20
Aug
2019

მოდი, დავიწყოთ მომავლით (დასასრული) – რევაზ კოპალაძის #აზრები

20 Aug 2019

M2
M2


1994 წლის ზამთარში, როცა მილაკიანი ტელევიზორიდან დიქტორი „ოლვეისის“ რეკლამის დასრულებისთანავე გადაცემა „ტელე-სინე-ვიდეოს“ დაწყებას გვპირდებოდა, მაგრამ შუქი ჩაქრა, ტაფაზე კი მარილიან წყალში დამბალი თონის პური შიშხინებდა, მეგობარმა ფრანც კაფკას მოთხრობების წაკითხვა მირჩია და წიგნიც მაჩუქა – საბჭოთა წლებში გამოცემული „თანამედროვე პროზის ოსტატები“ შინდისფერი მაგარი ყდით. ყდის უკანა მხარეს, მარცხენა ქვედა კუთხეში, ეწერა ფასიც – 2.34 მანეთი. ასეთი დეტალები ალბათ იმიტომ მახსოვს, რომ ამ ორმანეთიანი და ამავე დროს ფასდაუდებელი საჩუქრით დაიწყო ჩემი მომავალი. კაფკამ ისე დაიპყრო ჩემი ცხოვრება, რომ მე და ჩემმა მეუღლემ მის პატივსაცემად თაფლობის თვე პრაღაში გავატარეთ, რისთვისაც „მოკრი ასფალტისფერი“ „ბე-ემ-ვეს“ გაყიდვა მომიხდა, და თაფლობის თვისთვის უჩვეულო ადგილას -ებრაელების სასაფლაოზეც ვიბოდიალეთ.

კაფკაზე იმდენი წიგნი დაწერილა, რამდენი სიტყვაცაა მის პროზაში და მათი განხილვა ჩვენი ამოცანა ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბევრი მკვლევარი მას დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევს, რომელმაც იწინასწარმეტყველა მეორე მსოფლიო ომი ყველა თანამდევი უბედურებით და ის მომავალიც კი დაინახა, რომელიც ჯერ არ დამდგარა. კაფკას ტექსტების ასეთი ინტერპრეტაცია, უწინარესად, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალურ და სოციოკულტურულ საკითხებს მოიაზრებს, თუმცა ორსონ უელსის მიერ გადაღებულ „პროცესის“ ეკრანიზაციაში ინტერიერებს კომპიუტერები და ნახევარგამტარებით აღჭურვილი გაუგებარი მანქანები ამშვენებს. კაფკა, რბილად რომ ვთქვათ, ოპტიმიზმით არ გამოირჩევა, მე კი – თუ ჩემი წინა წერილები წაგიკითხავთ, გეცოდინებათ – მომავლის მიმართ მეტად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქმეც ეს არის: ჩემი დილეტანტური აზრით, კაფკამ ისე ხატოვნად აღწერა აწმყო, რომელიც დღემდე გრძელდება, რომ მკითხველთა ნაწილმა ადამიანის ასეთი გაუცხოება და სასოწარკვეთა მომავლის პერსპექტივად მიიჩნია.

ჩემი ფავორიტის შემოქმედება სამ საკვანძო ნაწარმოებს მოიცავს: „ამერიკას“, „პროცესს“ და „გოდოლს“. მიუხედავად სიუჟეტების სირთულისა და სიმბოლოთა სიუხვისა, – კაფკას მეგობარი მაქს ბროდი, რომელმაც მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები, ამ ტექსტებს კაბალასაც კი უკავშირებდა (თუმცა ეს ალბათ მეტისმეტია), – შევეცადოთ, ძალიან ზედაპირულად მოვხაზოთ კაფკას შემოქმედების დედაარსი.

