14
Mar
2017

Moderat-ის სახით მსმენელს დაუვიწყარი სანახაობა ელოდება – ტატო ხარჩილავა

14 Mar 2017

24 მარტს, თბილისში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური პროექტის, Moderat-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით არსებულ და სხვა საკითხებზე მარკეტერი tERminal-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, ფრომოუთერ ტატო ხარჩილავას ესაუბრა.

M: tERminal-ით დავიწყოთ საუბარი. რა არის ამ პროექტის ძირითადი იდეა და აგრძელებთ თუ არა იმავე გზას, რაც 2 წლის წინ დაიწყეთ?
tERminal-ი მოიცავს იმ აზრს, რომ ემოციურ დონეზე, ადამიანი როდესაც მოდის ღონისძიებაზე, არ მოდიოდეს მხოლოდ DJ-ის მოსასმენად, არ ხვდებოდეს მას მხოლოდ მშრალი სეტი. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი DJ-სეტების, უბრალოდ ჩვენ გვინდოდა, სხვა კუთხით ვყოფილიყავით პოზიციონირებულები, რომელიც მოიცავდა DJ-ს გარდა, ვიზუალის კუთხით განსხვავებულ რამეს. „ER” არის ადამიანი, რომელიც ამ მუსიკალურ სამყაროში მოგზაურობს, ამ შემთხვევაში, ღონისძიების შიგნით და ამ ადგილას უნდა მივიღოთ მაქსიმალურად ყველაფერი – ვიზუალის, მუსიკისა და ხარისხის ერთობლიობით.

M: დასაწყისისთვის თქვენ განაცხადეთ, რომ ეს პროექტი ვიზუალურ ხელოვნებასაც შეეხებოდა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
ეს იყო ბონობო, აპარატი (ვიზუალური არტისტების გერმანული გუნდი ჩამოჰყვა თან), რომელიც არა მხოლოდ კომპიუტერიდან გენერირებულ სიგნალს აწვდიდა მაყურებელს, არამედ რეალურ დროში ხდებოდა ყველაფრის შექმნა სპეციალური დანადგარების მეშვეობით. ასევე, Maeve-ის შოუქეისი, რომელშიც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. სწორ განათებებში, რასაც სრულიად სხვა სამყაროში გადაჰყავდა მსმენელი. ჩვენ მიერ მოწვეულ არტისტებში მაქსიმალურად ჩავდეთ ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა. Dubfire: Live HYBRID-ის პროექტი ჩამოვიყვანეთ Gem Festival-ზე,  რომელიც ვიზუალურად ზუსტად მოდერატის მეორე ტურნეს კონტენტს ჰგავდა..

M: თანამედროვე ადამიანს ყოველდღიური რუტინისგან თავის დასაცავად და ერთგვარი გაქცევისთვისაც ესაჭიროება გართობა და სულიერი კომფორტი. ამისთვის ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად არის პოზიციონირებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად დააკლდა ჩვენს ქვეყანას, წლების განმავლობაში, ეს მიმართულება და იქონია, თუ არა პირდაპირპროპორციული გავლენა მთლიანად ადამიანთა განვითარებაზე?

მგონია, რომ არა მარტო ქართველებს, არამედ ზოგადად, ადამიანებს ცეკვა შველით. ცეკვა ადამიანების ერთ-ერთი საუკეთესო თვითგამოხატვის საშუალებაა და ამის მოთხოვნილება დიდი დოზით არის ქართველ ერში. საქართველოში კი გართობის საშუალებები ნაკლებად გვაქვს და სწორედ ელექტრონულმა მუსიკამ შეითავსა ეს ფუნქცია მთლიანად. დიახ, გამოვტოვეთ რამდენიმე ათეული წელი, თუმცა მალევე აღვიდგინეთ ეს ყველაფერი ვინაიდან ამის მზაობა გვქონდა.

M: უკვე ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ სივრცეში ამდენი ინფორმაციის ერთიანად მიწოდება ადამიანებისთვის, შეიძლება იყოს რაიმე „გადაჭარბებული“, თუ ეს ყველაფერი ბუნებრივად დალაგდება მომავალში?
თუ ავიღებთ, მაგალითად, ჯეფ მილსს, ან სხვა მნიშვნელოვან არტისტს, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში, სამწუხაროდ, მსგავსი არტისტების ვიზიტმა უხმაუროდ ჩაიარა ქალაქში, ზოგადმა სიტუაციამ შთანთქა და თითქოს რიგით არტისტად აქცია ტექნოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რაც საერთო ჯამში, ფრომოუთერებისა და მსმენელის „შეცდომაცაა“. სასურველი იქნება, ახალი მსმენელი ნელა მისულიყო ამ განვითარებამდე. არ შეიძლება ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ ყველაფერს, ინფორმაცია ერთიანად მიაწოდო, თუმცა ვფიქრობ, რომ დროის საკითხია და ყველაფერი ინდივიდუალურია.

