20
May
2019

მოდი, დავიწყოთ მომავლით – რევაზ კოპალაძის #აზრები

20 May 2019

M2
M2


თუ დავაკვირდებით, თითქმის არ ვფიქრობთ და, შესაბამისად, არ ვსაუბრობთ მომავალზე. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ საუბარს არჩევნებზე პროპორციული ან მაჟორიტარული სისტემით – ჩემი სიყრმის, სიჭაბუკის და შუახნის ფაქტობრივად ერთადერთ ფუტურისტულ დისკუსიას, რომელიც პოლიტიკოსებისგან მსმენია. არც ვაკეში რამდენიმე ბინის ყიდვასა და შემდეგ მათ გაქირავებაზე ოცნება მიგულისხმია.

ვიკიპედიის თანახმად, მომავალი დროის ხაზის ის ჰიპოთეზური ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ შეიძლება დადგეს. ვიკიპედიისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ მომავალი აუცილებლად დადგება, ამიტომ სასურველია ვიცოდეთ, რას უნდა მოველოდეთ მისგან. რაც მთავარია, ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს: როგორი მომავალი გვინდა, გვქონდეს?

ჩვენ გავიზარდეთ და ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც წარსულში ჰქონდა საამაყო ოქროს ხანა, რაც გარკვეული თვალსაზრისით მომავლის მიმართ დამოკიდებულებას განაპირობებს. განათლების სისტემა, ბავშვის აღზრდის ოჯახური ტრადიცია და რწმენა ორიენტირებულია რომანტიზმზე – წარსულის განდიდებაზე, რომლის ცოდნისა და პატივისცემის გარეშე მომავალიც არ იარსებებს. ჩემი თაობის ხალხს აბიტურიენტობის წლებიდან ემახსოვრება გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, რომლის საზეპიროების დასწავლა ოცი წლის შემდეგ ჩემმა ფსიქოლოგმა ბავშვობის ტრავმად შეაფასა. ქვეყნის დიადი წარსულის მაგალითად პოეტს თამარის მეფობის ხანა მოჰყავს, წარსულს ადიდებს და დღევანდელ დღეზე წუხს. წუხს რუსეთის მონობაში მყოფი სამშობლოს მომავალზე და ოცნებობს ისეთივე ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოზე, როგორიც თამარის დროს იყო:

„ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს,

სრულად არ წავსწყდეთ ცის შემრისხავნი!“

საინტერესოა, რომ ორბელიანი, მიუხედავად მისი შემოქმედების პატრიოტული სულისკვეთებისა, ახერხებდა ცარიზმის გამორჩეულად წარმატებულ ჩინოვნიკობას და გენერლობას – ალბათ, მაშინ სხვა დრო იყო და სხვანაირად არ შეიძლებოდა თავადი კაცისთვის.

კლასგარეშე სახელმძღვანელოებით გვასწავლიდნენ წარსულს მომავლის შესაქმნელად, გვაკითხებდნენ, როგორ გაარტყა მითრიდატე პონტოელმა ტიგრან მეორეს კოჭში ქვა, როგორ დაიგუბა პეშვში სისხლი და სახეზე შეისხა შალვა ახალციხელმა. დღეს განვითარებული ქვეყნების სიაში რომ შევდიოდეთ, ანუ ფული რომ გვქონდეს, ყველაზე დაფასებული პროფესია ფსიქოანალიტიკოსობა იქნებოდა. არ იფიქროთ, წარსულის შესწავლის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით. მაგრამ მისი საკრალიზაცია მუდამ წარსულისკენ გვექაჩება, თანაც გრიგოლ ორბელიანივით ყოველთვის თამარ მეფეს კი არ გვახსენებს, არამედ უფრო ხშირად – საბჭოთა კავშირს.

ოქროს ხანის მენტალიტეტი წარსულზე ორიენტირებასთან ერთად გულისხმობს გარდაუვალ აპოკალიფსსაც: მომავალი აუცილებლად ცუდი იქნება. მომავლის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით – მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი, სტატიას გამიფუჭებს. მინდა, ყურადღება არტიკულაციაზე გავამახვილო: მომავალზე საუბრისას სამეტყველო ორგანოები უკიდურესად დაძაბულია, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა – გადატვირთული; ამას თან სდევს ყვირილ-წივილი, ღაწვების ხოკვა, ცხარე ცრემლები და ბოლოს – ექსტაზი, რაც ხელს უშლის დიფერენცირებულ მოქმედებას.

ჩვენ ვცადოთ, აუღელვებლად წარმოვიდგინოთ, რა ცვლილებები შეიძლება შემოგვთავაზოს მომავალმა და როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ მის დასახვედრად.

დღეს მომავლის საკითხის განხილვა უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის შესახებ მსჯელობას და სისხლისმღვრელ ომში მის მიერ კაცობრიობის დამარცხებას, რობოტებს, რომლებიც წაგვართმევენ სამუშაო ადგილებს და შეგვიმცირებენ სამუშაო დროს (სინამდვილეში აქამდე მომხდარმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ჩვენი სამუშაო არათუ შეამცირა, პირიქით, უსასრულოდ გაზარდა – ჩვენ ვმუშაობთ შინ, აგარაკზე, შვებულებაში და 24 საათი დღე-ღამეში, სულ რაღაც ათი წლის წინ კი ჩვენი სამსახურებრივი საქმიანობა სამუშაო მაგიდაზე მდგარი კომპიუტერის გამორთვისთანავე მთავრდებოდა), მორალური ღირებულებების სრულ დევალვაციას და ორუელის დიდი ძმის ტიპის აბსოლუტურ კონტროლს. ამ დისკურსს გვთავაზობს image-oriented ინდუსტრია. რელიგიური ტრადიციაც გვასწავლის, რომ კაცობრიობის განვითარება პროგრესული კი არა, რეგრესულია და როდესაც დედამიწა ვეღარ გაუძლებს ჩვენს ცოდვებს, აუცილებლად დამთავრდება აპოკალიფსით.

მომავლის შესახებ მეცნიერებაში ორი ძირითადი მიმართულებაა. პირველი ამბობს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას, აკნინებს, აუფასურებს ზნეობრივ ღირებულებებს და, საზოგადოდ, გვაჩლუნგებს. მეორე მიმართულება უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და ირწმუნება, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად ამაღლებს სიცოცხლის ხარისხს – აუმჯობესებს ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. უმრავლესობისგან განსხვავებით, მე ამ უკანასკნელს ვემხრობი. მიმაჩნია, რომ მომავალი სულაც არ იქნება ასეთი ამორალური და არაადამიანური. უფრო მეტიც: ცვლილებებს, რომლებიც ნაწილობრივ უკვე მოხდა და მომავალშიც გველოდება, პრაქტიკულად, ეთიკის აღორძინებისა და გარემოს გაადამიანურებისკენ მივყავართ. ეთიკური საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური და ყოვლისმომცველი, როგორიც შეიძლება გახდეს მომავალში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვებგვერდს აქვს განყოფილება, სახელად „მორალური რობოტები“, სადაც მეცნიერები სხვადასხვა ეთიკურ ქეისზე მსჯელობენ. მაგალითად, იმაზე, როგორ მოიქცევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რობოტი ავტომობილი, თუ რთული არჩევანის წინაშე დადგება და იძულებული გახდება, ვინმე გაწიროს, რომელ ფაქტორებს გაითვალისწინებს და რომელს – არა. აიზეკ აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი აქ ვერ გვიშველის. ასე რომ, მომავლის ეთიკური და მორალური საკითხები ისეთი ყოვლისმომცველია, საინჟინრო ამოცანებსაც კი სწვდება და ადვილი შესაძლებელია, უახლოეს მოამავალში ავტომობილის შეძენისას სალონის ტიპთან ერთად ასარჩევი გაგვიხდეს მანქანის ეთიკური მსოფლმხედველობაც – კანტიანელი იყოს, უტილიტარისტი თუ მორალური სოლეფსისტი. 5.0-ზე მძლავრი ძრავის მსურველები ალბათ ამ უკანასკნელს აირჩევენ. მაგრამ მოდი, დავუბრუნდეთ მთავარს.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გლობალური ცვლილება ავტორიტეტის ცნების დევალვაციაა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და ნურც სტატიის კითხვას მიანებებთ თავს. ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. ძველი ყაიდის საზოგადოებაში ადამიანის ავტორიტეტს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ცალკეული ატრიბუტები, მაგალითად, უმაღლესი განათლება, პრესტიჟულად მიჩნეული პროფესია, სამეცნიერო ხარისხი, მეცნიერებათა აკადემიის წევრობა, წარმომავლობა, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი… ამიტომაც საბჭოთა ეპოქასა და დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში ყველაზე კორუმპირებული დაწესებულებები სწორედ უმაღლესი სასწავლებლები იყო (შორს რომ არ წავიდე, განსვენებული დედაჩემის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სხვებისთვის საკანდიდატო დისერტაციების წერა გახლდათ). ამრიგად, ვაკეში მცხოვრები ორმოცდაათი წლის მედიცინის მეცნიერებათა დოცენტი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, უკანასკნელი ქლიავი ყოფილიყო, – და ხშირად მართლაც იყო, – მოითხოვდა და იღებდა კიდეც პატივისცემას და აღიარებას. მაშასადამე, ადამიანების განსაზღვრული ჯგუფი, წინასწარი დათქმით და გარეგნული ნიშნების აღიარებით, წარმოადგენდა ავტორიტეტს.

