგვთავაზებდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბარათებს ისევ აქტიურად ვიყენებთ, მის პარალელურად გაჩნდა უკონტაქტო გადახდა, რომელიც უამრავ დროს ზოგავს და მომხმარებლისთვის ძალიან პრაქტიკული იმ მხრივაც არის, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ციფრული საფულე სულ ჩვენ გვერდითაა, არ იკავებს ზედმეტ ადგილს, არის დაცული და გვიმარტივებს პროდუქტის ყიდვასა თუ სერვისის მიღებას, რაც შენაძენს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. შესაბამისად, ჩვენი სმარტფონი არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის საჭირო ხელსაწყოდ, არამედ საყიდლებზე სიარულისთვის საჭირო ატრიბუტად იქცა.
ციფრული გადახდების არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ თავად პროდუქტის მიმწოდებელი ბიზნესისთვისაც. ის ზოგავს კომპანიის ხარჯებსა და დროს, ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას და, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის გადამწყვეტია, ზრდის მისი მომხმარებლების ლოიალობას, რაც მათ რაოდენობასა და დადებით უკუკავშირებზე აისახება.
ციფრული ტრანსფორმაციის ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული VISA, რომელიც 60 წელზე მეტია არსებობს და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. პირველი ტექნოლოგიის გაჩენასთან ერთად, ბრენდმა დაიწყო ზრუნვა, რომ მომხმარებლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გადახდის თანამედროვე მოდელით სარგებლობა შეძლებოდათ. ის ხელს უწყობს ელ.კომერციის განვითარებას, ბანკებთან ერთად მუშაობს ონლაინ გადახდების გაუმჯობესებაზე და მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო, ლოკალურ ბაზარზე VISA-ს ბარათებით შესრულებული უკონტაქტო გადახდების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2019 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც დაინერგა Apple Pay, ხოლო 2022 წლის 15 ნოემბრიდან, VISA-ს დახმარებით, ქართველ მომხმარებელს უკვე Google Pay-თ სარგებლობაც შეუძლია, რაც განსაკუთრებით ანდროიდის მომხმარებლებისთვის გახდა სასიხარულო.
VISA-ს პარტნიორი კომპანიები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ციფრულ გადახდებთან დაკავშირებით. მაგალითად, ასე შეგვიფასა მობილური გადახდების გამოცდილება ნინო კვერნაძემ, აჭარა ჯგუფის სასტუმროების აღმასრულებელმა დირექტორმა:
„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრების დიდმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო ციფრული სერვისებით სარგებლობა და ბარათსა თუ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას უკვე თანხის სმარტფონით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვე ტენდენციებს – უფრო მეტიც, უნდა ეცადოს, რომ თავად იყოს ლიდერი და ტექნოლოგიები სიახლეების დასანერგად გამოიყენოს. ვფიქრობ, ჩვენთვის სმარტფონებით გადახდაზე გაზრდილი მოთხოვნა კომფორტულია, რადგან ამ მეთოდს სტუმრები ამჯობინებენ, მათი ინტერესები კი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია”.
მობილურ გადახდებს ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა მათ შორის ოთხი ძირითადის დასახელებას თუ გვთხოვენ, ალბათ ეს ფაქტორები უნდა გამოვყოთ: სისწრაფე, მოხერხებულობა, უსაფრთხოება და პოპულარობა.
სისწრაფე – საფინანსო ინსტიტუტები მობილურით გადახდებს თვალის დახამხამებაში ამუშავებენ;
მოხერხებულობა – მობილური გადახდები აღმოფხვრის ბარიერს მომხმარებლის შესყიდვების დასრულებაში;
უსაფრთხოება – მობილური გადახდები კომერციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ფორმაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი შესრულებულია მობილურ მოწყობილობებზე, რომლებიც, როგორც წესი, საჭიროებენ ავთენტიფიკაციის გარკვეულ ფორმას, როგორც წესი, თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის ან პაროლის სახით.
პოპულარობა – როგორც კვლევები გვიჩვენებს, მობილური გადახდების გამოყენებით
მომხმარებელი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე მის გარეშე გადახდისას. ამასთან, მას უყვარს სიახლეები და ინოვაციები, რომლებიც ცხოვრებას უმარტივებს და ბოლოს, მომხმარებელს უყვარს, როცა სარგებლობს პოპულარული სერვისით.
„ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია ყველა მხრივ თანამედროვე და მარტივ სამუშაო პროცესებზე, რომელიც ხელს უწყობს დროისა და ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციას და ამასთან, არის ნაკლები საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ციფრული გადახდები საკმაოდ აქტუალურია და ფაქტობრივად, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ინტენსიურად გამოიყენება.
ვფიქრობ, მობილურით გადახდებმა კიდევ უფრო მეტად გაამარტივა კომპანიაში ბიზნეს პროცესები და შესაბამისად, აძლევს ორგანიზაციებს ფართო შესაძლებლობას, რომ სწრაფად განვითარდნენ. ბოლო წლებია მომხმარებლები უფრო მეტ ტრანზაქციას ახორციელებენ ონლაინ რეჟიმში, როდესაც ხედავენ ონლაინ გადახდების სიმარტივეს, მოხერხებულობასა და უსაფრთხოებას, რაც გაყიდვების დამატებითი არხია კომპანიისთვის. მაგალითად, „ჯიპისის” აპლიკაცია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან მომხმარებელს ძალიან მარტივად, მობილურზე რამდენიმე დაწკაპუნებით შეუძლია, სახლში მიიღოს ჩვენი სააფთიაქო ქსელიდან მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი”, – თიკო ფეიქრიშვილი, ჯიპისის საცალო ქსელის ხელმძღვანელის მოადგილე.
თავისი გამოცდილება უკონტაქტო გადახდების კუთხით არტემ კოლოსიუკმა, Glovo საქართველოს გენერალურმა მენეჯერმაც გაგვიზიარა:
„როგორც Glovo, ჩვენ მხარს ვუჭერთ მობილურით გადახდას, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი და ასევე ძალიან კომფორტული გამოსაყენებლად. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე კამპანია ექსკლუზიურად Visa apple pay-სა და Google Pay-ს კლიენტებისთვის.
უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავნერგეთ ციფრული გადახდები აპლიკაციაში, შევიძინეთ უამრავი ახალი მომხმარებელი. გადახდის ეს მეთოდი ყველაზე სწრაფად მზარდი მეთოდია Glovo-ში.
ვფიქრობ, ზოგადად, გაციფრულების ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მხარი უნდა დავუჭიროთ მობილურ გადახდებს, მომხმარებლის უკეთესი გამოცდილების გამო”.
როგორც გადახდების ევოლუცია გვიჩვენებს, ის მუდამ ვითარდებოდა და ახალ ფორმას იძენდა, ამიტომ ალბათ არც მობილურ გადახდებზე გაჩერდება და სამომავლოდ ახალ ფორმებს შემოგვთავაზებს. საინტერესოა, კიდევ რა ინოვაციური ტექნოლოგიით გადაიხდიან მომავალი თაობები 50, 100 წლის შემდეგ, თუმცა დღესდღეობით ყველაზე მოქნილი სერვისები ჩვენს განკარგულებაშია და ცხოვრებას ნამდვილად ბევრად მარტივს ხდის, ვიდრე ეს აქამდე იყო.