ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, წარმოიდგენდით, რომ სახლისთვის პროდუქტების საყიდლად სუპერ-ჰიპერ მარკეტებში სიარულის აუცილებლობა აღარ გექნებოდათ? არც საცობი, არც უზარმაზარი რიგი სალაროსთან, არც ლოდინი მომდევნო დღემდე… ქართულ ინტერნეტ სივრცეში შოპინგის განვითარებამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ციფრული სერვისების მიმწოდებლებს ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებისკენ უბიძგა. თითქმის ერთი წელია, რაც ციფრული სუპერმარკეტი „მოიტანე“ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს ყველაზე ძვირფასი რესურსის – დროის – დაზოგვაში ეხმარება და ამავდროულად, ქართველი ფერმერების პროდუქტებს სთავაზობს. რაც მთავარია, სასურველ შეკვეთას „მოიტანეს“ კურიერები, სულ რაღაც, 30 წუთში მოგიტანენ.

„ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ სერვისი თუ პროდუქტი, რისიც ყიდვაც სურთ. გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მომხმარებლებისთვის, როდესაც კურიერის ადგილზე მისვლისას ირკვევა, რომ გამოძახებული პროდუქტების ნაწილი მაღაზიას არ აქვს ან ვადა აქვს გასული, ან უბრალოდ ის არ არის რაც გვინდოდა. სწორედ ამ ტიპის მომხმარებელთა გამოცდილებების ანალიზის შედეგად შევქმენით სრულად ციფრული სუპერმარკეტი „მოიტანე“. ეს არ არის მხოლოდ მიტანის სერვისი, არამედ ეს არის სრულად ციფრული სუპერმარკეტი, სადაც ახალი, სანდო, ჯანსაღი, სეზონური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია განთავსებული. მომხმარებელი კი იღებს ზუსტად იმ პროდუქტს რასაც უკვეთავს,“ – გვიამბო „მოიტანეს“ დამფუძნებელმა მიხეილ კოდუამ.
M: ონლაინ შოპინგი საქართველოში აქტიურად იზრდება, რასაც მომხმარებლის მოთხოვნილებების ცვლილებაც სდევს თან. როგორ უადვილებთ მომხმარებლებს პროდუქტების ციფრულად შეძენას?
ჩვენი გუნდის მიზანია, მომხმარებელს შეკვეთა მიაწოდოს 30 წუთში. ამისთვის ჩვენს გუნდში გვყავს მუდმივი კურიერები, რაც მისამართებზე შეკვეთის ძალიან სწრაფად მიტანას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ესეც ჩვენი უპირატესობაა, რადგან ისინი იცნობენ ჩვენს მომხმარებლებს, არიან მოტივირებულები და სწრაფები. ძალიან ვამაყობთ ჩვენი კურიერებით, ასევე, ძალიან გვახარებს მუდმივად დადებითი შეფასება მომხმარებლებისგან.
„მოიტანეს“ გამოყენებით თითოეულ ადამიანს შეუძლია პროდუქტების მარაგი სახლიდან გაუსვლელად შეავსოს, თითოეულ პროდუქტს ვარჩევთ ზუსტად ისე, როგორც თავად შეარჩევდა, სუპერმარკეტში სტუმრობისას და ზუსტად 30 წუთში სახლში მოგვაქვს შეკვეთა.
ამასთან, მუდმივად ვანახლებთ პროდუქტების ასორტიმენტს, მათ შორის, ქართული პროდუქტებით. აქციის კატეგორიაში საინტერესო და ხელსაყრელი შეთავაზებები ყოველთვის გვაქვს. სულ ვცდილობთ გვქონდეს ფასდაკლებები მომხმარებლის საყვარელ პროდუქტებზე.
„მოიტანეს“ მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა ნებისმიერ სმარტფონზეა და მისი გამოყენება ძალიან მარტივია. ადამიანებს სრულად ციფრული სუპერმარკეტი აქვთ საკუთარ მობილურ ტელეფონებში. ასე რომ, სახლისთვის პროდუქტების შესაძენად, აღარ არის საჭირო საცობებში ან სალაროს რიგში დროის ხარჯვა.
M: თქვენი ხედვით, კიდევ რა გამოარჩევს „მოიტანეს“ სერვისს?
„მოიტანეს“ რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გუნდი. სანდოობა და სისწრაფე კი არის ის მნიშვნელოვანი ღირებულება, რასაც მოიტანეს გუნდის წევრები იზიარებენ. მათ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვთ მოიტანესთან, რაც ვფიქრობ, ძალიან მაგარია. „მოიტანეს“ გუნდის წევრები მომხმარებლებისთვის არჩევენ პროდუქტს ზუსტად ისე, როგორც საკუთარი თავისთვის, სახლისთვის, შეარჩევდნენ და სწორედ ეს გამოგვარჩევს ბაზარზე.
„მოიტანეს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად მაღალი ხასისხის და კონკურენტული ფასის პროდუქციას დავასახელებდი, ეს ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა. „მოიტანეს“ პროდუქტების მარაგები რეგულარულად ივსება. ხარისხი კი, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მკაცრად კონტროლდება.