დღეს ეს თითქმის შეუძლებელია, ხოლო ხვალ უკვე წარმოუდგენელი იქნება. ამოსავალი ხდება თანამედროვეობის უმთავრესი ღირებულება – რეპუტაცია. საჯაროდ აღიარებულ რეპუტაციას ვაკეში ცხოვრებით ან სამეცნიერო ხარისხით ვერ მოიპოვებ, ის უნდა დაიმსახურო. დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები სწორედ რეპუტაციის მოპოვების ასპარეზია, რომელიც სადღაც ღრუბელში ინახავს ჩვენს ყველა მოსაზრებას, გამონათქვამს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოზიციას და ქმნის ჩვენი რეპუტაციის პროფილს, ხოლო გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის. მთავარი სირთულე ისაა, რომ რეპუტაციის მოპოვება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ჩემი თაობისთვის კი, – როგორც მას უწოდებენ, X თაობისთვის, – რომელმაც ცხოვრების ნახევარი უკვე გაიარა, ლუკინო ვისკონტის პერსონაჟისა არ იყოს, თავისი სასწავლი ისწავლა, თავისი საომარი იომა და ცოლიც შეირთო, ძალიან ძნელია ტრანსფორმაცია და ახალ კონტექსტში თავის დამკვიდრება. ძნელია, თუმცაღა აუცილებელი (საქართველოში, ჩემი აზრით, ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანია). ჩვენგან განსხვავებით, მილენიალები და Z თაობა ახალ სივრცეში რეპუტაციას ბუნებრივად, ყოველგვარი რეფლექსიის გარეშე იშენებენ.

სტატია გრიგოლ ორბელიანით დავიწყე და აქვე შეგახსენებთ, რომ ეს დიდი პოეტი და ნიჭიერი სარდალი სათავეში ედგა მამათა და შვილთა დაპირისპირებას (რა თქმა უნდა, იმდროინდელი „მილენიალების“ წინააღმდეგ), რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, თანამედროვეობაში ამ კონფლიქტის საფუძველი სწორედ აღიარების პრინციპის ცვლილებაა: ძველი თაობა მოითხოვს აღიარებას, აი, ასე, უბრალოდ, ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ხოლო ახალი თაობა ამას არ იზიარებს და იწყება მისი დისკრედიტაცია: ნარკომანებად, გარყვნილებად, გაუნათლებლებად შერაცხვა. არადა, ჩემი პირადი დაკვირვებით და ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, Y და Z თაობები გამორჩეულად ზნეობრივები და მიზანდასახულები არიან.

ამერიკელი ფსიქოლოგები და სოციოლოგები გამოყოფენ თანამედროვე თაობის ძირითად მახასიათებლებს:

  • მაღალი დონის სოციალური უნარები – არიან მეგობრულები, ერთგულები, შეუძლიათ მოსმენა, იციან ურთიერთობა;
  • თაობათა დაპირისპირების არარსებობა – პატივს სცემენ მშობლებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს, ენდობიან ოჯახის წევრებს;
  • ბედნიერებისკენ სწრაფვა – ინდეფერენტული დამოკიდებულება აქვთ მატერიალური სიკეთეების მიმართ, პრიორიტეტად ისახავენ აღიარებასა და იდენტობას, არ გააჩნიათ სამყაროს შეცვლის ამბიცია, არიან ეთიკურები და ბევრს ფიქრობენ სწორი არჩევანის გასაკეთებლად, უყვართ მოგზაურობა და კულინარიული საკითხებიც კი აინტერესებთ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ თაობის პორტრეტის მოსახაზად საკმარისია: მათ არ უყვართ ტყუილი და არ მონაწილეობენ ინტრიგებში, შემოქმედებითად არიან განწყობილნი და არ ეძებენ მოგებას, თუმცა ისწრაფვიან აღიარებისკენ, აფასებენ მშობლებს და ურთიერთობებს ნდობაზე აფუძნებენ, არ მიდიან კომპრომისზე თავიანთი ღირებულებების წინააღმდეგ, არიან ენთუზიასტები და მეტაკვალიფიკაციის მატარებლები.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს სწორედ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა მოიტანა, უფრო ზუსტად, ეპოქისთვის ნიშნეულმა გამჭვირვალობამ და აღიარებისა და იდენტობის პრინციპების შეცვლამ. ამ დიდი სიკეთის შედეგებს პირადად მე ყოველ ნაბიჯზე ვხვდები და ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ აღნიშნული კონტექსტის თანამონაწილე გავხდე. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს: ორი შვილის მამა ვარ. ჩემი უფროსი ქალიშვილი 12 წლისაა. ოჯახში არასდროს არავის – არც მე და ჩემს მეუღლეს – არ მოუთხოვია შვილებისგან პატივისცემა და დაფასება მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლები ვართ და ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგვიღწევია. თავიდანვე ვცდილობთ, ერთმანეთს შევესაბამებოდეთ და ცოდნა გავუზიაროთ. ჩემი გამოცდილება, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ძირითადად ტყაპუჭქვეშ არსებული სიბრძნეა, რომელიც მაინცდამაინც არავის სჭირდება, მაშინ როდესაც თავად მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემს შვილებთან შესაბამისობისთვის მიმეღწია: განვივითარე ციფრული უნარები, გავიუმჯობესე ინგლისურის გამოთქმა, დავესწარი მოზარდებთან ურთიერთობის ტრენინგებს და ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.

გლობალური მაგალითებიდან: ვიკიპედია და იუთუბი მოწმობენ ყველა ზემომოყვანილი შეხედულების სისწორეს. ვიკიპედია, რომელიც არ არის რომელიმე კომპანიის პროექტი, არ ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები და არ აქვს ბიუჯეტი, წარმოადგენს უდიდეს და უალტერნატივო ენციკლოპედიას. ათეულობით ათასი ადამიანი უსასყიდლოდ და ყოველგვარი მენეჯმენტის გარეშე მუშაობს მისი განვითარებისთვის, საკუთარი დროისა და ფინანსების ხარჯზე წერს სტატიებს და არავითარ უკუგებას არ ელოდება. იგივე შეიძლება ითქვას უდიდეს პერსონალურ მაუწყებელზე – იუთუბზე. აღნიშნული მაგალითები მიუთითებს, რამდენად თვითკმარია თანამედროვე ადამიანი, რა დიდ ყურადღებას აქცევს აღიარებას და თვითგანვითარებას, რა დამოკიდებულება აქვს მატერიალური სიკეთეების მიმართ. ჩემი ბლოგიც ხომ ამ ყველაფრის განხორციელების მიკრო – და უმნიშვნელო მაგალითია. რაც მთავარია, ჩემმა შვილებმა იციან, რომ ბლოგერი ვარ, ისინი კი – იუთუბერები, ასე რომ, ერთმანეთისგან არც ისე შორს ვდგავართ.

ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ფორმალური ძალაუფლების მატარებელი ხალხის – ხელისუფლების – დამოკიდებულება აღიარებისა და რეპუტაციის საკითხებისადმი. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე წარმატებული და განვითარებული ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება ამ კუთხით რეტროგრადული და მოძველებულია. შესაძლოა გაგიგონიათ გასული საუკუნის დასაწყისის ცნობილი ფრანგი ხელოვანი მარსელ დიუშანი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა ე.წ.ready-made (მზა ნივთების) შემოქმედების წყალობით. ხელოვნების ამ მიმართულების მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ ჩვეულებრივი, ყოფითი ნივთები შესაბამისმა კონტექსტმა და ავტორიტეტის ავტოგრაფმა შესაძლოა ხელოვნების სათაყვანებელ ნიმუშად აქციოს. მხოლოდ სიტყვებით რომ არ შემოვიფარგლოთ, ბატონმა დიუშანმა მაღაზიაში შეიძინა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პისუარი, აი, ისეთი, საჯარო ტუალეტებში რომ დგას, დაარქვა „შადრევანი“ და ავტორიტეტული მხატვრის ავტოგრაფთან (R.Muttერთად მუზეუმში განათავსა. ეს მოვლენა მიიჩნევა თანამედროვე ხელოვნების გარდამტეხ ეტაპად, ხოლო დიუშანი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ შემოქმედადაა აღიარებული.

ეს ამბავი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ძნელია გაუძლო ცდუნებას (ვერავინ გაუძლებს), იყო ჩვეულებრივი ქლიავი, მაგრამ განსაზღვრულმა ატრიბუტებმა – დეპუტატობამ, მთავარსარდალობამ, მთავრობის თავჯდომარეობამ, მოსამართლეობამ – ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგძინოს გამორჩეულის, განსაკუთრებულის შარავანდედი. ალბათ ამიტომაც ამბობენ პოლიტოლოგები და სოციოლოგები, რომ მომავლის დემოკრატია იქნება არა წარმომადგენლობითი (მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც ხალხის უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ხორციელდება არა უშუალოდ, არამედ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლების მეშვეობით), არამედ დაუბრუნდება თავის ელინისტურ საწყისს და გახდება პირდაპირი, ანუ მოქალაქეები უშუალოდ განახორციელებენ თავიანთ ძალაუფლებას. უკვე არსებული და მით უმეტეს მომავლის ტექნოლოგიების წყალობით ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ აღიარება მოსაპოვებელია ძალიან მძიმე შრომით, თანაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი უანგაროდ უნდა ხდებოდეს. პირდაპირი დემოკრატიისა რა გითხრათ, მაგრამ იმაში, რომ მომავალი პრეზიდენტი იუთუბერი, ბლოგერი ან ვიკიპედიის სტატიების შემქმნელი იქნება, სავსებით დარწმუნებული ვარ.

ბოლოთქმა

სწორი გეზის ასაღებად უნდა ვიცოდეთ, რომელი საკითხები გახდება აქტუალური მომავალში ან უკვე წამოჭრილთაგან რომლები შეიძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სხვა ნაციონალობათა მიმართ შეუწყნარებლობის ნულზე დასვლა, ომისა და აგრესიის უკიდურესი მიუღებლობა, ქალების ემანსიპაცია, სიღარიბის მიუღებლობა, ოჯახისა და სექსის დესაკრალიზაცია ის საკითხებია, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, გვინდა ეს თუ არა, ამიტომ თითოეული ადამიანი დგას არჩევანის წინაშე: ან გადაახტეს საკუთარ თავს და ახალი დროის მოქალაქე გახდეს, ან….

გაგრძელება იქნება.

განხილვა