in

„დაიწყე ახალი მოგზაურობა 0-დან“ – როგორ შეიქმნა TKTFLY-ის კამპანია

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომი პერიოდი ერთ-ერთი ხშირი ემოციური ფაქტორია. გამძაფრებულია ნოსტალგია ახლად განცდილი შთაბეჭდილებების მიმართ, ფიქრი, რომ კვლავ ყოველდღიურ რუტინას უნდა დაუბრეუნდე და ჩვეულ ტემპს ახლილდან მიეჩვიო. ბევრი მოგზაურისთვის ნაცნობია ეს ნამდვილი ემოციური ორომტრიალი – ნოსტალგია, მოწყენილობა და სურვილი, შემდეგი მოგზაურობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

სწორედ ეს ფსიქოლოგიური ასპექტი გახდა ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE-ის სტრატეგიული და მარკეტინგული კამპანიის მთავარი თემა. თანამშრომლობის პროცესში სააგენტო „სუპერმარკეტმა“ შეიმუშავა სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზი, რომელიც მოგზაურობის შემდგომ ემოციურ მდგომარეობაზე ფოკუსირდა. სტრატეგიულ საფუძველზე დაყრდნობით, სააგენტო „რედბერიმ“ შექმნა კრეატიული გადაწყვეტა – ტერმინი „პოსტ-მოგზაურობის დრამა“ (პმდ). ის ასახავს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც მოგზაური ბრუნდება ჩვეულ გარემოში და აწყდება რეალობასთან რეინტეგრაციის სირთულეებს – მეილებში დაგროვილ შეტყობინებებს, ყოველდღიური მოვალეობების სიმრავლეს და მონოტონური რუტინის აღდგენის აუცილებლობას. დეტალებზე TKTFLY.GE-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თიკა მახარაშვილი, სუპერმარკეტის ბრენდ სტრატეგი ვასკა ჩუბინიძე და რედბერის კრეატიული დირექტორი ხატია კოპლატაძე გვესაუბრნენ.

M: რა სტრატეგიული გამოწვევები დაძლიეთ და როგორ იქცა კომუნიკაციაზე მუშაობა პროდუქტის განვითარების კატალიზატორად?

თიკა მახარაშვილი: TKTFLY.GE-ს ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა აქტიური კომუნიკაციის ეტაპზე მხოლოდ ახლა გადავედით. ფართო საზოგადოებისთვის თავის წარდგენამდე გვსურდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა შეგვემუშავებინა, რისთვისაც სააგენტო „სუპერმარკეტს“ მივმართეთ. შედეგად მივიღეთ ზუსტი ინსაითი, ეფექტური პროდუქტული გადაწყვეტა და მკაფიო საკომუნიკაციო ხაზი, რომელზეც საბოლოოდ მიმდინარე კამპანია ავაგეთ.

ვასკა ჩუბინიძე: საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლებისას მიზნად დავისახეთ გაყიდვების დაჩქარება და ახალი მომხმარებლის მოზიდვა. კვლევისას გამოვავლინეთ საინტერესო ემოციური ინსაითი – მოგზაურობიდან დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტია, რომლის ერთადერთი მკურნალი შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვაა. სწორედ ამ პროცესში ბილეთის შეძენა ხდება პირველი, საზეიმო ნაბიჯი, თუმცა ამ გზაზე მომხმარებლის მთავარი ბარიერი ფინანსური მხარეა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ კომუნიკაცია აღარ იყო საკმარისი – ამიტომ ფოკუსი პროდუქტის დიზაინზე გადავიტანეთ. ასე გაჩნდა იდეა გადახდის გადანაწილების შეთავაზებაზე: მარტივი და ყველასთვის ნაცნობი საბანკო ფუნქცია, რომელიც ახლა მოგზაურობის დაგეგმვის პროცესის ბუნებრივ ნაწილად იქცა.

ეს შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ კომუნიკაციაზე ფიქრმა თავად პროდუქტის ფორმა გვიკარნახა – სწორედ ასე მუშაობს ძლიერი სტრატეგია, როცა მესიჯი და შეთავაზება ერთიან, მთლიან გამოცდილებად იქცევა.

M: რა იყო კამპანიის მთავარი გზავნილი და როგორი ინსაითებით იხელმძღვანელეთ?

თიკა მახარაშვილი: მთავარი, რისი მიღწევაც გვსურს, მოგზაურობის წახალისებაა. ახალი ფრენები და ახალი თავგადასავლები უკვე შესაძლებელია 0-დან დაიწყოთ. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე კი TKTFLY.GE იზრუნებს.

სტრატეგიული ინსაითიდან გამომდინარე, კამპანიის ფარგლებში ადამიანებს მოგზაურობის „0-დან“ დაწყებისკენ მოვუწოდებთ. TKTFLY.GE-ში გვჯერა, რომ ყოველდღიურ რუტინასა და მძიმე სამუშაო რეჟიმს მხოლოდ დაგეგმილ მოგზაურობაზე ფიქრი ამსუბუქებს და ჩვენს მისიად მომხმარებლებისთვის ამ გადაწყვეტილების გამარტივება დავისახეთ.

თანხის განაწილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაცილებით უფრო რაციონალურად იმოქმედონ და მარტივად აიღონ ვალდებულება ახალ მოგზაურობაზე – გადაიხადონ 0 ლარი დღეს და გაანაწილონ ხარჯი 4 თვეზე. ამ გზით, დაგეგმილი მოგზაურობა ყოველთვიურ ფინანსებს ნაკლებად დააზიანებს და პოსტ-მოგზაურობის ნოსტალგიიდანაც მარტივად დაგვიხსნის.

