ზაფხულის საღამოებს განსაკუთრებული ხალისი მოაქვს, როცა ყველანი ეზოებში გავდივართ და დრო სასიამოვნოდ გაგვყავს. საბედნიეროდ, არც მეზობლებთან კონტაქტს ვერიდებით — პირიქით, ერთი ეზო ყველას თავშესაყარად იქცევა. თანდათან ხალისი მთელ ქუჩას გადაეცემა და თითქოს დაუგეგმავი, შეუთანხმებელი წვეულება იწყება. სწორედ ამ ინსაითს ეყრდნობა ლუდის ბრენდ Molson Coors-ის უახლესი ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო Rethink-მა იმუშავა.
„ჩვენი ბრენდი მეტად უნდა მოდერნიზდეს მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის კავშირის უმთავრესი კატალიზატორი, რომელიც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არ გვინდოდა, „ერთადერთობის“ განწყობა გამოგვეტანა რეკლამაში; უბრალოდ, სიახლოვისა და მეზობლობის მნიშვნელობაზე ავიღეთ აქცენტი, სადაც ჩვენი პროდუქტი თავის წილ როლს ასრულებს“, — აღნიშნავს Molson Coors-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, ლესლი მალკოლმი.
ამ შთაგონებით შეიქმნა სიუჟეტი, რომელშიც მეზობლებს შორის დაუგეგმავი წვეულება ეწყობა. სახლების ერთმანეთისგან გამომყოფი ღობეები მოულოდნელად იშლება და მათ შორის ყველა ზღვარი ქრება. ცხადია, ეს ჩამონგრეული ღობეები, ფიზიკურთან ერთად, მეტაფორულ დატვირთვასაც იძენს — პოტენციური დაბრკოლებების განადგურების სახით.