თბილისში თითქოს აღარავის უკვირს, როდესაც ელექტრონულ მუსიკაზე საუბრობენ. ეს ამ ეტაპისთვის ახალგაზრდობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ინტერესია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონულ მუსიკას ვერ გავაიგივებთ მხოლოდ დიჯეი სეტებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანია პუბლიკამ ლაივ აქტებიც და ამ სივრცეში მოქცევის წესებიც გაითავისოს.
2015 წელს ჩამოყალიბებული tERminal Events-ის საორგანიზაციო ჯგუფი სწორედ ამ მიმართლებით პოზიციონირდება. თუმცა თავად კონცეფცია ბევრად ფართოა, რაც მედია ხელოვნებასა და ვიზუალური არტის სხვა განშტოებებსაც მოიცავს. ტერმინალის პირველი ღონისძიება, მართლაც რომ, ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს Bonobo-ს მიეძღვნა, რამაც გააფართოვა მუსიკალური ჰორიზონტი დომინანტურ ჰაუს და ტექნო ჟღერადობებთან მიმართებაში. ამის შემდეგ იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი Apparat და Mano Le Tough. აქვე გასახსენებელია, რომ 2014 წლისთვის სწორედ ტერმინალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მონაწილეობით იყო Moderat-იც თბილისში მოწვეული.

Moderat – ეს გერმანული კოლაბორაციაა, Apparat-სა და ბერლინურ დუეტ, Modeselektor-ს შორის. ორივე მუსიკალურმა პროექტმა საწყისი ნაბიჯები 2000-იანების დასაწყისში გადადგა და არცერთი მათგანის მუსიკალური განვითარება არ წარმოადგენდა იმას, რასაც დღეისობით „ბერლინის მუსიკალური სცენა“ ეწოდება. Modeselektor-ის პირველი ალბომი Hello Mom ერთგვარი გზაჯვარედინია საცეკვაო მუსიკასა და სახლის პირობებში მოსასმენ მატერიალს შორის. აქ ნაკლებად შეინიშნება გერმანული მანქანური მუსიკის გავლენა, უფრო გამოძახილს ჰგავს 90 იანები წლების მეორე ნახევარში არსებული ბრიტანული მუსიკის. მეორე ალბომში „Happy Birthday’ უფრო აპექს ტვინისეული სატირაც კი ურევია, უფრო მეტი ელექტრო და მრავალფეროვნება, მათ შორის მოწვეულ მუსიკოსებს შორისაც, სადაც ტომ იორკსაც შეამჩნევთ. ამას ემატება მესამე ალბომიც, რომელიც უფრო არღვევს საზღვრებს, აქ ელექტროცაა, მელოდიური პასაჟებით მდიდარი „Blue Clouds“ ფავორიტია, თუმცა Green Light Go იც არ ჩამორჩება ემოციური დონით. რაღაც მომენტში კი ვეღარ ამჩნევთ ეს ალბომი Modeselektor-ისაა თუ Flying Lotus-ის.
Apparat-იც აქვეა, თავის ლეიბლზე დაწყებული საქმე, რომელიც უფრო IDM-ის და ემბიენთის მელოდიური ნაზავია, ვიდრე ტრადიციული გერმანული ტექნო, ყველანაირ სტერეოტიპებს შლის. მინიმალისტური ტექსტურებით გაჯერებული ალბომები, ერთმანეთს მიჰყვებოდა 2000-იანების დასაწყისში, ალბათ რთული წარმოსადგენი იყო ბევრისთვის, რომ მუსიკოსი რეალურად ბრიტანელი არ იყო.
ალბომებში გაჯერებული სასიამოვნო, მელოდიური და ატმოსფერული Dream Pop-ით მუსიკოსმა მალევე მიიქცია ყურადღება. სწორედ ამ მიმართულებამ განაპირობა მისი პოპულარობა რიგით მსმენელში.
2002 წელს თომას ფელმანის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე გაცნობილი მუსიკოსები მალევე მიხვდნენ, რომ მუსიკის კეთება ერთად სასიამოვნო პროცესი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ Apparat-ის ჟღერადობა ბევრად მშვიდი, ხოლო Modeselektor-ის უფრო ხმაურიანი იყო, მათ ერთი რამ აერთიანებდათ – ისინი არ წყალობდნენ იმ დროისთვის გამეფებულ მინიმალ ტექნო ჟღერადობას. მას შემდეგ ჯგუფმა 3 ერთმანეთისგან განსხვავებული ალბომი გამოუშვა, რომელიც 2016 წელს დარელიზებული ტრილოგიის ბოლო ნაწილით მთავრდება.

Moderat თბილისს, 24 მარტს, იპოდრომის პარკში გამართულ ღონისძიებაზე ესტუმრება. ბილეთების შეძენა ონლაინ Eventer.Ge-ზე და ოფლაინ – სოციალურ ბარ – გენერატორ 9.8-ში არის შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის კი მეორე საფასო კატეგორიის ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც 60 ლარიანი ბილეთების გაყიდვა დაიწყება. ღონისძიებაზე დამსწრეთათვის კარები 21:00 საათზე გაიხსნება, ხოლო მთავარი ჰედლაინერი Moderat-ის სახით 12:30 საათზე დადგება სცენაზე.
Last.Fm-ის სტატისტიკას დავეყრდნობით, მოდერატი ქართველ მელომანებში მართლაც პოპუარულია, რაც მის შემადგენლობაში არსებული ორივე პროექტის ცალკეული წარმატებითაც აიხსნება. ეს სიყვარული ცალმხრივი ნამდვილად არ არის, პროექტის წევრები ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ქართველ მსმენელს მშობლიურ ენაზე მიესალმენ და მომავალი კონცერტი დაანონსეს.
რაც შეეხება თავად კონცერტს. დიახ, ეს კონცერტია რაც თავისთავად განსხვავდება რიგითი კლუბური ტიპის ღონისძიებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში წესების დაცვაა, რაც პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ლაივ აქტიდან მიღებული სიამოვნების ხარისხს. კონცერტი ჯგუფის „III” ალბომის ფარგლებში იმართება, ალბომის რომელიც უფრო ანგრევს ჯგუფის „ტექნო“ ჟღერადობის სტერეოტიპს Apparat-ის ვოკალური ჩანართებით. ეს ყველაფერი კი ერთი რამისკენ მიუთითებს – ქართველ მსმენელს ერთგვარი ლამაზი შოუ ელოდება წინ, რითიც სიამოვნების მიღება ნახევრად სწორედ ჩვენზე იქნება დამოკიდებული.