M: რა აქტივობებია გაერთიანებული კამპანიაში?

თიკა მახარაშვილი: კამპანია 3 ვიდეო სერიისგან შედგება, რომლებშიც პოსტ-მოგზაურობის დრამა სხვადასხვა სიუჟეტით არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, თითოეული ჩვენგანი გარკვეული დოზით მაინც ამოიცნობს საკუთარ თავს. მომხმარებლებისთვის გვსურდა გვეჩვენებინა, რომ გვესმის მათი და ამ “ურთულეს გამოწვევაში” მათ გვერდით ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

M: რა ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებლებს პლატფორმაზე?

თიკა მახარაშვილი: TKTFLY.GE მომხმარებლებს ავიაბილეთების ონლაინ შეძენის სრულფასოვან გამოცდილებას სთავაზობს. მათ შეუძლიათ ბილეთი საკუთარი პრეფერენციების მიხედვით ააწყონ (ბარგი, ადგილი, მულტიდითი, დაბრუნებადი ბილეთი და ა.შ.) და რაც მთავარია, მთელი მოგზაურობის მანძილზე ისარგებლონ ჩვენი 24/7-ზე ხელმისაწვდომი ქართულენოვანი მხარდაჭერის სერვისით, რომელიც ფრენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარებათ.

M: როგორი იყო სააგენტოს ბრიფი და როგორ მიხვედით მის გადაწყვეტამდე?

ხატია კოპლატაძე: ბრიფში მოცემული პროდუქტი თავიდანვე გვკარნახობდა კრეატიული მიმართულების გეზს. შეიძლება ითქვას, კლიენტისგან თითქმის სტრატეგიული ბრიფი მივიღეთ. ჩვენი მთავარი დავალება იყო შეგვექმნა პირველი მსუყე, კრეატიული კამპანია TKTFLY.GE-ისთვის, რომლის მთავარი არსიც ადამიანებს მეტი მოგზაურობისკენ მოუწოდებდა. დავალების ამოხსნის გასაღები სწორედ ბრიფში მოცემული პროდუქტი აღმოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ჩამოფრენისთანავე ახალი ფრენის ბილეთის TKTFLY.GE-ზე განაწილებით შეძენის საშუალებას აძლევდა.

პირველივე ბრეინშტორმინგზე უამრავი იდეა გაჩნდა, რადგან ბრიფში დამალული ჭეშმარიტება, „ინსაით“, ყველასთვის კარგად ნაცნობი იყო. თითქმის ყველა ახლად დაბრუნებული ვიყავით საზაფხულო მოგზაურობებიდან და მეილებში, დოკუმენტებსა და შეხვედრებში ჩაფლულები ვმისტიროდით ზაფხულის მოგონებებს. ისე მოხდა, რომ მთელი კრეატიული გუნდი მოგზაურობის მონატრების საერთო ცეცხლში ვიწვოდით.

M: რა კრეატიული სტრატეგია შეიმუშავეთ კამპანიისთვის და როგორ უკავშირდებოდა ის პროდუქტის მთავარ უპირატესობას?

ხატია კოპლატაძე:  გავაცნობიერეთ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებულებს გამძაფრებული ნოსტალგია, აკლიმატიზაცია, დარდი და ვარამი ჩვენთვისაც და ბევრი სხვისთვისაც საერთო გამოცდილება იყო. გვსურდა ამ შეგრძნებებისთვის თავი მოგვეყარა და სახელი დაგვერქმია. ასე შეიქმნა „პმდ“, ანუ პოსტ-მოგზაურობის დრამა, როგორც დაბრუნების თანმდევი, კლასიკური შემთხვევა. ამ კონცეფციის საფუძველზე შევქმენით ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული მთავარი გმირის ხასიათი და მის დრამას სამივე სერიაში ერთი გადაწყვეტით ვუპასუხეთ:

„პოსტ-მოგზაურობის დრამა? დაიწყე ახალი მოგზაურობა 0-დან“ – ეს ფრაზა ორმაგი დატვირთვით მუშაობს: როგორც მოგზაურობის სულ თავიდან დაწყება და ამავდროულად როგორც ბილეთის 0 ლარიდან შეძენა.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

ხატია კოპლატაძე: მუშაობის პროცესი საკმაოდ სახალისო და სასიამოვნო იყო. კლიენტთან ყოველდღიური ჩართულობა და გახსნილი კომუნიკაცია პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებდა. ყველაფერში იგრძნობოდა საერთო მიზანი და ნდობა, რაც ნამდვილად აუმჯობესებდა სამუშაო ატმოსფეროს. ვიდეოებზე რატი რამიშვილთან, ბიბასთან და ჩვენთვის კარგად ნაცნობ პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავეთ.

რაც მთავარია, შედეგმა ყველას მოლოდინი გაამართლა და მესიჯი ბევრის ყურამდე მიიტანა… თუმცა, ზოგიერთი ჩვენგანისთვის პმდ ჯერაც არ გამქრალა… ამიტომ ახალი ფრენა 0-დან მართლაც დასაგეგმია.

[R]

მინიმალისტური ლოგო და ბრენდის იდენტობა — სიახლეები The Association of Tennis Professionals-ში

როცა ადამიანების დახმარების სურვილი არ გაჩერებს — გიგა ფირცხელავა