არ არის ადვილი, იყო მარკეტერი, რომელიც ცდილობს დღევანდელი ფრაგმენტული აუდიტორიის მოპოვებას ძალიან კონკურენტულ ბაზარზე. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი წარმატებული კამპანიების მოფიქრება. როგორც გორდონ იანგმა, The Drum-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, The Drum Marketing Awards EMEA-ის გამარჯვებულების შესახებ თქვა: „ჩვენ გვსურს, მივცეთ მარკეტინგს ბიზნეს ინსტრუმენტები და მარკეტინგული შეხედულებები, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები“.
Zenith UK-ის ფილმმა — Me, my autism and I — Vanish-ს ოქრო მოუპოვა არა მხოლოდ რეკლამის, არამედ CPG/FMCG კატეგორიაშიც, რადგან, როგორც აღნიშნეს, კამპანიამ ბრენდის მიზანთან დაკავშირებით წარმოუდგენლად ძლიერი ხედვა შემოგვთავაზა. ეს შეხედულება ეფუძნებოდა იმ მოცემულობას, რომ აუტისტური საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია Vanish-ის საკვანძო პროდუქტის სარგებელი — უფრო ნათელი ტანსაცმელი ლაქების გარეშე და ხანგრძლივი დაცვა გამოყენებისას.
Pretty Green-ის „ფანტაზიის რესტორნის“ კამპანიამ Hasbro-ს Play-Doh-ისთვის ოქრო მოიპოვა კრეატიულობის კატეგორიაში, რადგან გაითავისა მშობლების სადარდელი და შემოქმედებითად გადაჭრა ეს საკითხი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ცოტას ჭამენ, თანაც პრეტენზიულობით გამოირჩევიან საკვების მიმართ, რაც მშობლების სტრესს იწვევს. ახალმა კამპანიამ Play-Doh-ის ლურჯი სპაგეტი რეალურ კერძად აქცია. ექსპერიმენტული კამპანიის ძლიერმა ვიზუალურმა მხარემ და მომხმარებლებისთვის პროდუქტის საჭიროებამ, ხელი შეუწყო მაქსიმალურ ჩართულობას.
აქვეა Wonderland Communications-ისა და The Kitchen-ის ფერადი კამპანია Kraft Heinz-ისთვის, რომელმაც ოქრო მოიპოვა ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი ეფექტურობის კატეგორიაში. ბრენდმა გამოიყენა მომხმარებელთა ირაციონალური სიყვარული Heinz Tomato Ketchup-ის მიმართ და თაყვანისმცემლებს ახალი საშუალება მისცა პროდუქტისადმი სიყვარულის გამოსახატავად. რეკლამას მილიონობით გაზიარება აქვს და გაყიდვებიც გაიზარდა.