in

Model T, როგორც ჰენრი ფორდის ეპიკური პოემა

დღევანდელი, თანამედროვე გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, Ford Model T უბრალოდ კომიკურ ძველ მანქანას ჰგავს: შავი, მაღალი, უსუსური სამგზავრო კორპუსით, პატარა განყოფილებით ძრავისთვის, მკვეთრი ნათურებით და მანქანა, რომლის აწყობის დროსაც საერთოდ არ უფიქრიათ აეროდინამიკის მნიშვნელობაზე. 

როდესაც მას ახლა უყურებთ, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ის ფეხის წვერებზე დადის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვსაუბრობთ მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებზე, როცა მანქანების წინამორბედები ეტლები და სამბორბლიანი ველოსიპედები იყო, მაშინ შეიძლება ხედვის დიაპაზონი ცოტა შევცვალოთ.

ის, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია T-ში, არის მისი საოცარი გამჭვირვალობა. მანქანა „შიშვლად” გვაჩვენებს თავის კონსტრუქციას. მისი დაშლა ერთი ხრახნითა და ერთი ქანჩით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მანქანის გაყიდვებმა პიკს მიაღწია. Sears Roebuck-ის კატალოგმა კი ფორდს შესთავაზა 5000 აქსესუარი, რომელიც მომხმარებელს შეეძლო მანქანაზე დაემაგრებინა.

თავის მფლობელებში  Ford Model T დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მას სხვადასხვა კნინობითი მეტსახელით მოიხსენიებდნენ: Tin Lizzie, flivver, jalopy და სხვა. 

წლების შემდეგ T კომიკური გახდა მისი მყიფე ვიზუალის გამო. ეს კომიკურობა კარგადაა ასახული ფილმებშიც. მაგალითად, ფილმში Slippery Pearls ნაჩვენებია ეპიზოდი, სადაც Model T-ში სამი პერსონაჟი ზის. ორი წინ და ერთი, ჭკვიანი გარეგნობის მამაკაცი, რაღა თქმა უნდა, ქუდით, რადგან ქუდი იმ დროს ამერიკელი კაცების განუყოფელი აქსესუარი იყო. ეპიზოდში ჩანს, როგორ ყვირის მანქანის სიგნალი და გაჩერების მომენტში მანქანა ნაწილებად იშლება. ფილმი გადაღებულია 1931 წელს, მოდელი T-ის წარმოების დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ.

თუმცა ხუმრობები იქით რომ დავტოვოთ, უნდა ვთქვათ, რომ იმ პერიოდში სიტყვა „მანქანა” Model T-ს ნიშნავდა. ეს სხვა არცერთ მოდელს არ გაუმეორებია მომავალში. მას უფრო დიდი კულტურული ღირებულება ჰქონდა, ვიდრე მუსიკისა თუ კინოს რომელიმე ვარსკვლავს იმ დროს. 

1922 წელს ე.ბ. უაითი შთაგონებას ეძებდა რაიმეს დასაწერად. მას კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა და გადაწყვიტა, მანქანის ამ მოდელით ამერიკაში ემოგზაურა. მან დაწერა კიდეც თავისი ორი გამორჩეული ესსე: Farewell to Model T და From Sea to Shining Sea. ის არ უყურებდა T-ს, როგორც ჯართს ან როგორც სახუმარო მანქანას, იგი მას ტექნოლოგიურ შედევრად და, რაც მთავარია, ცხოვრების ახალ წესად თვლიდა. უაითი წერდა, რომ მისი თაობა ყოველთვის გააიგივებს მანქანას თავის ახალგაზრდობასთან.

ეს ბოლო წინადადება გვეუბნება, რომ უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ ამ მანქანას. ეს იყო ავტომობილი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაასრულა ცხენებით სიარულის ერა და კაცობრიობა დააჯერა იმაში, რომ ყველას შეიძლება ჰყავდეს მანქანა. რეალურად, ასეც იყო. როდესაც წარმოება დასრულდა 1927 წელს და მე-15 მილიონი T გამოვიდა საწარმოო ხაზიდან, ცხადი გახდა ამ შთაგონების ჭეშმარიტება.

T, როგორც ბიზნესი

T-ს განხილვა, როგორც ბიზნესის, თავდაპირველად აბსურდს ჰგავდა, თუმცა თავად ჰენრი ფორდს რომ სხვა გეგმები აღმოაჩნდა, ამას დღეს უკვე ვხედავთ. 1908 და 1927 წლებში, ეს იყო ერთადერთი მანქანა, რომელსაც მაშინ აწარმოებდა Ford Motor Company. დღევანდელი გადმოსახედით, ნებისმიერი ავტომწარმოებელი იტყვის, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტით კომპანიის სტრატეგიის დაგეგმვა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და ცოტა სიგიჟეცაა, თუმცა ჰენრი ფორდი დარწმუნებული იყო, რომ T იყო სრულყოფილი, ერთადერთი მანქანა, რომელიც ხალხს ოდესმე დასჭირდებოდა და, საოცრად დიდი ხნის განმავლობაში, ის მართალიც იყო. 

დროთა განმავლობაში, ისევ ბევრის გასაკვირად, მან ფასიც საგრძნობლად დააკლო მანქანას. პირველი T ღირდა $825, ბოლო $360-დან $260-მდე, მაგრამ ფორდი ისევ მართალი აღმოჩნდა, რადგან მანქანას მისთვის შემოსავალი კარგად მოჰქონდა. 

ფორდი შეიძლება არ იყოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული მანქანის მაგნატი, რადგან ეს ტიტული აუცილებლად ენიჭება ალფრედ სლოანს General Motors–დან, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო პერსონა იყო ამ ინდუსტრიაში. ყველაფერი, რაც ფორდმა გააკეთა, კარგი თუ ცუდი, განსაცვიფრებლად საინტერესო იყო. ბევრი იმასაც ამბობს, რომ Model T იყო მისი შემქმნელის ავტობიოგრაფია, რომ ის ჰგავდა მას. ეს მანქანა მისთვის იქცა ისეთ შედევრად, როგორც პოეტისთვის ეპიკური პოემა. 

ცნობილი მწერალი, ჯონ ბეროუზი წერდა: „ნამუშევრით ჯერ არავის გამოუხატავს საკუთარი თავი ისე სრულყოფილად, როგორც ეს ჰენრი ფორდმა მოახერხა”.

სექტემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

არქიტექტურული კონკურსი საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო იდეების გამოსავლენად