in

momé: ასე შექმნა ბარბარა ხარხელმა პარიზში ქართული ვირტუალური რესტორანი

პარიზულ კულინარიულ დღესასწაულს ქართული ვირტუალური რესტორანი momé შეემატა. პარიზელებს ქართული ხინკლის, ხაჭაპურისა და სხვა კერძების შეკვეთა მიტანის ან Take Away სერვისით შეუძლიათ. momé-ს იდეა ბარბარა ხარხელის გონებაში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. საკუთარი რესტორნის გახსნამდე, ჯერ ქართული მასპინძლობის სფეროში დააგროვა გამოცდილება, შემდეგ – საფრანგეთში, დღეს კი, პარიზელებს ქართული კერძებით უმასპინძლდება.

ბარბარა ხარხელი

ბარბარას გზა ჰორეკა სექტორში ESM-ის დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალები სასტუმროების სფეროში, Food & Beverage მიმართულებით გამოცადა და ბარებისა თუ რესტორნების მენიუების ჩამოყალიბებაში აქტიურად ჩაერთო. მოგვიანებით, ცოდნის გასაღრმავებლად, მაგისტრატურაზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და ფრანგულ ბიზნესსკოლაში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში სწავლა დამატებით ერთწლიან სამუშაო ვიზას უზრუნველყოფდა. ბარბარამ ამ შესაძლებლობის გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა პარიზში სამსახურის პოვნა მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა… სწორედ აქ იწყება გზა, რომელიც ბარბარას საფრანგეთში თავის დასამკვიდრებლად უნდა გაევლო, სანამ პარიზის ერთ-ერთ უბანში, შემოქმედებითი სააგენტო Holy Motors-ის ვიზუალური ბრენდინგით დამშვენებული momé დაიდებდა ბინას.

„ჩემი აყვანა ყველაზე დაბალ პოზიციებზეც კი არავის უნდოდა. ფრანგულად არ ვსაუბრობდი, ხანგრძლივი სამუშაო ვიზა არ მქონდა, ხოლო საქართველოში მიღებული გამოცდილება ფრანგებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან მაინც მესამე მსოფლიოს ქვეყნად ვითვლებით. ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ვიზაც, რომლის თანხაც კომპანიას უნდა გადაეხადა და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემს თვითშეფასებაზე. მომიწია ძალიან ინტენსიურად მუშაობა საკუთარ თავზე. უსწრაფეს რეჟიმში უნდა მესწავლა ფრანგული, რათა გასაუბრება გამევლო. ჩამოვწერე ყველა სავარაუდო კითხვა, რაც კი შეიძლება გასაუბრებებზე დაესვათ, პასუხები გადავთარგმნე Google Translate-თი და ვიზეპირებდი, რადგან სპონტანურად პასუხისთვის მზად არ ვიყავი.“

M: სამსახურის დაწყება რთული იყო, თუმცა მაინც შეძელი, თანაც მსგავს პოზიციაზე, რაზეც საქართველოში გიმუშავია. როგორ განსხვავდებოდა სამუშაო სპეციფიკა საფრანგეთსა და საქართველოში? 

ეტაპობრივად, ისე კარგად დავისწავლე გასაუბრების პასუხები, რომ Accor ჯგუფის სასტუმროში Food & Beverage მენეჯერად ამიყვანეს. ამ დროიდან დაიწყო ძალიან ინტენსიური მუშაობა. ჩემს დეპარტამენტში თხუთმეტი ადამიანი მუშაობდა, მათი მენეჯმენტი ფრანგულად, მეილები, ბუღალტერია… უამრავი საქმე იყო, რადგან მთელი დეპარტამენტი მე მებარა. რამდენიმეთვიანი წვალებისა და ძალიან ბევრი მუშაობის შემდეგ, ყველაფერი მწყობრში ჩადგა და დამტოვეს კომპანიაში სამუშაოდ.

რამდენიმე წლის მანძილზე ვიმუშავე ამ სასტუმროში, თითქმის ზუსტად იმავე პოზიციაზე, როგორც საქართველოში მიმუშავია და სამუშაო პროცესი სრულიად განსხვავებულია ორივეგან. საქართველოში უფრო შესაძლებელია გუნდში მეტი ადამიანის დაქირავება, რაკი სახელფასო განაკვეთი დაბალია. შესაბამისად, ყველა საქმეს თავისი ადამიანი შეგიძლია მიუჩინო – ფინანსები, HR, მარკეტინგი, მომსახურება. საფრანგეთში ამის ფუფუნება არ არის, შესაბამისად, როგორც მენეჯერი, მარტო ვაკეთებდი დეპარტამენტის იმ საქმეებს, რაც წესით, ბუღალტერს, HR-ს, მარკეტერს ან სხვა სპეციალისტს ეხება. ამას ემატებოდა უშუალოდ გუნდის მართვა, მათი მოტივირება, სერვისის უზრუნველყოფა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, საოპერაციო მენეჯმენტი…

ეს იყო საქართველოსგან სრულიად განსხვავებული, თუმცა ძალიან გამოცდილება. რაღაც ეტაპზე, გავაცნობიერე, რომ ფრანგულ ჰორეკაში, მისი დიდი კულტურისა და ისტორიის მიუხედავად, საკუთარი თავი ვერ აღმოვაჩინე.