„ამერიკის“ მთავარ გმირს კარლ როსმანი ჰქვია, „პროცესისას“ – იოზეფ კ. „გოდოლში“ პროტაგონისტის სახელი კ-მდე ჩამოდნება, ხოლო რომანის უკანასკნელ სცენაში, როცა მთავარი პერსონაჟი ნისლში ეხვევა, ალბათ ეს კ-ც ქრება… მწერლის შემოქმედებაში კვანძის შეკვრა და გახსნა ერთ საინტერესო იდეას ეფუძნება, რომელიც ნაწარმოებიდან ნაწარმოებში მოგზაური პერსონაჟის დასუსტება-დაჩაჩანაკებასაც იწვევს. ეს იდეა კარიბჭის მცველთა (gatekeepers) არსებობაა. ჩემი აზრით, ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სწორედ „კარიბჭის მცველია“ და მომავლის ჩვენთვის მოსაწონი სოციოკულტურული გარემოს ჩამოყალიბებაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მის როგორც სოციალური სტრუქტურის ფუნდამენტის გაუქმებაზე. რა თქმა უნდა, ეს გლობალური საკითხია, თუმცა საბჭოთა წარსულის მქონე საქართველოსთვის, რომელსაც ოკუპანტი დღესაც წიხლით უმტვრევს კარს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ მასზე უნდა დაეფუძნოს განვითარება და საზოგადოების ძლიერება.

კაფკას დავუბრუნდეთ. 16 წლის კარლ როსმანი ევროპის რომელიღაც ქალაქიდან ნიუ-იორკში ჩადის ბედის საძიებლად და სრულიად შემთხვევით გაიცნობს ბიძას – იაკობს, რომელსაც „კარიბჭის მცველის“ შესაფერისი სენატორის თანამდებობა უკავია. უცხო ქალაქში უფულოდ და უარაფროდ ჩასული პატარა ბიჭის ცხოვრება თითქოს ლაგდება და ბიძის სახლში მისი მომავალი თითქოს ნათელია, მაგრამ მოულოდნელად, თითქმის უმიზეზოდ – თანატოლ გოგონასთან დაუკითხავად თამაშის გამო – ბიძა უწყრება და კარლი, მისი მომავლის კარიბჭის მცველის გარეშე დარჩენილი, ბედის ანაბარა ქუჩაში აღმოჩნდება.

დილაუთენია, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოცდაათი წელი უსრულდება, აპატიმრებენ და მიზეზს არ ეუბნებიან „პროცესის“ პერსონაჟს იოზეფ კ-ს. ის მთელი სიცოცხლე ამაოდ ელოდება, როდის გაუღებს „კარიბჭის მცველი“ სამართლის ბჭეს, სიცოცხლის ბოლოს კი მცველი „ამშვიდებს“, რომ თუნდაც ამ კარიბჭეში შეეშვა, სამართლიანობამდე მისაღწევად კიდევ მილიონი ასეთი კარიბჭე ექნებოდა გასავლელი.

„გოდოლში“ – ბოლო, დაუმთავრებელ რომანში – კაფკამ „კარიბჭის მცველთა“ მთელი იერარქია შექმნა. სასახლისკენ მიმავალ გზაზე – სასახლისკენ, რომელიც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება – მთავარი გმირი გაიცნობს ბარაბას. ეს უკანასკნელი კ-ს გააცნობს ფრიდას – სასახლის მაღალჩინოსნის კლამის საყვარელს, რომელიც, თავის მხრივ, პროტაგონისტს ჩინოვნიკის მდივან ერლანგერთან დააკავშირებს და ა.შ. ალბათ ამ კაფკურ ჯოჯოხეთს ეძახიან ახლა ნეთვორქინგს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სიცოცხლეში კაფკას თავისი არც ერთი ნაწარმოები არ გამოუქვეყნებია – მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ითავა მაქს ბროდმა ეს კეთილშობილური საქმე. იმის თაობაზე, რატომ არ გამოსცა კაფკამ სიცოცხლეშივე თავისი ნაწარმოებები, ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ, მე კი ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მწერლისთვის „კარიბჭის მცველია“ რედაქტორი/გამომცემელი, რომელსაც ან მოეწონება შენი შემოქმედება, ან არა. მას აქვს ფორმალური ძალაუფლება და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება. შესაძლოა, სწორედ „კარიბჭის მცველთა“ მიმართ მეტაფიზიკურმა შიშმა განაპირობა კაფკას შემოქმედების გამოცემის გადავადება.

თუ დავაკვირდებით, მთელი სოციალური სტრუქტურა ეფუძნება „კარიბჭის მცველებს“ და, შესაბამისად, შეიცავს უამრავ შემაფერხებელ ფაქტორს ადამიანის ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, ექიმი, ლიდერი თუ ყველაფერი ერთად – ნებისმიერ შემთხვევაში საქმე გაქვს კარიბჭის მცველთან. სამსახურის მაძიებლისთვის კარიბჭის მცველია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ან გაბღენძილი დირექტორი, მწერლისთვის – გამომცემელი, სამართლიანობის მაძიებლისთვის – მოსამართლე, ჰოლივუდის მსახიობისთვის – ნიმფომანიაკი, პოლიტიკოსისთვის – ზარატუსტრა და ასე უსასრულოდ. ხელისუფლებაც კარიბჭის მცველია და ისიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კარიბჭის მცველი, სხვისი შრომის შედეგის უკიდურესად ცუდი ვალიდატორი და ინფორმაციის გაცვლის შემაფერხებელია, ვინაიდან თავად არაფერს ქმნის და ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა. კარიბჭის მცველთა ყველაზე უარეს ვარიანტად უნდა ჩავთვალოთ კლანები, დაჯგუფებები, ნათესაური ტრაიბალიზმი და ა.შ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება გადაბრალებაა. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი კარლ როსმანივით უბადრუკები ვართ და ჩვენი ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა (უფრო ხშირად – ეს უკანასკნელი) „ბიძის“ ბრალია. ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ელიტისტურ და ნეპოტისტურ საზოგადოებებში ფესვგადგმული სხვაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი, რომელიც პრაქტიკულად უკარგავს ნებელობას ერთეულ ადამიანს და ოჯახის, კლანის, ელიტის პირისპირ ტოვებს.

საბედნიეროდ, ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციები და პროტესტანტული სამყაროს „სიხარბე“ კარიბჭის მცველთა მოძველებული სოციალური სტრუქტურისთვის დამანგრეველი ძალის მატარებელი აღმოჩნდა და მთავარი კიდევ წინ არის. ამჟამად მიმდინარე ინოვაციური ცვლილებების განმსაზღვრელი ნიშანია გამჭირვალობა – კარიბჭის მცველთა მთავარი მტერი. მოვიყვან ერთ მაგალითს ჩვენი ყოველდღიურობიდან: ხშირად გამიგონია, რომ თანამედროვე პოლიტიკოსები დაჩლუნგდნენ და ყოველი მომდევნო მთავრობა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ წინამორბედზე უარესია. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფორმაცია დღითი დღე უფრო და უფრო ხელმისაწვდომია და პოლიტიკური ფიგურების სისულელე – ტრამპით დაწყებული, ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავათი დამთავრებული – სინათლის სიჩქარით აღწევს ჩვენამდე. დღეს უკვე შეუძლებელია, არამზადამ იდუმალების შლეიფი მოირგოს და თავი კეთილშობილ ადამიანად გაასაღოს.

ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში გამჭირვალობა ეპისტემოლოგიური საკითხი გახდება, რაც განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე აიყვანს საზოგადოებებს. ეპისტემე – სწორედ ასე უწოდა ფრანგმა მეცნიერმა ფუკომ აზროვნების ტიპებს, ცრურწმენებს და ვარაუდებს, რომლებიც ქმნიან და ზღვარს უდებენ ნებისმიერი ეპოქის აზრებს. ეპისტემე მონიშნავს ცოდნის საზღვრებს და ჭეშმარიტების ცნებასაც ამა თუ იმ ეპოქისთვის. ყოველი ეპისტემე გარდაუვალად ქმნის ცოდნის გარკვეულ სისტემას, რომელსაც ფუკომ დისკურსი უწოდა. ეს ცნება გულისხმობს განსაზღვრული ეპისტემეს მიერ შექმნილი კონცეფციების, პრაქტიკის, დებულებების და მრწამსის ერთობლიობას.

კაფკას სიუჟეტები და კარიბჭის მცველთა მიერ დაცული (მაშასადამე, შეზღუდული) სოციალური სტრუქტურა განსაზღვრული ეპისტემეს და, შესაბამისად, აზროვნების, ტრადიციების საზღვრებით შემოფარგლული სისტემაა. მიუხედავად გასული წლების მოვლენებისა, ჩემთვის მომავალი ამ საზღვრების გარღვევას გულისხმობს. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მომავალშიც ისევე ვიცხოვრებთ, როგორც წარსულში. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ 37 წელი შეიძლება მოხდეს 1978 წელსაც და 2000 წელსაც; 37 წლის საბჭოთა რეპრესიები არ არის კონკრეტული წლის მოვლენა – ის კონკრეტული ეპისტემეს, სოციოკულტურული გარემოს მოვლენაა, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და დროის დინება თავისთავად ვერაფერს შეცვლის.

კარიბჭის მცველთა შესუსტებისა და გამჭირვალობის ზრდის ტენდენცია ყველაზე უკეთ ჩანს ბიზნესში, იქ, სადაც ფულია და, შესაბამისად, ყველაზე დიდი მოტივაციაც ცვლილებებისთვის. კონკრეტული ინდუსტრიის მსხვილი ბიზნესებიც კარიბჭის მცველები არიან, რომლებიც კარტელური გარიგებებით და სახელმწიფოზე გავლენის მოპოვებით ცდილობენ მონოპოლისტური პოზიციების შენარჩუნებას. რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო სასტუმრო ბიზნესის წამოწყება უძრავი ქონების ფლობის, ხელისუფლებაში „ბლატების“ და ინვესტიციების გარეშე და „მარიოტის“, „ჰილტონის“ და „შერატონის“ დამარცხება. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი ჩანდა, მით უმეტეს – თუ მარილიანი კვერების საშუალებით ცდილობდი მომავლის დანახვას, მაგრამ 2014 წელს, დაარსებიდან ექვსი წლის თავზე, Airbnb გახდა ე.წ ჰოსპიტალიტი ბიზნესის უდიდესი კომპანია, რომელიც აერთიანებდა უძრავი ქონების 500 000 ერთეულს, მოიცავდა 119 ქვეყანას და ღირდა 10 მილიარდი დოლარი ისე, რომ ერთ კვადრატულ მეტრ ფართობსაც არ ფლობდა. იმავეს თქმა შეიძლება უდიდეს სატრანსპორტო კომპანია Uber-ზე, რომლის ღირებულებამ დაარსებიდან 5 წელიწადში, 2014 წელს, 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა საკუთრებაში ერთი მანქანაც არ ჰქონია. აღარაფერს ვამბობ უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმებზე – „ამაზონსა“ და „ალიბაბაზე“.

