in

როგორ მუშაობს მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგია მომხმარებლის სურვილების შეფასებისას

კომპანიების უმრავლესობა დიდ ენერგიას ხარჯავს მომხმარებელთან დასაახლოებლად. მენეჯერები მუდმივად აკვირდებიან კონკურენტებს და დარწმუნებულნი არიან, რომ ზუსტად იციან აუდიტორიის საჭიროებები. ასეულობით მილიონი დოლარის ბრუნვის მქონე ტექნოლოგიური თუ ნავთობსერვისული გიგანტების ხელმძღვანელები ხშირად ამაყობენ იმით, რომ გაყიდვების გუნდები ყოველთვიურად ხვდებიან მთავარ კლიენტებს, მენეჯმენტი ათეულობით ინიციატივას იწყებს და ათწლეულების გამოცდილება მათ ბაზრის უპირობო ცოდნის გარანტიას აძლევს.

თუმცა მრავალწლიანი დაკვირვება სრულიად საპირისპირო რეალობას აჩვენებს. ათეულობით კომპანიის, ასობით მმართველისა და ათასობით მომხმარებლის შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული ინფორმაციის მეცნიერული ანალიზის ნაცვლად, ხელმძღვანელები ხშირად ინტუიციურ გადაწყვეტილებებს ენდობიან. ყოველწლიურად იცვლება მომხმარებლის მიზიდვის სტრატეგია, რაც აუდიტორიაში გაურკვევლობას ქმნის. კლიენტები კონკურენტებთან გადადიან, გაყიდვები მცირდება, მუდმივი ცვლილებების ხარჯები კი მარჟას ამცირებს. თანამშრომლები გადატვირთულნი არიან უსარგებლო პროექტებით, აქციონერები კი საშუალოზე დაბალ შემოსავალს იღებენ.

სად ცდებიან მენეჯერები

პრობლემა მონაცემების ნაკლებობა არ გახდება. კომპანიების 93%-ში ხელმძღვანელები კვირაში ოთხიდან თორმეტ საათამდე დროს უთმობენ უკუკავშირის შეგროვებას, კონკურენტების მონიტორინგსა და ტენდენციების ანალიზს. მიუხედავად ამისა, მონაცემების ინტერპრეტაციისას ისინი თითქმის ყოველთვის პირად გამოცდილებასა და შეგრძნებებს ეყრდნობიან. თანამშრომელთა და მმართველთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ მათ კომპანიებს ფორმალურად აქვთ იდენტიფიცირებული ის ფაქტორები, რასაც მომხმარებელი ყველაზე მეტად აფასებს. ამასთან, არცერთ ორგანიზაციას არ ჰქონდა დათვლილი, თუ რამდენად მოქმედებს თითოეული ეს ფაქტორი შემოსავალსა და მოგებაზე.

როდესაც ორგანიზაციებში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დასახელებას ითხოვენ, თანამშრომელთა უმრავლესობა ერთსა და იმავე ჩამონათვალს იმეორებს – ხარისხი 100%, სერვისი 100%, მდგრადობა 100%, კონკურენტული ფასი 98%, ხელოვნური ინტელექტი 98%, მომხმარებლის გამოცდილება 96%, კომუნიკაცია 91%, ინოვაცია 91%, უსაფრთხოება 88% და პროექტის შესრულება 87%. მთავარ პრიორიტეტზე დასმულ კითხვაზე კი თანამშრომელთა 96% პასუხობს, რომ კომპანიისთვის ყველა ეს მიმართულება ერთნაირად მნიშვნელოვანია.

სტატისტიკური მოდელების გამოყენებით მომხმარებლის რეალური შეფასებებისა და ფინანსური მონაცემების შედარებისას ორი მთავარი შეცდომა იკვეთება.

