in

რატომ არ შეიძლება ბავშვების დასამშვიდებლად მობილური მოწყობილობების გამოყენება? — კვლევა

M2
M2

დღესდღეობით ბავშვების გასართობად და დასამშვიდებლად ხშირად მიმართავენ კომპიუტერულ გაჯეტებს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ეს მათი ფსიქიკისთვის საზიანოა. ცხადია, აღნიშნული დასკვნა ერთჯერად და იშვიათ შემთხვევებს არ ეხება — აქ საუბარია მუდმივ დამშვიდების მეთოდად გამოყენებაზე.

2018-2020 წლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ იყენებდნენ 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები გაჯეტებს თავის დასამშვიდებლად. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებში ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ემოციურ რეაქტიულობასთან და დისრეგულაციასთან. ხშირად სწორედ ეს ხდება განწყობის სწრაფი ცვალებადობისა და გაზრდილი იმპულსურობის მიზეზი.

აღნიშნული ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებსაც ისედაც ახასიათებს ჰიპერაქტიურობა, იმპულსურობა და მოუსვენრობა. მარტივად, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას ხელს უშლის, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

„შესაძლოა, მცირეწლოვანი ბავშვის დასამშვიდებლად მობილური მოწყობილობების გამოყენება უვნებელი ქმედება გეგონოთ. ხშირად ამ გზას ოჯახში სტრესის შესამცირებლადაც მიმართავენ, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა აქვს, თუ ეს რეგულარულ დამამშვიდებელ სტრატეგიაში გადაიზრდება. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევს“, — განმარტავს ჯენი რადესკი, პედიატრი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, არიან ბავშვები, რომელთა დამშვიდებაც რთულია ხოლმე — ისინი ძლიერ ემოციებს ავლენენ და მშობელი/აღმზრდელი „იძულებული ხდება“, ყურადღების გადასატანად სწორედ კომპიუტერული მოწყობილობა გამოიყენოს. როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს დამშვიდების ეფექტი, მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ემოციურ განვითარებაში ხანგრძლივი და გაცილებით სერიოზული უსიამოვნებები გამოიწვიოს, ვიდრე ბავშვის ტირილია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს. თანაც, დღეისათვის გაჯეტების სრული აღმოფხვრა შეუძლებელიც კია — მთავარია, შემთხვევების რაოდენობა ხშირი არ იყოს.

„რთული ქცევის სამართავად მოწყობილობების გამოყენების ჩვევა დროთა განმავლობაში ძლიერდება, რადგან მატულობს ბავშვების მოთხოვნები. რეგულარული ხასიათით გამოყენება კი ბავშვებსა და მშობლებს ხელს უშლის, ემოციური სირთულეების დაძლევის სხვა სტრატეგიები შეიმუშაონ“, — განმარტავენ მკვლევრები.

აქვე მეცნიერებმა ბავშვების დამშვიდების რამდენიმე გზაც შემოგვთავაზეს — მათ შორის, მუსიკის მოსმენა, პლასტილინით თამაში, ბატუტზე ხტომა და ემოციების ხმამაღლა აღწერა. ასევე, შეგრძნებების ფერით კოდირება პატარებს ეხმარება, ისწავლონ, ამოიცნონ და გაიგონ თავიანთი განწყობები, რათა შემდეგ ადვილად გამოხატონ. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, ამ ვარიანტების განხილვა და ახსნა მანამდე მოხდეს, ვიდრე ბავშვები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სიმშვიდეს.

მარი აგლაძე – #პირველისამსახური

2023 წლიდან თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება იქნება – #თიბისიგანათლებისთვის