ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც ინდუსტრიის განვითარება ჩვენს სივრცეში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მას ბევრი მსმენელი ჰყავს და თავად მუსიკოსების მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა, რომ სწორედ ამ ჟანრში გამოსცადონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორია, რომლის სწორად განვითარებაც მნიშვნელოვანია ელექტრონული მუსიკის მეტი პოპულარიზაციისთვის. ამ მუსიკალური სფეროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არტისტებს ყველანაირი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ჰქონდეთ სრულფასოვანი მუშაობისთვის.
ეს შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ ახალი სტარტაპის შესახებ მოგვეყოლა, რომელიც თავის მხრივ, სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას პასუხობს და ელექტრონულ მუსიკას მეტად წაადგება. ეს არის „ამბიენტი”, 18 წლის ახალგაზრდების, დავით მალანიასა და ივა სალუქვაძის პროექტი, რომელიც მოდულარული სინთეზატორებისა და მათი აქსესუარების შექმნას გულისხმობს. მოდულარული სინთეზატორი საშუალებას გვაძლევს, დენის ფუნქციის გარდაქმნითა და მოდიფიცირებით, ელექტრონული ხმოვანება მივიღოთ. მოდული საშუალებას გვაძლევს, წარმოვქმნათ საწყისი ბგერა და ვაკონტროლოთ მისი სიხშირე. თავად ავტორები ამბობენ, რომ დიზაინერები არიან და მუსიკასთან მხოლოდ მელომანური დამოკიდებულება აქვთ. 

M: როგორ გაჩნდა მოდულარული სინთეზატორების შექმნის იდეა და რას გულისხმობს ის?
ყოველთვის გვიტაცებდა იდეა, რომ შეგვექმნა აუდიო მოწყობილობების დიზაინი. გვინდოდა, რამე ჩვენი მოწყობილობის მოდელი და ვიზუალიზაცია შეგვექმნა, ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ჯერ შეიქმნა დიზაინი და შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ შეგვექმნა მზა პროდუქტი.
მოდულარული სინთეზატორი ანალოგური მოწყობილობებია, რომლებიც უამრავი სხვადასხვა მოდულისგან შედგება. არტისტი/მუსიკოსი თვითონ ირჩევს საჭირო მოდულებს და მათი სინთეზით, საკუთარ უნიკალურ მოწყობილობას ქმნის, შესაბამისად კი სასურველ მუსიკას იღებს.
ამ იდეის პირველი სერია არის Tarragon series, რომელიც მოიცავს Saw wave VCO, Mixer, VCA, Multi, ADSR, LFO და VCF მოწყობილობებს.
M: როგორ მუშაობს ეს სინთეზატორები? რამდენად რთული ან მარტივია არტისტისთვის მისი გამოყენება?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, მოდულები ანალოგური მოწყობილობებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ელექტრულ დენის ფუნქციას ჯერ ქმნიან, შემდეგ კი გარდაქმნიან. თუ როგორ გარდაიქმნება დენის ფუნქცია, მუსიკოსის გასადაწყვეტია, მთავარია, მას ამისთვის საჭირო მოდული ჰქონდეს.
სინთეზატორის მოდულები ზოგადად სპეციფიკური და ვიწრო განხრაა. შესაბამისად, მომხმარებელიც ძირითადად მუსიკის სფეროს წარმომადგენელია და მისთვის საკმაოდ მარტივია მსგავს მოწყობილობებეთან მუშაობა.

M: თუ გატესტეთ პროდუქტი რეალურ გარემოში და თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება ის თანამედროვე არტისტებს?
გაყიდვაში ოფიციალურ ჩაშვებამდე, ჩვენი პროდუქციის დემო ვერსიებს მოქმედ ქართველ არტისტებთან ერთად ვტესტავთ. უცხოური მოდულების შეძენა არტისტებისთვის ძვირი სიამოვნებაა და ასეულობით დოლარი ჯდება, ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ ბევრად ბიუჯეტურ და ხარისხიან ალტერნატივას, რომელიც ვფიქრობთ, კარგად გამოადგებათ.
M: როგორც ვიცით, ამ სფეროში პირველები ხართ საქართველოში…რა სირთულეებთან უწევს შეჭიდება სტარტაპს?
ყველაზე დიდი სირთულე ჩვენთვის მოწყობილობების ტექნიკური ინჟინერია იყო, რადგან ელექტროობის სფეროში არ გვქონდა გამოცდილება. ასევე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ტიპის მოდულები იქნებოდა მოთხოვნადი და საჭირო იმისათვის, რომ მინიმალური მოდულების საუნდი (სეტი) აწყობილიყო.
M: ამჟამად რა გამოყენება აქვს მსგავს სინთეზატორებს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში?
მოდულარული სინთეზატორი გასული საუკუნის სამოციან წლებში შეიქმნა და მას აქტიურად იყენებდნენ მუსიკის წარმოებისას მუსიკოსები: Giorgio Moroder, Pink Floyd, Daft Punk და ა.შ. დღევანდელ დღეს მოდულარული სინთეზი ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა და საკმაოდ გავრცელებულია საქრთველოშიც.

M: თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
ამ ეტაპზე Tarragon Series მოდულების და მისთვის საჭირო აქსესუარების გამოშვება გვაქვს გეგმაში, რაც საწყისი ნაკრები იქნება მოდულარული სინთეზისთვის. შემდგომში უკვე ახალი, უფრო კომპლექსური მოდულების სერია იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საერთო ჯამში მოდულების ერთი მთლიანი ხაზი შევქმნათ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