პირველი შეცდომა არასწორი ფაქტორების პრიორიტეტიზაციაა. კვლევებმა აჩვენა, რომ მმართველთა შეხედულებები და მომხმარებლის რეალური არჩევანი ხშირად სრულ აცდენაშია. საგანმანათლებლო სერვისების კომპანიაში ხელმძღვანელები ყველა მიმართულებას თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, მომხმარებელთა გამოკითხვამ კი გამოავლინა, რომ პრობლემის 24 საათში მოგვარება საერთო ღირებულების 85%-იან ზრდას განაპირობებდა, მაშინ როდესაც სხვა ფაქტორების გავლენა ნულოვანი იყო. ანალოგიურად, ინდუსტრიულ სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების ეფექტს მენეჯმენტი 2.3%-ით აფასებდა, რეალურმა ზრდამ კი 19.5% შეადგინა. ბიზნესში, სადაც მენეჯმენტისა და მომხმარებლის ხედვა ემთხვევა, შემოსავლები 9.2%-ით, საოპერაციო მარჟა 5.2%-ით, თავისუფალი ფულადი ნაკადი 8.8%-ით, ხოლო საბაზრო ღირებულება 11.1%-ით იზრდება.

მეორე შეცდომა პრიორიტეტების მუდმივი ცვლაა. ათასობით კომპანიის მრავალწლიანი მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზაციების 74.6% მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რადიკალურად ცვლის. მომხმარებელთა მოთხოვნები გაცილებით სტაბილურია, ვიდრე მენეჯერების შეხედულებები. ხარისხის პირველი ადგილიდან მერვეზე გადატანა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მერვედან მეორეზე გადმოტანა არა ბაზრის ცვლილებას, მენეჯმენტის ყურადღების გაფანტვას ასახავს.

რატომ იღებს მენეჯმენტი მცდარ გადაწყვეტილებებს

ქცევითი მეცნიერება დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სტატისტიკური წრფივი მოდელები ადამიანურ ექსპერტიზას სტაბილურად სჯობნის. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სპეციალისტებს ცოდნა აკლიათ, იმიტომ, რომ ადამიანის გონებას უჭირს სხვადასხვა ფაქტორის გავლენის ზუსტი რანჟირება.

ამ პროცესში ორ მთავარ ტენდენციას ვხვდებით.

პირველია ზედაპირულ და ემოციურ დეტალებზე დაყრდნობა. მენეჯერები გადაწყვეტილებებს ხშირად ბოლო საჩივარზე, კონკურენტის განცხადებაზე ან წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებენ. ცნობილი სწრაფი კვების ქსელის ხელმძღვანელმა პირადი ნომერი საჯაროდ გამოაქვეყნა და ათასობით ზარს თავად უპასუხა, რადგან მიიჩნევდა, რომ უშუალო საუბრები ნებისმიერ ციფრულ ანალიზზე მეტს აჩვენებს. თუმცა სტატისტიკური მოდელის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, რეალურად გაზრდის თუ არა ამ კონკრეტული უკმაყოფილების გამოსწორება ბიზნსის ღირებულებას. პარალელურად, კომპანიების 80%-ზე მეტი ცდილობს კონკურენტების ყველა ნაბიჯის ზუსტ კოპირებას, რაც დიფერენცირების ნაცვლად საერთო ერთფეროვნებას ქმნის.

მეორე ტენდენცია დაუსაბუთებელი დაშვებებია. მენეჯერები ხშირად ლოგიკურ, თუმცა გადაუმოწმებელ ჯაჭვებს აგებენ. მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაზე იმ იმედით, რომ ეს გაყიდვებს გაზრდიდა. შედეგი არ დადგა, რადგან თანამშრომელთა მხოლოდ 12% ეკონტაქტებოდა კლიენტებს, ხოლო მომხმარებელთა კმაყოფილებას რეალურად ფასწარმოქმნა 43% და პროდუქტის განახლება 26% განაპირობებდა. ფოკუსის ამ ორ საკითხზე გადატანამ გაყიდვები ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.

მეტის მიღწევა ნაკლები რესურსით – ხუთსაფეხურიანი მოდელი

გამოსავალი არა მეტი ინტუიციის გამოყენებაში, პროცესის მეცნიერულ გარდაქმნაშია.

