11
Feb
2020

MOMATBILISI და Window Project წარმოგიდგენთ გამოფენას “სასწაულის ძიებაში”

11 Feb 2020

14 თებერვალს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და Window Project-ი წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას «In Search of The Miraculouse» (სასწაულის ძიებაში).

 

როგორც ღონისძიების აღწერაშია ნათქვამი, გამოფენის სათაური ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამუშევარს ეკუთვნის. მხატვარმა ნამუშევრების სერია «სასწაულის ძიება» ჰოლანდიელ კონცეპტუალისტ ხელოვანს – ბას იან ადერს მიუძღვნა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსით «სასწაულის ძიებაში» ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა. ამ პერფორმანსის შედეგად, ერთგვარად წაიშალა ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, დემონსტრირება მოხდა ისეთი მოცემულობის, როგორიცაა ძიების, როგორც პროცესის უსასრულობა, და რომ თვით ძიების პროცესი ხდება სასწაული, რისკენაც ყოველი ჩვენთაგანი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისთანავე ვისწრაფვით.

ექსპოზიცია მოცემული კონცეპციის ქვეშ აერთიანებს 11 ქართველ ხელოვანს – უტა ბექაია, ლევან ჭელიძე, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, გიორგი ჩხეიძე, ტატო ახალკაციშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, რუსუდან ხიზანიშვილი. მხატვრებს აქ საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ.

ჩვენ კი სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა, დავიცადოთ 14 თებერვლამდე და ვნახოთ, როგორ ისწრაფვიან ზემოხსენებული ხელოვანები სასწაულისკენ და მათი ეს სწრაფვა შემოქმედების სახით ვიხილოთ.

განხილვა