პლატფორმული ბიზნესმოდელის მთავარი კონცეფცია კარიბჭის მცველთა არარსებობაა, – იმ კარიბჭის მცველთა, რომლებიც ტრადიციულ ბიზნესმოდელში მწარმოებლისგან მიღებული სარგებლის მომხმარებლამდე მიტანას განაგებენ. მაგალითად, ტრადიციულ საგამომცემლო ბიზნესში გამომცემელი ირჩევს თითო-ოროლა წიგნს, მაშინ როდესაც ავტორი ათასობითაა. ისინი სთავაზობენ გამომცემლებს თავიანთ პროდუქციას, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი იხილავს მზის სინათლეს. ეს პროცესი ძალიან არაეფექტური და ხარჯიანია, ამასთანავე, ეფუძნება გამომცემლის ვარაუდებს და ინსტინქტებს. „ამაზონ ქინდლის“ ეპოქაში კაფკას არ დასჭირდებოდა „კარიბჭის მცველთან“ ურთიერთობა და ლოდინი – მას შეეძლებოდა, ყოველგვარი შუამავლის გარეშე აეტვირთა თავისი „პროდუქცია“ და მიეღო „საბოლოო მომხმარებლის“ უკუკავშირი. უამრავი კლასიკური ლიტერატურული სიუჟეტი ნიჭიერი შემოქმედისა და უნიჭო კარიბჭის მცველის შესახებ, „მარტინ იდენის“ ჩათვლით, ღია რესურსებისა და ციფრული პლატფორმების არსებობის შემთხვევაში უბრალოდ არ შეიქმნებოდა.

პლატფორმულმა მიდგომამ დიდი ცვლილებები გამოიწვია განათლების სფეროში. მთელი სიყრმე და სიჭაბუკე ვოცნებობდი კარგი ფორმალური განათლების მიღებაზე, ჯეკ მას მსგავსად, სადმე ამერიკაში ან ინგლისში. ორმოც წლამდე გამომყვა ეს კომპლექსი. თუ ამ წერილის პირველ აბზაცს დავუბრუნდები, ახალგაზრდობაში ამ ოცნების ახდენის ძალიან მცირე შანსი მქონდა. ტრადიციული განათლების სისტემაც „კარიბჭის მცველია“, რომელიც „ბლატების“ უქონლობის შემთხვევაში ყველა შესაძლო საშუალებით – დიდი გადასახადით, უაზრო გამოცდებით – უკეტავს უნივერსიტეტის კარს „ბიძისგან“ მიტოვებულ კარლ როსმანებს. საბედნიეროდ, ფორმალური განათლების პრესტიჟული და მძიმე კარიც გაიღო და დღეს „ბიძის“ გარეშეც შეგვიძლია შევივსოთ ცოდნის ნაპრალები ან დავხელოვნდეთ ახალ პროფესიაში Udemy-ს, Skillshare-ს, Coursera-ს და Duolingo-ს საშუალებით. საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ „ხანის აკადემიის“ მესვეურები, რომლებმაც აქტუალური ონლაინ ლექციების ქართულად თარგმნაც დაიწყეს.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მომავალი აუცილებლად აწმყოში შეთანხმების საგანია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვინდა. მომავალი ადამიანებს შესთავაზებს მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, თუმცა საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, გამოიყენებს თუ არა ამ სიკეთეს. ამ წერილის პირველი ნაწილი რეპუტაციის საკითხს დაეთმო, მომდევნო – ემპათიას, ხოლო ბოლომ, ვფიქრობ, დუღაბის ფუნქცია შეასრულა, ვინაიდან რეპუტაციას მოიპოვებენ და თანაგრძნობის უნარი შესწევთ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს. 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ამ თვალსაზრისით მეტად ნიშანდობლივი აღმოჩნდა. ადამიანებისთვის თვალებში სროლა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მომავალზე უარის თქმის მოთხოვნაა. მაკო გომური და იმ დღეს დაშავებული სხვა ადამიანები ჩემთვის მომავლის სიმბოლოდ იქცნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვიგრძნობ მათ მზერას და ეს იქნება ჩემი ზნეობრივი იმპერატივი, ნაცვლად სახელმწიფო ჩინოვნიკების კაბინეტების კედლებიდან მომზირალ, ჩარჩოში ჩასმულ კარიბჭის მცველთა თვალებისა.

განხილვა