პირველი ეტაპი რეალური აცდენის გამოვლენაა. ხელმძღვანელებს უნდა დაენახოთ, რომ მათი შეხედულებები მომხმარებლის რეალობას არ ემთხვევა, რის გამოც თანამშრომლები დროს უსარგებლო საქმეზე ხარჯავენ. ერთ საწარმოო კომპანიაში თანამშრომელთა 97% ამტკიცებდა, რომ სტრატეგია ესმოდა, თუმცა რეალური თანხვედრა მხოლოდ 23% აღმოჩნდა. ჭარბი ინიციატივები ფოკუსის დაკარგვის მთავარი ნიშანია.

მეორე ეტაპი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი ფაქტორების პოტენციალის დადგენაა. საწარმოო სფეროში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლისთვის მთავარი იყო ყოველკვირეული კომუნიკაცია და პრობლემების დროული მოგვარება, რამაც გაყიდვების 9.8%-იანი ზრდა განსაზღვრა. პროდუქტის ხარისხი და დაბალი ფასი კი, რაზეც კომპანია წლბის განმავლობაში აკეთებდა აქცენტს, საბაზისო მოცემულობად აღიქმებოდა და დამატებით შედეგს აღარ იძლეოდა. ამ მიგნებამ კომპანიას საშუალება მისცა, შეეჩერებინა არაეფექტიანი პროექტები და თანამშრომელთა დროის 30%-ზე მეტი გამოეთავისუფლებინა.

მესამე ეტაპი საკვანძო ფაქტორების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაა. კომპანია S-SET-ში, სადაც მომხმარებლისთვის უმთავრესი შეთავაზების დროული მიღება აღმოჩნდა, პროცესი დეტალურად დაიშალა. მომსახურების თანამშრომლებს სწრაფი პროგრამული უზრუნველყოფა დაუტვირთეს, ბაზები გაიწმინდა, ხოლო პასუხის გაცემის დრო 18 საათიდან სამ საათამდე შემცირდა. დღეს შეთავაზებების 90% სამ საათზე ნაკლებ დროში მზადდება, რასაც ხელოვნური ინტელექტიც ეხმარება.

მეოთხე ეტაპი უსარგებლო აქტივობების გაუქმებაა. როდესაც სტატისტიკურად მტკიცდება, რომ კონკრეტულ ფაქტორს შედეგი არ მოაქვს, მასთან დაკავშირებული შეხვედრები და ამოცანები წყდება. ამ ცვლილებების შემდეგ საწარმოო კომპანიის გაყიდვები ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე 19.3%-ით მაღალი გახდა, მოგების მარჟა 43%-ით გაიზარდა, გაყიდვები ერთ თანამშრომელზე 17%-ით გაუმჯობესდა, აქციების ფასი კი 162%-ით გაიზარდა.

მეხუთე ეტაპი სტრატეგიის გაჟღერებაა მხოლოდ მისი რეალური დანერგვის შემდეგ. კომპანიების შეცდომა ის არის, რომ დაპირებას შესრულებამდე გასცემენ. S-SET-მა ახალი სტრატეგიის გაცხადება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შეთავაზების მომზადების დრო რეალურად შეამცირა. დღეს თანამშრომლების ბონუსები პირდაპირ ამ სისწრაფეზეა მიბმული. ანალოგიური მიდგომით 80-მილიარდიანმა ბანკმა მომხმარებელთა კმაყოფილება 18%-ით გაზარდა, შემოსავლები 33%-ით გააუმჯობესა, აქციების ფასი კი 200%-ით გაზარდა, რადგან ყურადღება მხოლოდ ორ მთავარ საკითხზე – რიგების შემცირებასა და უსაფრთხო ონლაინ ტრანზაქციებზე გაამახვილა.

წყარო: HBR



8 რჩევა: როგორ გადავაგოროთ წლის ბოლო, ყველაზე დატვირთული პერიოდი

RemoveMacAI Mac-ზე 12GB-მდე ადგილს ათავისუფლებს