8
Apr
2019

“დედამიწა დიდია იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ ადგილას გაატარო” – მოგზაური წყვილის ისტორია

8 Apr 2019

ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, როცა სამყაროს შეცნობის სურვილი მნიშვნელოვნად გვიმძაფრდება. გვინდება, ავითვისოთ ის, რაც აქამდე ჩვენთვის უცნობი და იდუმალი იყო. ერთი მხრივ, ეს პროცესი საინტერესოსთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, მეორე მხრივ, სამყაროს მრავალფეროვნების გამო, ეს პროცესი დაუსაბამოცაა.

სწორედ ამ მოტივით გიორგი თევზაძემ და მისმა მეუღლემ, ელენე ღელაღუტაშვილმა, გადაწყვიტეს, 1 წლით კარიერული შესვენება აეღოთ და სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ემოგზაურათ. მოგზაურობიდან 5 თვის განმავლობაში მათ შეძლეს და 11 ქვეყანა მოინახულეს. ამჟამად გვატემალაში იმყოფებიან.

პარაპლანით ფრენა ლიმაში, სნორკელინგი ბელიზში, რიოს კარნავალი, პინგვინები პატაგონიაში და “სატახტო თამაშების” კედლის მსგავსი მყინვარი ელ კალაფატეში – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი მონახულებაც და გამოცდაც მოასწრეს.. კითხვაზე, თუ რამ გადააწყვეტინა წყვილს ამ ყველაფრის გაკეთება, ასე გვპასუხობენ:

“მოგზაურობა ყოველთვის გვინდოდა ორივეს. დედამიწა ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაატარო. ვთვლით, რომ იდეალურ ასაკში ვაკეთებთ ამას – პენსიაზე გასვლამდე მოცდაც არ გვინდოდა იმისთვის, რომ ეს ოცნება აგვეხდინა, როგორც ამას ხშირად აკეთებენ უცხოეთში. არასდროს იცი, რა გელოდება წინ, ამიტომ გვინდა, ყოველი დღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს ის უკანასკნელი იყოს. ყოველთვის არ გამოგვდის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობთ, დავაფასოთ და გვიყვარდეს ყოველი წუთი, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ.”

როგორც თავად ამბობენ, მათი მოგზაურობის მთავარი მიზანი ახალი კულტურების გაცნობასთან ერთად თვითგანვითარება და თვალსაწიერის გაფართოებაა, რასაც წიგნების, პოდკასტების, ინტერნეტისა და სხვა საშუალებებით აკეთებენ. წარმატებული კარიერის დაპაუზებაც ამიტომ გადავწყვიტეს – თვითგამორკვევის საშუალება რომ ჰქონოდათ.

სანამ მოგზაურობას დაიწყებდნენ, თითქმის 4 წელი ლონდონში მუშაობდნენ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია KPMG-ში, სადაც წამოსვლამდე ელენე ტრენინგ მენეჯერის პოზიციას იკავებდა, გიორგი კი კონსულტანტი იყო ფინანსური ანგარიშგების და რეპორტინგის საკითხებში.

“სამსახურისან გაკეთებული დანაზოგის საკუთარ თავში ინვესტიცია გადავწყვიტეთ – თანამედროვე ცხოვრების ტემპმა ჩათრევა იცის, კარიერის ფერხულში ჩართულ ადამიანს თვიგანვითარებაზე ზრუნვა ავიწყდება ხოლმე. ასეთ ტემპში ცხოვრება შემოქმედების უნარსაც ხშირად გაკარგვინებს, “გადაწვის” და ერთი ტიპის გარემოში არსებობის გამო. ჩვენ სწორედ ამის შეცვლა გვინდოდა. მოგზაურობა და თვითგანვითარება ენერგიისა და იდეების წყაროა, რომელთა განხორციელებასაც ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყებთ.”

მაისიდან წყვილი რამდენიმე თვის გატარებას აშშ-ში გეგმავს.  როგორც ამბობენ, ზაფხულში პენსილვანიაში Iacocca Global Village for Future Leaders პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოზე პრეზენტაცია და ქართული კულტურის გაცნობა იქნება – უნდათ, რომ საქართველო საუკეთესოდ წარმოადგინონ.

“გავაცნობიერეთ, მართლა რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ტურიზმის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელს მეტი და მეტი ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე ჩვენს ქვეყანას და გარშემომყოფებს აგებინებს, რა კარგია სამიგზაუროდ – ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ისეთი ადამიანიც შეგვხვდა, ვინც გვითხრა რომ მისი ნაცნობი იყო საქართველოში და ძალიან მოეწონა, და ამიტომ თვითონაც უნდათ წასვლა..”

როგორც ამბობენ, ძირითადად, ავტობუსებით მგზავრობენ და ჰოსტელებსა და იაფ სასტუმროებში რჩებიან ხოლმე, რათა ფული დაზოგონ და მეტის ნახვა შეძლონ.

“ამდენმა მოგზაურობამ კარგად დაგვანახა, რა შეიძლება მოეწონოს ადამიანს ჰოსტელსა ან სასტუმროში, რადგან ცუდიც შეგვხვედრია და ძალიან კარგიც. ჩვენს გამოცდილებას ბორჯომში მდებარე ბუტიკ სასტუმროს, “რივენდელის” გასაუმჯობესებლადაც ვიყენებთ, რომელიც გიორგის ოჯახის სტარტაპია. გვინდა, რაღაც განსხვავებული და საინტერესო შევთავაზოთ მომხმარებელს.

ელენე და გიორგი თავიანთი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ჰყვებიან. ისინი პერიოდულად დებენ სურათებს და აუდიტორიას უზიარებენ აღმოჩენილ ღირსშესანიშნაობებს.

“მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში არც ერთი ქართველი მოგზაური არ შეგვხვედრია გზად. სამაგიეროდ, ძალიან ბევრმა შემხვედრმა ჩვენგან პირველად გაიგო საქართველოს არსებობის შესახებ..”

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა