in

როგორ დავიცვათ სხეული მოყინვისა და ჰიპოთერმიისგან? — პირველადი დახმარება

სიცივით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობები კიდურებისა თუ სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე გვაყენებს. მათ შორისაა მოყინვა და ჰიპოთერმია: პირველი დაბალი ტემპერატურის შედეგად განვითარებული დაზიანებაა, მაშინ ხდება, როდესაც კანი და კანქვეშა ქსოვილები იყინება. ხოლო მეორე, ანუ ჰიპოთერმია, მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე წარმოება შეუძლია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხეულის ტემპერატურის ვარდნას აღნიშნავს — თუ სხეულის ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი მიიჩნევა, ჰიპოთერმიის დროს აღნიშნული 35 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის. 

M2
M2

ამიტომ, ახლა American Red Cross-ის პირველადი დახმარების გზამკვლევის მიხედვით მოგიყვებით, როგორ აირიდოთ თავიდან ეს ორი მდგომარეობა, როგორ ამოიცნოთ და როგორ უმკურნალოთ:

როგორ ავირიდოთ თავიდან მოყინვა და ჰიპოთერმია?

  • ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და მოერიდეთ სიცივეში დიდხანს ყოფნას. ატარეთ ქუდი და ხელთათმანები, ჩაიცვით ტანსაცმელი რამდენიმე ფენად. ეცადეთ, სხეულის შიშველი ნაწილი სიცივეს მოარიდოთ. 
  • თუ შესაძლებელია, დალიეთ თბილი სითხე ან წყალი, ერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას. იყავით ფიზიკურად აქტიური, რათა სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნოთ. 
  • ეცადეთ, სიცივიდან პერიოდულად თბილ სივრცეებში შეხვიდეთ. 
  • თუ ჰიპოთერმიის ან მოყინვის ნიშნებს შეატყობთ, დაუყოვნებლივ ეცადეთ, სიცივეს თავი აარიდოთ. 

რა ნიშნებით ამოვიცნოთ მოყინვა?

  • კონკრეტულ ადგილებში გრძნობის ნაკლებობა
  • ცვილის მსგავსი ვიზუალის მქონე კანი, რომელიც შეხებისას ცივია და ფერი შეცვლილი აქვს, შესაძლოა, ჩაწითლებული იყოს, თეთრი ან ნაცრისფერი, ყვითელი ან ლურჯი.

რა უნდა გავაკეთოთ თუ ადამიანს კონკრეტული ადგილი მოეყინა?

  • გადაიყვანეთ იგი თბილ ადგილზე.
  • ნაზად მოეპყარით გაყინულ სივრცეს და არ შეუზილოთ.
  • გაათბეთ ფრთხილად მოყინული ადგილი წყლით, სანამ გაწითლდება და სითბოს იგრძნობს, სასურველია თუ წყლის ტემპერატურა 36-დან 40 გრადუსამდე იქნება. 
  • შეუხვიეთ ადგილი მშრალი და სტერილური სახვევით.
  • თუ ხელის ან ფეხის თითები აქვს გაყინული, მშრალი ნაჭერი მოაქციეთ თითებს შორის, რათა განცალკევებული იყოს.
  • არსებობის შემთხვევაში, მოერიდეთ კანზე ბუშტების გახეთქვას.
  • არ დაუშვათ, რომ დაზიანებული ადგილი ხელახლა გაიყინოს.
  • როგორც კი შეძლებთ, მიმართეთ სამედიცინო პერსონალს დასახმარებლად.

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ჰიპოთერმია?

  • კანკალი
  • სისუსტის შეგრძნება
  • მხედველობის გაუარესება
  • აპათია
  • ცნობიერების ნაკლებობა

რა უნდა გავაკეთოთ თუ ჩვენ ირგვლივ მყოფს ჰიპოთერმია აქვს?

  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
  • ფრთხილად გადაიყვანეთ ადამიანი თბილ ადგილზე
  • დააკვირდით მისი სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას
  • საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა
  • გახადეთ სველი ტანსაცმელი
  • გაათბეთ კონკრეტული პირი ფრთხილად, გაახვიეთ პლედში, ნელ-ნელა ჩააცვით ან გადააფარეთ მშრალი ტანსაცმელი, არ ჩასვათ თბილ წყალში, უპირველესად გაუთბეთ ტანი, მუცელი და არა, კიდურები.

„გრაფენსტოუნი“ – ესპანური ეკო-საღებავი ქართულ ბაზარზე

სასწავლო პროგრამის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტრენინგი წარმატებით დაასრულეს