24
Apr
2018

არც “ბორცვი”, არც “ორმო”. მომენტი, რომელმაც ჩემი კარიერა და ცხოვრება შეცვალა! – ანდრო დგებუაძის #აზრები

24 Apr 2018

M2
M2


დღესაც ყურში მიზის ჩერნის ეტიუდები. რანაირად იცის ამ ბავშვობის ხმებმა მეხსიერებაში ფესვების გადმა. ერთი და იგივე. დღეში 10-ჯერ. ჰოდა, მეც ვუკრავდი. თან წინ საანგარიშო მქონდა (მე ხომ 70-იანებში დავიბადე, სად იყო მაშინ “აიპადი”). ხანდახან, მობეზრებისგან ზედმეტს მივათვლიდი და თუ უშეცდომოდ დავუკრავდი სახეც გამებადრებოდა და ერისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი, ამაყად გავაგრძელებდი ცხოვრებას. ასე, ვალის მოსახდელად ვუკრავდი წლები. ერთხელაც, მივედი ჩემს მასწავლებელთან სახლში, ამოვიღე ნოტები და ვალმოხდილად ჩავარიხინე, რაც უნდა დამეკრა და კომპლიმენტის მოლოდინის მზერით გავხედე ჩემს მასწავლებელს. ეს ყველაფერი კი კარგიაო, მაგრამ რაღაც უგულოდ უკრავ დღესო. მგონი, შენს თავს არ უსმენო, – მითხრა მან. ვერ გავიგე საიდან მიხვდა, რომ უგულოდ ვუკრავდი. თუმცა, არაფერი მიკითხავს. მოდი, დაანებე ამ ნაწარმოებს თავი და მხოლოდ სამი ბგერა აიღეო. ნებისმიერი სამი ბგერა: პირველი ხმამაღლა, მეორე საშუალოდ, მესამე კი ჩუმად. თან ისე, აი პირველი რომ რაღაც დროის მერე დაიკლებს სიძლიერით, რა დონეზეც იქნება იქ რო აიღო მეორე ბგერა ზუსტად იმ სიძლიერით. მეორე რომ დაიკლებს, სანამ გაილევა ბოლომდე, იქ აიღე მესამე ბგერაო, ზუსტად ისე ძლიერად, რა ძალაც ექნება მეორე ბგერასო.

ამის კეთებას რაღა უნდა-მეთქი, გავიფიქრე. თუმცა როგორც კი ვცადე, მივხვდი, რომ არც ისე ადვილი იყო. ჯერ, ერთი სამჯერ დავუკარი. თავიდან ისე კარგი არ გამოვიდა, მერე ცოტა უკეთესად. 50-ჯერ რომ გავიმეორე, მერე არ ჟღერდა ცუდად. არც „ბორცვი“ ჰქონდა ჩემ აღებულ ბგერას და არც „ორმო“.

– საკმარისია. ახლა იმ ნაწარმოების დაკვრა გააგრძელე, – მითხრა მასწავლებელმა.

… და იქ მივხვდი, რომ სულ სხვანაირად დავუკარი. სულ სხვა ბგერით, ვალდებულების გამო არა, ხათრის გამო არა, ტრიპაჩობის გამო არა. არც, „ნახე, რა მაგარი ვარ“-ის გამო. უბრალოდ, სხვანაირად რომ დამეკრა მაშინ ჩემ თავთან მექნებოდა ან „ბორცვი“, ან „ორმო“.

ამ ისტორიას სულ ვიხსენებ. ყოველთვის, როცა ჩემს წინაშე არის დილემა: როგორ გავაკეთო, ისე, როგორც ამას სხვა „მაგარი“ ხალხი აკეთებს, თუ როგორც მე მინდა? და ეს ისტორია მახსენებს რომ არც ერთი და არც მეორე არაა სინამდვილე. სინამდვილე მხოლოდ ისაა, როდესაც ისე აკეთებ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ავტორიტეტებს არ უსმენ, ან პატივს არ სცემ, არც იმას, რომ ავტორიტეტის იქით არ იყურები. ეს არც ისაა, რომ თავისუფალი არ ხარ და შენი ვერ გაგიბედავს და არც ის, რომ თავისუფლება და შენივე “ხოში” ერთმანეთში აგერიოს. ეს კიდევ სხვაა. ამ დროს თავისუფალ და ცოცხალ ავტორიტეტს პოულობ შენში. აი ასე, უბრალოდ, მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენით.

განხილვა