M: რა მომენტში იგრძენი, რომ „აი, ახლა არის დრო“?

ბოლო სამსახურში გავაცნობიერე, რომ ძალიან გამიძნელდებოდა ისეთი სამუშაოს პოვნა, სადაც სრულად რეალიზებულად ვიგრძნობდი თავს, გადავწყვიტე თავად შემექმნა ჩემი ბედნიერება, საკუთარ კომპანიაში.

ქართული სამზარეულოს ნიშას ყოველთვის ვხედავდი და ჩემი გამოცდილებისა თუ ხედვის ამ მიმართულებით შერწყმა ყოველთვის მსურდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი მზად. საფრანგეთში უცხოელისთვის ბიზნესის დაწყება არც ისეთი კომფორტული პროცესია.

M: როგორ ჩამოაყალიბე „მომეს“ კონცეფცია?

„მომეს“ კონცეფციამ ძალიან ხანგრძლივი ტრანფორმაცია გაიარა. თავად ეს სახელწოდება დიდი ხანია მიტრიალებდა თავში და ძალიან მომწონს, როგორც იწერება ფრანგულად. ვფიქრობდი მონოპროდუქტის შოპი ყოფილიყო, სადაც „მომე“ დედა ბრენდი იქნებოდა და ქვებრენდები ექნებოდა, შოპების სახით.

სამწუხაროდ, აქაც რეალობას შევეჯახე – პარიზში სასურველი ადგილის პოვნა ძალიან რთული და ძვირი ამოცანაა. მივხვდი, რომ ეს მოკლე ვადაში შეუძლებელი მიზანი იყო. ცალკე გადასახადია კონკრეტული ადგილების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში. შემდეგ, ადგილობრივ ბაზრებში ვიფიქრე ძალების მოსინჯვა. აქ ძალიან ლამაზი ბაზრებია, თავისი რესტორნებითა და ობიექტებით. მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, შაბათ-კვირაობით ბაზარში გაგვეყიდა ხოლმე ხინკალი. ამ იდეის დათმობაც მომიწია, რადგან საჭირო ეკიპირება გადაადგილებისთვის ძალიან მძიმეა და ლოგისტიკურად რთული განსახორციელებელი.

M: როგორ მოეწყვეთ პარიზულ ვირტუალურ სამზარეულოში?

საბოლოოდ, „მომეს“ ჩამოყალიბება dark kitchen-ის ფორმით გადავწყვიტეთ. ეს იქნებოდა ვირტუალური ქართული რესტორანი, რომელიც მიტანისა და გატანის სერვისით იფუნქციონირებდა.

აქ საკმაოდ განვითარებულია „დარქ ქიჩენის“ მიმართულება. მაგალითად, ამ შენობაში, სადაც ჩვენ ვართ განთავსებული, 30-მდე ვირტუალური რესტორნის ადგილია მოწყობილი, ყველანაირი ეკიპირებითა და საჭირო სერვისებით და ის ერთი მეპატრონის მფლობელობაშია. სწორედ, ასეთი სამზარეულო ვიქირავეთ „მომესთვის“.

გავაკეთე სამზარეულოს მონახაზი, მოვაწყეთ და ახლა ტესტირების ფაზას ვიწყებთ. ამავდროულად, მიტანის სერვისის ყველაზე პოპულარულ პლატფორმებზეც გამოვჩნდებით – Deliveroo და Uberti. ამავდროულად, გატანის სერვისით სარგებლობაც შესაძლებელია.

M: როგორ გეგმავთ ვირტუალური რესტორნის პოპულარიზაციას?

ამ საქმეს ძალიან ინტენსიური ფრომოუშენი სჭირდება, ვინაიდან ქართული სამზარეულო აქაურებისთვის მაინც უცხოა და უმეტესობას მაინც ჩვეული ნაცნობი პროდუქტების შეკვეთა უნდა ხოლმე, ამიტომ მიტანის პლატფორმებზე შიდა მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენებას ვაპირებთ, მომხმარებლებში ინტერესის გასაზრდელად. პირველი სამი თვის მარკეტინგული გეგმა უკვე გვაქვს და ზუსტად ვიცით, რა პლატფორმაზე რომელ კვირაში როგორ აქციას ვაპირებთ, რათა მაქსიმალური ყურადღება მივიქციოთ მომხმარებლებისგან.

