28
Feb
2019

„ხელთათმანი ის აქსესუარია, რომელიც ქალურობას უსვამს ხაზს“ – MOIRA

28 Feb 2019

Startauperi
Startauperi


„ბევრად მაგარია, როცა თავად ქმნი ისეთ პროდუქტს, რაზეც პირველ რიგში, შენთვითონვე ინთები… ასე, გამოწვევების გადალახვაც უფრო საინტერესო ხდება“, – სოფო დავითაშვილი ონლაინმაღაზია MOIRA-ს – აქსესუარების, ამ ეტაპზე, უთითებო ხელთათმანებისა და ტიულის ჩანთების ქართული ბრენდის დამფუძნებელია. შექმნის პროცესში, გადაწყვიტა, რომ ყველაფერს მარტივად მიდგომოდა და უბრალოდ, საკუთარი ფეტიშები პროფესიასთან დაეკავშირებინა – სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მიღებული გამოცდილება მოდასთან. 

ხელთათმანი კი, ის აქსესუარია, რომელიც ჩემთვის ქალურობას უსვამს ხაზს. ზოგადად, სულ მომწონდა უთითებო ხელთათმანი, თუმცა ვერასდროს ვპოულობდი სასურველ დიზაინს, ამიტომ ერთი წლის წინ, საცდელად გადავწყვიტე, ჩემით შემექმნა ის, რისი მორგებაც, პირველ რიგში, მე მომინდებოდა, – სოფო დავითაშვილი

M: სოფო, გვიამბეთ, ყველაზე რთული რა იყო საწყის ეტაპზე… როგორ შეძელით თქვენი იდეის პროდუქტად ქცევა?
დაწყების პროცესი არ იყო მარტივი, რადგან ერთდროულად, ძალიან ბევრ რამეში მომიწია გარკვევა. იმ სფეროში, სადაც საქმიანობა დავიწყე, მხოლოდ მომხმარებლის როლის გამოცდილება მქონდა. თავდაპირველად, ყველაზე რთული აღსრულების პროცესი იყო… საჭიროა დეტალებზე უკიდურესი ფოკუსირება იმისთვის, რომ ტექსტილზე მუშაობისას, თითქოს ძალიან მარტივი პროდუქტიდან, უნაკლო და თან მიმზიდველი აქსესუარი მიიღო. ამ დეტალებში დღემდე ბოლომდე ჩართული ვარ და ყოველდღე მიწევს ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, კერვის პროცესში გარკვევა და სიახლეების გაცნობა. პირველად, როცა ნიმუშებზე ვიმუშავე, ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი: ჩანახატები, ტექსტილი, ვიზუალური ესთეტიკა და ძალიან ბევრი დეტალი, რამაც გადამაწყვეტინა – „რატომაც არა“.

M: როგორ იქმნება MOIRA-ს პროდუქცია? 
პროდუქტი მზადდება საქართველოში, დიზაინზე ვმუშაობ მე და რა თქმა უნდა, მომხმარებლების აზრსაც ვითვალისწინებ. არსებული კოლექციის ქსოვილებში, ძირითადად, დომინირებს: ტიული, ხავერდი, ბადე, მაქმანი, თუმცა ექსპერიმენტებისთვის ღია ვარ და შესაბამისად, ვცდილობ, ერთი და იგივე ტექსტილი არ განმეორდეს. 

სახელის იდეა ჩემს დას ეკუთვნის, რომელსაც MOIRA-ს დაბადებაში, ასევე, გარკვეული წვლილი მიუძღვის. MOIRA ზედმეტი ფილოსოფიური და ღრმა შინაარსისგან თავისუფალია, თუმცა სახელი ძველბერძნული მითოლოგიიდან ბედისწერის ქალღმერთს უკავშირდება.

M: რა გამოარჩევს MOIRA-ს ბაზარზე?
MOIRA ყველა სეზონისთვის ლამაზ და დეკორატიული დატვირთვის აქსესუარებს მოიცავს. ბრენდის სტილის განსხვავებულობა მისი ფოტოების გადაღებისა და დეკორაციების აწყობის პროცესში ჩანს, რაშიც ბოლომდე თავად ვარ ჩართული და ვცდილობ, ვიზუალურ ესთეტიკაზე, ხელთათმანისა და აქსესუარების სწორ ნაზავზე გავაკეთო აქცენტი. პროდუქტი, თავისი მომხმარებლის მსგავსად, ძალიან თამამი და თავისუფალია, არ ექვემდებარება ჩარჩოებს, შესაბამისად, არც სეზონს.
M: უფრო ზუსტად, ვის მოიაზრებთ ბრენდის სეგმენტად?
MOIRA, უმეტესად, ქალისთვისაა განკუთვნილი, თუმცა რამდენიმე უნისექსი დიზაინიც გვაქვს, რომლის მორგება მამაკაცებსაც შეუძლიათ. სეგმენტი საკმაოდ ჭრელია… ზოგადად, ეს აქსესუარი, ვფიქრობ, პერსონალურ სტილს უსვამს ხაზს, რომელიც შესაძლებელია, როგორც formal & casual, ასევე კონტრასტებით გამოხატული იყოს.

M: როგორ წარმოგიდგენიათ MOIRA უახლოეს მომავალში?
ვგეგმავთ ბაზარზე უკვე არსებულ ბრენდებთან კოლაბორაციას და MOIRA-ს პროდუქციის გამრავალფეროვნებას. ამას სხვადასხვა აქსესუარის დამატების ხარჯზე ვაპირებთ. 

განხილვა