in

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბიზნეს ანგარიშზე თანხა მომენტალურად ჩაერიცხებათ

დავით ბეჟიაშვილი

ბარათით გადახდიდან, თქვენი ბიზნესისთვის კუთვნილი თანხის ანგარიშზე ჩარიცხვამდე მოცდის დრო აღარ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ  ონლაინ ან POS-ტერმინალზე ბარათით გადახდილი თანხა მომენტალურად ერიცხება ბიზნესის მფლობელს. ბიზნესის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მომენტალური ჩარიცხვის მექანიზმი შეიმუშავა, რის შედეგადაც მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხის თქვენამდე მოსასვლელად, რამდენიმე დღის ნაცვლად, სულ რამდენიმე წამი დასჭირდება. ეს პრინციპი მოქმედებს როგორც POS-ტერმინალით გადახდისას, ასევე, ონლაინ შეძენისას. ამიერიდან, თქვენი კუთვნილი თანხის ჩარიცხვას ვერაფერი დააბრკოლებს, მათ შორის, ვერც შაბათ-კვირა ან სხვა უქმე დღე. როგორია ბიზნესპროცესების გამარტივების მექანიზმი და რას შეცვლის საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები ბიზნესის სექტორისთვის, საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი – დავით ბეჟიაშვილი გვესაუბრა.

M: როგორი იყო მოცემულობა ბიზნესის სექტორისთვის – რა გამოწვევები ახლდა თანხის დაყოვნებით ჩარიცხვას, რის გადაჭრაც გადაწყვიტა საქართველოს ბანკის გუნდმა?

როდესაც ვაანალიზებდით ბიზნესების საჭიროებებს, სხვა საკითხებთან ერთად, წინა პლანზე წამოვიდა ხელმისაწვდომობა ფულად სახსრებთან. როგორც ცნობილია, ბარათით გადახდილი თანხა ბიზნესს, საუკეთესო შემთხვევაში, მეორე დღეს ერიცხება. არის შემთხვევები, როდესაც ანგარიშსწორება ხდება მესამე დღესაც. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ფულადი სახსრების მოძრაობას. თანხის მყისიერი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტისთვის, რათა ხელი არ შეეშალოთ ბიზნესპროცესების სწორად წარმართვაში. საქართველოს ბანკის საგადახდო პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ბიზნესს საშუალება ექნება თანხები გადახდის პარალელურად მიიღოს და ანგარიშსწორება შეძლოს მომწოდებლებთან დაყოვნების გარეშე, შეივსოს მარაგები, კიდევ უფრო გაზარდოს ბრუნვა და შესაბამისად, შემოსავალი.

M: თქვენი ხედვით, როგორ გაამარტივებს ბიზნეს პროცესებს საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ახალი ტექნოლოგია?

ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ მომხმარებლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს ანალიზს. მათი მოგვარება და გაუმჯობესება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. როდესაც გადავხედეთ ონლაინ გადახდების ინტეგრაციის სრულ პროცესს, აღმონდა, რომ ეს მოითხოვდა მნიშვნელოვან რესურსსა და განსაკუთრებულ ცოდნას, რაც რა თქმა უნდა, შემაფერხებელი წერტილი იყო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს ესაჭიროებოდა სხვადასხვა სახის გადახდები, როგორიცაა ბარათით გადახდა, ინტერნეტბანკით გადარიცხვა, განვადება. 

გადავწყვიტეთ გაგვემარტივებინა პროცესი, რომ ყოველგვარი აიტი დეველოპმენტის გარეშე, სწრაფად და მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი ჩვენი გადახდის არხის ჩაშვება ონლაინ გადახდებში. დღეს, უკვე მომხმარებლებს ერთი ინტეგრაციით ვთავაზობთ მიუერთდნენ ჩვენს საგადახდო სისტემას. რაც მთავარია, ეს ინტეგრაციაც იმდენად მარტივია, რომ რამდენიმე დაწკაპუნებით უკვე შესაძლებელია გადახდების მიღება. ამავდროულად, ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ერთი ინტეგრაციით ხდება ყველა ჩვენი გადახდის მეთოდის მიღება. 5-დღიანი პროცესი გავამარტივეთ და შევამცირეთ 15 წუთამდე. შედეგი სახეზეა – უფრო მეტი და მეტი კომპანია ერთვება ჩვენს სისტემაში.