M: პარიზში გემრიელი სამზარეულო, დიდი ალბათობით, არ უკვირთ. სწორედ აქედან გამომდინარე, მაქვს კითხვა – რა პერსპექტივა აქვს „მომეს“ პროდუქტს, ამ კონკურენტულ გარემოში?

დიახ, გემრიელი სამზარეულო არ უკვირთ, თუმცა გამოძახების პლატფორმებზე ხარისხი დიდად მაღალი საკვები არ არის. თანაც, უფრო მეტად მსგავსი ტიპის პროდუქტებია ხოლმე წარმოდგენილი. ჩვენი აქცენტი სწორედ იმ სეგმენტზეა, რომელიც ახალი საინტერესო სამზარეულოს გასინჯვისკენაა მომართული. საფრანგეთში საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენენ ხოლმე ახალი გემრიელი საკვების მიმართ, ჩვენც სწორედ ამ ფაქტორზე გვინდა აქცენტირება.

M: როგორ ნაწილდება საქმე და ფუნქციები?

თავიდანვე აგვყავს ორი დამხმარე, შუადღისა და საღამოს ცვლაში. ძირითადი დატვირთვა ერთდროულ შეკვეთებს აქვთ – მაგალითად, დღის მთავარი აქტიურობა შუადღეზე მოდის, რადგან სწორედ ამ დროს აქვს ყველას შესვენება და ერთდროულად უკვეთავენ. შემდეგ, 7-დან 8 საათამდე. ამიტომ, ეფექტურად არის საჭირო ძალების გადანაწილება, რასაც სამი ადამიანი ჩაიბარებს – ერთი ხინკალს გაამზადებს, მეორე – ხაჭაპურს, მესამე – შეფუთვას გაამზადებს. თავად პროდუქტების, შიგთავსი სერვისამდე, დილით ან შუადღით მომზადდება. მომზადების პროცესში, ჯერჯერობით, მარტო ვარ, თუმცა ვფიქრობ, საწყის ეტაპზე, თავს გავართმევ.

M: შენი ხედვით, რა პერსპექტივა აქვს „მომეს“?

ვირტუალური სამზარეულოს ორი სტრატეგია არსებობს – ერთია, როცა გამოდიხარ „დარქ ქიჩენიდან“ და რესტორნად გარდაიქმნები და მეორე, როდესაც უფრო მეტ „დარქ ქიჩენს“ ხსნი. ჩვენც ამ ორ ვარიანტს შორის ვართ. ბუნებრივია, ერთი სამზარეულოთი დიდ მოგებაზე გასვლის ილუზია არ გვაქვს. ვფიქრობთ, მეორე და მესამე ვირტუალური რესტორანი დაგვანახებს რეალურ ფინანსურ პერსპექტივას. ეს პირველი სამზარეულო იმის დადასტურებაა, თუ რა პოტენციალი აქვს „მომეს“ ამ ფორმით. შემდეგ, გავამრავლებთ ვირტუალურ სამზარეულოს, რათა ეტაპობრივად, მთელი პარიზი მოვიცვათ. ჩვენი გეგმაა, რომ 2024-ში ორი იდენტური სამზარეულო გავხსნათ.

ასევე, ძალიან მინდა „მომეს“ შოპი არსებობდეს, თუმცა ინვესტიციის სიდიდიდან გამომდინარე, უფრო შორეულ პერსპექტივად მესახება.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე?

მე ის მილენიალი ვარ, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდეს ცხოვრებაში. ამიტომ, „მომე“ პირველ რიგში, ქართული გასტრონომიის მიმართულებით კონტრიბუციას ნიშნავს. ჩემთვის ამ სფეროს წინ წაწევა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. აქ ცხოვრებამ გამიმძაფრა ამ იდეის მიყოლის საჭიროება, თითქოს „მომეს“ საშუალებით, იმ კავშირს ვაძლიერებ, რაც ჩემს მიზანთან მქონდა. ესაა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ისეთი საქმიანობის შექმნა, სადაც მე ვიქნები საკუთარი თავის უფროსი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რამდენად ზემოქმედებს მშობლების სამსახურებრივი გამოცდილება შვილებზე?

მეცნიერებმა შექმნეს ხელთათმანი, რომელიც ულტრაბგერითი ტექნოლოგიის როლს ასრულებს