თბილისსა და მის შემოგარენში გასართობი ცენტრები უკვე მრავლადაა.
მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოპულარობა არ აკლიათ, თუმცა, რიგ შემთხვევებში, როგორც ბიზნესი, ნაკლებად მომგებიანია, რასაც თავის მხრივ, კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნიან.
“როგორც ბიზნესი, მომგებიანი არ არის, რადგან პოპულარიზაცია აკლია. კარგად არ არის მომხმარებელი ინფორმირებული. ბოულინგი ბევრს გასართობი ჰგონია, არადა ეს არის სპორტი. არ იციან როდის ივარჯიშონ, რა დოზით და ა. შ. ჯერ ეს უნდა გაიგოს მომხმარებელმა.
ჩვენ ამ ეტაპზე იმის რესურსი არ გვაქვს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული აქტივობები განვახორციელოთ. თუმცა, ბუკლეტებში ყოველთვის ვუსვამთ ხაზს რამდენად საასრგებლოა, რას ეხმარება და ა. შ. რაც შეეხება პოპულარობას, ნამდვილად არის პოპულარული. კონკრეტულად მომხმარებლების რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან პარასკევს და შაბათ-კვირას სხვა ფასები გვაქვს და დანარჩენ დღეებში სხვა. შესაბამისად, განსხვავებულია ვიზიტორთა რაოდენობაც.
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბიზნესია, ჩვენს უპირატესობას, კონკურენტებთან შედარებით, ბევრი რამ განაპირობებს : არასოდეს ვთავაზობთ მომხმარებელს ბევრ სხვადასხვა აქციას, არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, უბრალოდ 8 ბილიკი ვერ გახდება 15 , ამიტომ კონკრეტულ დღეს ხალხის მოზიდვის ხარჯზე არ უნდა იყოს რიგი . გარდა ამისა, გვაქვს კარგი ბილიკები. ჩვენთან ბევრი ტურნირი ტარდება. თუმცა, 2-ის ნაცვლად 15 ბოულინგ ცენტრი რომ იყოს თბილისში, ან მის მიმდებარედ, ვერ გეტყვით, ისევ ასე იქნებოდა, თუ არა” –ამბობს წყნეთის გასართობი კომპლექსის მენეჯერი ალექსი მიდელაური.
ბოულინგისგან განსხვავებით, “ასტრა პარკში” ამბობენ, რომ პოპულარობასთან ერთად , მათი ბიზნესი მომგებიანიცაა. მათი თქმით, მხოლოდ კარტინგებს დღის მანძილზე 100-120 ადამიანი სტუმრობს.
თვლიან, რომ დახურული დარბაზის, ფრანგული კარტინგების, დროის ათვლის ბელგიური პროგრამითა და 12 საათიანი სამუშაო დღის დამსახურებით 2007 წლიდან მათი ცენტრი საკმაოდ მომგებიანია.
“ჯინო პარკის ” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ დიასამიძის თქმით კი – მათი ცენტრი პოპულარულია და თუკი შესაძლებელია არსებობის ამ მცირე ხნის შედეგებით მსჯელობა (პარკი 20 აგვისტოს გაიხსნა), მომგებიანიცაა.
“დაახლოებით, ერთი თვეა ფუნქციონირებს ჩვენი ცენტრი და უკვე 20 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. მომგებიანი ბიზნესი რომ არ იყოს და არ ამართლებდეს 25 მილიონიანი ინვესტიცია არ ჩაიდებოდა. რასაც ამ ეტაპზე ვუყურებთ ამართლებს. ეს მულტიფუნქციური ცენტრია. აკვაპარკის გარდა არის სპორტული – სავარჯიშო საშაულებები, ატრაქციონი, ხელოვნური მდინარეები, 11 სხვადასხვა სახის კვების ობიექტი. მალე გვექნება დახურული აუზიც. ასეთი უპირატესობა განაპირობებს მის პოპულარობას და შესაბამისად, ხდის მომგებიანს”.