M: ციფრულმა შესყიდვებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებლის მოთხოვნა დროულ მიწოდებაზე. როგორ ხდება მიწოდება „მოიტანეს“ შემთხვევაში?
იმისთვის, რომ შეკვეთა აუცილებლად მივიდეს მომხმარებელთან დათქმულ დროში ჩვენ შევქმენით სპეციალურად მოწყობილი სივრცეები ქალაქის მასშტაბით, სადაც ვასაწყობებთ პროდუქციას. შევქმენით იმიტომ, რომ მუდმივად ხდებოდეს პროდუქციის ხარისხის კონტროლი და მიტანის სერვისი არ გასცდეს 30 წუთს. ასევე, თუ მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია არ მოეწონება უკან ვიბრუნებთ, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.
M: რა ტერიტორიას ფარავს „მოიტანე“?
მოიტანე ხელმისაწვდომია თბილისსა და მის შემოგარენში, იქ, სადაც საკურიერო მომსახურება იშვიათია, მაგალითად: წყნეთი, წავკისი, შინდისი, საგურამო, ქოშიგორა, ნაფეტვრები, თხინვალა, მუხათწყარო, ბეთანია.
M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
„მოიტანეს“ მომხმარებელია ყველა ის ადამიანი ვინც მეგობრობს ციფრულ სამყაროსთან, ვისაც აქვს სმარტფონი და ვისთვისაც დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია. ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ საკმაოდ ააჩქარა ადამიანების ციფრულ პროდუქტებზე გადასვლის პროცესი. ჩვენ გვყავს თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელი და მუდმივად ვცდილობთ კიდევ უფრო მეტ მათგანს მივაწვდინოთ ხმა.
M: ერთი მხრივ, არიან მომხმარებლები, ხოლო მეორე მხრივ – „მოიტანე“ ურთიერთობს მომწოდებლებთან, ადგილობრივ ფერმერებთან. როგორია მათთან თანამშრომლობის პრინციპი?
„მოიტანე“ აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ფერმერებს, ადგილობრივ წარმოებას, ქართული პროდუქტის რეალიზაციას და პოპულარიზაციას. შესაბამისად, მომწოდებლები არიან ადგილობრივი ფერმერებიც, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეურნეობის ხელშეწყობის კუთხითაც. ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე, გვყავს მომწოდებლები, ვისაც შემოაქვს პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან. ყველა მათგანთან მოიტანეს გუნდის წევრებს აქვთ აქტიური კომუნიკაცია, პროდუქტი სანამ ციფრულ სუპერმარკეტში განთავსდება გადის ტესტირების რამდენიმე ეტაპს. მხოლოდ ამის შემდგომ ვთავაზობთ მომხმარებელს.
M: რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა, რათა მისი პროდუქტი „მოიტანეს“ პლატფორმიდან გაიყიდოს?
მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყო ჯანსაღი და მაღალი ხარისხის. სწორედ აქედან გამომდინარე, „მოიტანეს“ გუნდი ძალიან დიდი ყურადღებით არჩევს პროდუქტებს. ვტესტავთ ვაგემოვნებთ, მხოლოდ ამის შემდგომ ვთავაზობთ მომხმარებელს. ასევე, ყურდაღებას ვაქცევთ, რომ ფერმერმა პროდუქტებით მომარაგება პერმანენტულად შეძლოს, კონკრეტული პროდუქტების კი – სეზონის განმავლობაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოიტანეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროცესი, რასაც ფერმერები გადიან, რათა მათი პროდუქტი ციფრულ პლატფორმაზე მოხვდეს და აქედან გაიყიდოს. პარტნიორ ფერმერებთან ვატარებთ ტრენინგებს ციფრულ არხების შესახებ. ასევე, ვცდილობთ ჩვენი საკომუნიკაციო არხებით გავზარდოთ მათი და მათ მიერ წარმოებული პროდუქტების ცნობადობა, კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
M: როგორ გეგმავთ საქართველოში ციფრული სუპერმარკეტით სარგებლობის კიდევ უფრო გამარტივებას?
სანამ აქამდე მოვიდოდით, სამუშაო პროცესში რამდენიმე ანალოგით ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო ბაზრიდან. შემდეგ შევაჯერეთ მათი საუკეთესო მხარეები, კარგად შევისწავლეთ და დავამუშავეთ პოტენციური მომხმარებლების სურვილები. მას შემდეგ, რაც უკვე გვქონდა იდეა და ზუსტად წარმოდგენილი სამუშაო პროცესი, დავიწყეთ მუშაობა ინვესტორებთან და მოზიდული ინვესტიციით „მოიტანეც“ ამუშავდა. ჯერ კიდევ სტრატაპი ვართ და მუდმივად ვფიქრობთ განვითარების გზებზე, როგორ შევთავაზოთ მომხმარებლებს ზუსტად ის პროდუქტი, რაც მათ ჭირდებათ. შესაბამისად, მუდმივად ვმუშაობთ ინვესტორებთან, მომწოდებლებთან, ფერმერებთან – განვითარებაზე მუშაობის პროცესი ახლაც გრძელდება. საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ.
[R]










