in

3 პროგნოზი 2023 წლის მოდის ტენდენციების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება, პანდემიამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი გადაწყვეტილებაზე, თუ როგორი ტანსაცმელი ავირჩიოთ. თავიდან მთელი დღე პიჟამა გვეცვა, Zoom-ის შეხვედრებმა კი ყურადღება ისეთ ზედატანებზე გადაგვატანინა, რომლებიც კამერაში უფრო კარგად გამოჩნდებოდა. როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ვნახეთ, რომ მოდა შეცვლილია, რომ რაღაცები ისე აღარ არის, როგორც პანდემიამდე.

მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ 2023 წელს ახალი ნორმები გააქტიურდება. ისინი გვიზიარებენ პროგნოზს, თუ რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ტენდენციებში.

ჯინსის ახალი სილუეტი

ცნობილი ფაქტია, რომ ჯინსის სილუეტები სიცოცხლის ციკლს გადის. 70-იან წლებში თუ სხვანაირი დაბოლოებები იყო მოდაში, 90-მა წლებმა დაბალწელიანი ჯინსები შემოიტანა ბაზარზე. ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური მოტკეცილი ჯინსი იყო, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის სიტუაცია შეიცვლება და მომხმარებლის გემოვნება უფრო თავისუფალი სტილის ჯინსისკენ გადაიხრება, რომელსაც ფართო დაბოლოებები აქვს. ისინი იდეალურად უხდება მაღალძირიან, ფეხზე მოტკეცილ ჩექმებს, რომლებიც ახლა მოდაშია.

2023 წელს ოფისებში ისევ პიჯაკებით ვივლით

ბოლო წლებში საოფისე ჩაცმულობა ძალიან შეიცვალა. ის მოერგო თავისუფალ, ყოველდღიურ სტილს. ამაში ისევ და ისევ პანდემიამაც შეიტანა წვლილი, რადგან ადამიანები მიეჩვივნენ მათთვის უფრო კომფორტულ ფორმაში მუშაობას. შესაბამისად, ისეთი ინსტიტუტებიც კი, როგორიც სამართალი და საბანკო სფეროა, შედარებით შერბილდნენ თანამშრომლებისთვის დრესკოდის დაწესებაში. 

ამის მიუხედავად, მოდის ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ 2023 წლისთვის თავისუფალი სტილისა და პიჯაკების ჰიბრიდს ვიხილავთ, რადგან მათზე მოთხოვნა უკვე საგრძნობლად მაღალია. ზოგიერთმა ბრენდმა უკვე გამოაცხადა, რომ პიჯაკები ახლა უფრო იყიდება, ვიდრე ოდესმე. 

ვიყიდით ნაკლებ ტანსაცმელს

კიდევ ერთი მოსალოდნელი ტენდენცია ტანსაცმელზე ნაკლები ფულის დახარჯვაა. ბოლო დროს განვითარებულმა ინფლაციამ ნეგატიური გავლენა იქონია მომხმარებლის ბიუჯეტსა და თავად სამოსის ფასზეც, ამიტომ პროგნოზი იქით იხრება, რომ ადამიანები ხშირად კი არ იყიდიან ტანსაცმელს, არამედ არჩევანს ხარისხსა და გამძლეობაზე გააკეთებენ. ისინი მზად იქნებიან უფრო მეტი დახარჯონ ერთჯერადად, ვიდრე ნაკლები, მაგრამ ხშირად განაახლონ გარდერობი. ამ ბოლო მოსალოდნელ პროგნოზს გარემოსდამცველებიც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ეს გარემოსთვისაც სასიკეთო იქნება.

შეჯამებისთვის იმასაც გვეუბნებიან, რომ 2023 წლის მოდა მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, ექსპერტები ფერად, მაქსიმალისტურ სტილზე გათვლილ ტენდენციებს ელოდებიან როგორც ბრენდებისგან, ისე მომხმარებლებისგან. როგორც ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელი, ლორეტა ჩოი აცხადებს, ადამიანებმა, როგორც იქნა, დააღწიეს თავი პანდემიას, ამიტომ ისინი აუცილებლად ეცდებიან ამის გამოხატვას ტანსაცმელში.

„თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა…“ – ევექსი კლინიკების გზავნილი, დათო ტურაშვილთან და მაია აბაშიძესთან ერთად

რას ნიშნავს Orange Leadership? — ინტერვიუ ნინო ბერუაშვილთან