Modern Drugs კონცეპტუალური შეფუთვის დიზაინია, რომელიც ანტიდეპრესანტების გამოყენების პერსონალურ, ემოციურ და ესთეტიკურ განზომილებებს აერთიანებს. ავტორი ელენა ჯანგი გახლავთ, რომელსაც თავად აქვს სხვადასხვა ფსიქიატრიული მედიკამენტების მიღებისა და განკურნების 2-წლიანი გამოცდილება. როგორც ამბობს, ამ პერიოდში დაიწყო ფიქრი არამხოლოდ აბების ქიმიურ ეფექტებზე, არამედ მათ არსებობაზე მის ყოველდღიურობაში…
შედეგად, იმ რამდენიმე ანტიდეპრესანტის ვიზუალური იდენტობა წარმოიდგინა ხელახლა, რომლებსაც თავად მოიხმარდა. თითოეულით კი უნიკალური შეფუთვის კონცეფცია გაგვაცნო, რომელიც სუბიექტურ შეგრძნებებსა და ემოციებს აერთიანებს. თუ ერთში ნაზი გადასვლები და ნისლის ეფექტის მქონე სტრუქტურები გვხვდება, რომელიც მსუბუქ სედაციასა და შფოთვისგან გათავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს, მეორეში ჰაეროვანი ფორმები და ტიპოგრაფიული ელემენტებია მოულოდნელი წონის კლების შეგრძნებისთვის. ხოლო მესამე შეფუთვის კონცეფცია განწყობების ცვალებადობაზე გვესაუბრება ცხადი კონტრასტებით, ფრაგმენტირებული კომპოზიციებითა და ცვალებადი ფერთა პალიტრებით.
როგორც ხედავთ, სტერილური ფარმაცევტული ესთეტიკის ნაცვლად, Modern Drugs პერსონალურ სთორითელინგს მიმართავს. ეს პროექტი კი იმითაა განსაკუთრებული, რომ ფსიქიატრიული მკურნალობის დესტიგმატიზაციისკენ დგამს ნაბიჯს და ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ უფრო ჰუმანური, ვიზუალური ენის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად…