in

მოდის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე და სწრაფვა მდგრადობისკენ

მოდის ინდუსტრია კრეატიულობითა და ინოვაციებით არის ცნობილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ავანგარდულობა ბუნებას ხშირად ძვირი უჯდება. ნედლეულის მოპოვებით დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დამთავრებული, მოდას დიდი ზარალის მიყენება შეუძლია გარემოსთვის. ეს გავლენა ყველაფერზე აისახება: წყლისა და ჰაერის ხარისხზე, ნიადაგის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნებაზე. 

ამ სტატიისთვის მოვიკვლიეთ ის გზები, რომლებითაც მოდის ინდუსტრია ზიანს აყენებს გარემოს და გთავაზობთ პოტენციურ გადაწყვეტილებებს მისი უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად.

წყლის გამოყენება და დაბინძურება

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემა არის წყლის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც გამოიყენება ტანსაცმლის წარმოებაში. ბამბა ძირითადი ქსოვილია და ის ძალიან დიდი ინტენსივობით მოითხოვს  წყალს. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ბამბის მაისურის წარმოებას შეიძლება დასჭირდეს 2700 ლიტრი წყალი — იმდენი, რამდენსაც საშუალოდ, ადამიანი სვამს 2,5 წელიწადში. წყლის ეს ფართო მოხმარება ამცირებს ადგილობრივ წყლის წყაროებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც წყალი ისედაც მწირია. 

მოხმარების გარდა, მოდის წარმოება ასევე იწვევს წყლის დაბინძურებას. ტექსტილის ქარხნები ხშირად ყრიან ქიმიურ ნივთიერებებს, საღებავებსა და დაუმუშავებელ ნარჩენებს მდინარეებში, რაც აბინძურებს წყალმომარაგებას. ამ დამაბინძურებლებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს და გავლენა მოახდინოს ადგილობრივ თემებზე, რომლებიც დასალევად და სოფლის მეურნეობისთვის იყენებენ წყალს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სწრაფი მოდის კომპანიები განსაკუთრებით განთქმულნი არიან წყლის უდიერად მოპყრობით, რადგან მათ წარმოების დაბალი ხარჯები აქვთ.

ნახშირბადის გამონაბოლქვი

მოდის ინდუსტრია არის სათბურის გაზების გამტარიც, რითაც ხელს უწყობს გლობალური ნახშირბადის ემისიების დაახლოებით 10%-ს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უფრო მეტია, ვიდრე საერთაშორისო ფრენებისა და საზღვაო გადაზიდვების ერთობლივი გამონაბოლქვი. 

მოდის წარმოებაში გამოყოფილი ნახშირბადის კვალი განპირობებულია ენერგოინტენსიური პროცესებით, რომლებიც დაკავშირებულია ტექსტილის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასა და ტანსაცმლის რეალიზაციასთან. სინთეტიკური ბოჭკოები, როგორიცაა პოლიესტერი, დაფუძნებულია ნავთობზე და საჭიროებს დიდი რაოდენობით ენერგიას წარმოებისთვის. ქსოვილების შეღებვის პროცესი ასევე მოიხმარს უამრავ ენერგიასა და წყალს. ეს საკითხი განსაკუთრებულად მწვავდება ისევ და ისევ სწრაფი მოდის საცალო ვაჭრებთან, რომლებიც მასობრივად აწარმოებენ დაბალბიუჯეტიან ტანისამოსს და ამ საქონლის ტრანსპორტირება მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო უწყობს ხელს ნახშირბადის გამოყოფას. სწრაფი მოდა ეყრდნობა ახალი ნივთების სწრაფად წარმოებისა და მიწოდების მუდმივ ციკლს, რაც აძლიერებს გარემოზე ზიანს.

ნარჩენების გენერირება

მხოლოდ პოლიესტერის დაშლას შეიძლება ასობით წელი დასჭირდეს. ახლა წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ მოდის სამყაროში ტენდენციები სწრაფად იცვლება, ტანსაცმლის ბრუნვა საკმაოდ აჩქარებულია. რასაც გასულ წელს იცვამდნენ, წელს შეიძლება აღარ ჩაიცვან და გადააგდონ, ეს კი ნარჩენების მართვის კრიზისამდე მიდის.

ტყეების განადგურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა

ბუნებრივი ბოჭკოების წარმოება, როგორიცაა ბამბა, მატყლი და ტყავი, ხშირად ხელს უწყობს ტყეების განადგურებას და ჰაბიტატის დაკარგვას. ტყეების განადგურება არა მხოლოდ ველური ბუნების ჰაბიტატებს უქმნის საფრთხეს, არამედ აჩქარებს კლიმატის ცვლილებას ხეების რაოდენობის შემცირებით, რომლებიც შთანთქავენ ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან.

სწრაფვა მდგრადი მოდისკენ

მოდის გარემოზე ზემოქმედების მზარდმა ცნობიერებამ გამოიწვია მოძრაობა ინდუსტრიაში უფრო მდგრადი პრაქტიკისკენ. ამაში დიდი როლი ეკისრებათ შეგნებულ მომხმარებლებსაც, რომლებმაც უკვე დაიწყეს ბრენდებისგან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა, ამით კი მოდის სახლებს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვისკენ უბიძგებენ. მდგრადი მოდა მიზნად ისახავს ტანსაცმლის უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას გარემოზე. 

ბრენდები ატარებენ ექსპერიმენტებს ორგანული ბამბის, ბამბუკის, კანაფისა და სხვა მდგრადი ქსოვილების გამოყენებაზე, რომლებსაც აქვთ დაბალი გავლენა გარემოზე. ბევრი ასევე გადადის წრიულ მოდაზე, რითაც მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაამუშაონ ან გადააკეთონ ძველი ტანსაცმელი. გადამუშავების პროგრამებმა, ტანსაცმლის გაქირავების სერვისებმა და მეორადმა საყიდლებმა უკვე ნელ-ნელა მოიპოვა პოპულარობა მომხმარებელში.

იმისთვის, რომ მოდის ინდუსტრიამ ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოზე, თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შესყიდვის არჩევანის გაცნობიერებითა და ბრენდებისთვის მდგრადობის მოთხოვნით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მოდის ინდუსტრიის სასიკეთო ცვლილებებს. ეს დაეხმარება ჩვენს პლანეტას ჯანსაღად არსებობაში.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

როგორ ვესაუბროთ ზეტ თაობას – სალომე გველესიანი

Apple-მა Powerbeats Pro 2 გულისცემის მონიტორინგის ფუნქციით გამოუშვა