M: ერთია, როდესაც ჩამოდიან სხვადასხვა ცნობილი დიჯეები და სელექტორები და ამ მიმართულებით ვითარდება ფრომოუთერული საქმიანობაც. მეორეა, როდესაც ხდება საკონცერტო საქმიანობის დაგეგმვა-ორგანიზება. რამდენად ართულებს ეს ყველაფერი პროცესს და ხვდება, თუ არა თავად მსმენელი ამ ორ მიმართულებას შორის განსხვავებას?
ბევრ მომხმარებელს ერევა, როდესაც არ დგას სცენაზე მიკროფონი თუ ინსტრუმენტები, ვერ ხვდებიან, რა სახის ღონისძიებაზე არიან მოსულები, ხშირად კი ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებების ბრალია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა კონკრეტული არტისტების Live-ს მოუსმინონ და არა დიჯეი სეტს, ვინაიდან ეს ყველაფერი მაინც სპეციფიკური საკითხია და სრულიად სხვა ინფორმაცია მოდის მსმენელამდე Live Act-ის დროს. თუმცა საბედნიეროდ, არიან ადამიანებიც რომლებიც საკმაოდ კარგად ერკვევიან უკვე ამ ასპექტებში.

 

M: თქვენი ჯგუფის მიერ უკვე იყო ორგანიზებული მოდერატის კონცერტი რამდენიმე წლის წინ. რამ განაპირობა ჯგუფის მეორედ ჩამოყვანის აუცილებლობა?
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია, ვთქვა, რომ ის, რაც მოდერატის ტურის ღონისძიებიდან მივიღე, დაახლოებით, 1 წლის წინ, ეს იყო უნიკალური. ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან, მათ Massive Attackის გვერდითაც კი ვაყენებ. ეს არის უნივერსალური სინთეზი ვიზუალისა და მუსიკის, ეს არ არის მარტივი მოსასმენი მუსიკა, საკმაოდ ბევრი მესიჯი დაკრავს თან, გლობალური პრობლემებიდან დაწყებული, ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. ამ ბენდის მიმართ მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ ნელდება, ვინაიდან უკვე მეორე წელია, რაც ტურნეში არიან.

M: როგორ გეგმავთ მომდევნო ღონისძიებებს, გამომდინარეობს ეს ყველაფერი მომხმარებლის მოთხოვნიდან, თუ ყურადღებას აქცევთ იმასაც, რომ არცთუ ისე მოთხოვნადი ჯგუფებიც ჩამოიყვანოთ და სწორედ თქვენ გააცნოთ ისინი აუდიტორიას?
ამ სფეროში ძალიან ბევრი რისკია, რაც ძირითადად, ორგანიზატორების თავზე ტყდება, თუ ღონისიძება ვერ ამართლებს ფინანსურად, სწორედ ჩვენ გვიწევს ამის გამოსწორება საკუთარი ხარჯებით. შესაბამისად, უარის თქმა გვიწევს ამგვარ ექსპერიმენტებზე. რაც შეეხება მომავალში ჩვენი ორგანიზებით გასამართ ღონისძიებებს, პირველ რიგში, შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა მათგანი „ტერმინალის“ იდეის ძირითად ჩარჩოში მოექცევა და სწორედ ამის შემდგომ შევთავაზებთ მსმენელს.

M: როგორ დაახასიათებდით თავად სივრცეს, სადაც ეს კონცერტები იმართება, იპოდრომის პარკს ვგულისხმობ. რამდენად მოქნილია და გათვლილი ამ მასშტაბის ღონისძიებებზე, რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი?
ფრომოუთერები თბილისში ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს ღონისძიებებისთვის შესაბამისი სივრცეების პოვნის საკითხში. თბილისში არ არსებობს 2000-ზე მეტ ადამიანზე გათვლილი სივრცე კონცერტის ჩასატარებლად მაშინ, როცა ევროპის ყველა ქალაქს გააჩნია თავისი ნიშური და საიმიჯო სივრცე. ისევ ჩვენ, ფრომოუთერები და ორგანიზატორები ვცდილობთ, რომ არაფრისგან რაიმე შევქმნათ. მომხმარებელი ხშირად დარჩენილა დიდი ღონისძიებებისგან უკმაყოფილო, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ერთი დღისთვის გვიწევს უდიდესი შრომის გაწევა და ვთხოვ, ეს ყველამ გაითვალისწინოს.

M: ბოლოს, რას ურჩევდით და რას უნდა ელოდოს მსმენელი 24 მარტს დაგეგმილი ღონისძიებისგან, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს და როდისთვის?
თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც მოდერატის კონცერტი 00:30-ზე იწყება. როგორც წესი, 20-21:00 საათზე იწყება მათი გამოსვლა, თუმცა როდესაც ვაცნობეთ მათ ადგილობრივი კულტურისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ, დავითანხმეთ, რომ კონცერტი ღამის საათებში დაწყებულიყო. ღონისძიებაზე შესასვლელი კარები 21:00 საათზე გაიღება, შესაბამისად, მოვუწოდებ მსმენელს, რომ სწორედ ამ დროიდან დაიწყონ მოსვლა. შესასვლელების რაოდენობა გვექნება 10, რაც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მუსიკისა და ვიზუალისკენ და ამ ყველაფრიდან მიიღონ სიამოვნება, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზად იქნება.

განხილვა