M: სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ახალი ტექნოლოგიები წარადგინა, რასაც უკვე ახლა, მომენტალური გადახდაც დაერთო, ეს ქმნის საერთო ფონს, რომ ბიზნესსექტორი ახალ ეტაპზე გადადის – მოდით მიმოვიხილოთ, რა შესაძლებლობებს უქმნის ეს სიახლე ბიზნესს? 

გადახდების მართვა თანამედროვე სამყაროში ბიზნესების განუყოფელი ნაწილია.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საბანკო პროდუქტის გადადის ციფრულ პლატფორმაზე, მაინც არსებობს დაკავშირებული პროცესები, რომლისთვისაც ბანკის მენეჯერისა ან ქოლ-ცენტრის ჩართულობაა საჭირო. დღეს, გადახდები ფინანსური მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა, ვიფიქრეთ, როგორ შეგვეწყო ხელი ბიზნესებისთვის მარტივად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე ჰქონოდათ შესაძლებლობა ემართათ გადახდის ყველა მეთოდი. სწორედ, ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის პლატფორმაზე.

ახალი პლატფორმა ბიზნესებს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და ონლაინ რეჟიმში მიაწვდის ინფრომაციას ყველა გადახდის მეთოდით ჩატარებულ ოპერაციაზე.

უფრო კონკრეტულად, გადახდების მართვის ახალი პლატფორმა ბიზნესმომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად მართოს პროცესები, ფილიალში მიუსვლელად, სწრაფად და მარტივად გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია, დააინიციროს მოთხოვნა და  მომენტალურად დაიწყოს გადახდების მიღება, როგორც ფიზიკურად მაღაზიაში, ასევე ონლაინ – ინტერნეტ სივრცეში. ასევე, ბანკის ჩართულობის გარეშე, ეფექტიანად მიიღოს და მართოს გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ონლაინ ადევნოს თვალი გადახდებს, თვითონ ჩაატაროს ოპერაციები, როგორიცაა გადახდის გაუქმება და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება, თანხის ნაწილობრივი ანაზღაურება, განვადებების შესახებ ინფორმაციის მართვა. ამასთან ერთად, პლატფორმაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა, ინდუსტრიის პოტენციალი და მიიღოს ინფორმაცია პოპულარული გადახდების მეთოდების შესახებ.

M: როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიზნესის მხარდაჭერისთვის და პროცესების გამარტივებისთვის კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა. რამდენად ამარტივებს ეს ბიზნეს პროცესს?

თუკი აქამდე ანგარიშის გასახსნელად კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა მისულიყო ფილიალში, შეევსო შესაბამისი განაცხადი და წარედგინა საბუთები, ახლა უკვე ამის გაკეთება შესაძლებელია ბანკთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე. Bonline.ge-ზე შესვლით მომხმარებელს შეუძლია დააინიციროს ანგარიშის გახსნის პროცესი, ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ანგარიშის გახსნა მოითხოვოს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, ანგარიში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იხსნება და მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება ამის შესახებ. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის გზაზე. ანგარიშის ონლაინ გახსნის პარალელურად, შესაძლებელია პროდუქტების შესახებ განაცხადის გაკეთება. მაგალითად, ანგარიშის გახსნასთან ერთად კომპანიას შეუძლია მოითხოვოს POS-ტერმინალი, გადახდების მიღებისთვის. აღნიშნული განაცხადი იგზავნება ონლაინ, ხდება სისტემაში მისი ავტომატური დამუშავება და აქტივაცია. მომხმარებელს ეგზავნება ბმული, მომსახურების პირობების მითითებით, რომელსაც ადასტურებს ერთჯერადი SMS კოდით და ამის შემდეგ POS-ტერმინალი მიეწოდება დანიშნულების ადგილზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელს აღარ სჭირდება ბანკში ფიზიკურად სტუმრობა, განაცხადისა და ხელშეკრულების ხელმოწერა, ყველაფერი დისტანციურად ხდება.

 

[R]

სამ დღიანი წვეულება გარისონში – თბილისის საუკეთესო ბარბერ შოფი იუბილეს აღნიშნავს

იმუშავებს თუ არა თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ბაზარზე?