ფაქტია, ციფრული შეტყობინებები მუდმივად ეჯიბრება ერთმანეთს ჩვენი ყურადღების მიპყრობაში. თუმცა აქვე იმალება მეორე საკითხიც, რომ ციფრული რეკლამების უმეტესობა არაეფექტურია — თითქმის ნახევარს არავინ ნახულობს, 9%-ს ერთი წამით ან ცოტა მეტით შეხედავენ ხოლმე… აი, ის რეკლამები კი, რომლებიც 1 წამზე მეტხანს იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას, ემოციური პასუხების მიღებას მხოლოდ მაყურებელთა ნახევრისგან თუ ახერხებს და ამ ციფრული რეკლამების 2%-ზე ნაკლები გვაწვდის რეალურ მომხმარებლებს…
არსებულ ვითარებას ერთ კითხვამდე მივყავართ: როგორ უნდა გახდეს ციფრული რეკლამა მეტად დასამახსოვრებელი და ეფექტური? პასუხი კი ქვემოთ მოცემული 3 რჩევით მიიღება:
1. შეარჩიეთ საკომუნიკაციო არხები
ის, თუ როგორ აირჩევთ საკომუნიკაციო არხსა და რეკლამის ფორმატს თქვენს მიზანს უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა გახსოვდეთ, ყველა არხი ან ფორმატი ბრენდის შენებისა თუ გაყიდვების ზრდის მიზნებს არ ემსახურება. მაგალითად, როცა საქმე დამახსოვრებასა და ყურადღების მიპყრობას ეხება, რეკლამებს, რომელთა გამოტოვებაც შეგვიძლია და რომლებისაც არა, განსხვავებული გავლენა აქვს მომხმარებლებზე.
თანაც ერთ არხზე მიღებული ათასობით გამოხმაურება, შესაძლოა, დიდად განსხვავდებოდეს სხვა არხების ათასობით გამოხმაურებისგან. თუმცა არსებული საზომებით შესაძლებლობის დანახვა მაინც პრობლემატური საკითხი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, P&G-მ კომპანიის ციფრული დანახარჯები 200 მილიონი დოლარით შეამცირა და ფოკუსი შთაბეჭდილებებიდან, ნახვებიდან თუ კლიკებიდან იმ მომხმარებლებისკენ გადაწია, რომლებთანაც კონტაქტი დაამყარეს — ამ ცვლილებამ 2019 წელს კომპანიას 6%-იანი ზრდა მოუტანა.
ეფექტურობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, თუ რეკლამის რამდენი ნაწილია ყურებადი და რამდენი ხნის მანძილზე. იმის ნაცვლად, რომ სრული ყურადღება ნებისმიერ ფასად მიიპყროთ, უმჯობესი იქნება, იმ შემთხვევებზე იმუშაოთ, როცა რეკლამებს სრულად არიდებენ თავს. განიხილეთ თითოეული არხის უპირატესობები, შეზღუდვები და მათი ფორმატები. აირჩიეთ თქვენი ინსტრუმენტები იმ ამბებზე დაფუძნებით, რომელთა გაყიდვასაც ცდილობთ.
2. იფიქრეთ შემოქმედებითად
მომხმარებელი დღეში უამრავ შეტყობინებას ნახულობს, თქვენ კი ყურადღების მისაპყრობად მხოლოდ 3 წამი გაქვთ. სწორედ ამ დროში უნდა შეძლოთ თქვენი პროდუქტისა თუ ბრენდის მიმართ პოზიტიური ემოციების გაღვიძება. ეს კი სწორედ იდეაზე, კონცეფციასა და მათ აღსრულებაზეა დამოკიდებული. რეკლამებს, რომლებიც ემოციებს აღძრავს, 4-ჯერ მეტი გავლენა აქვს და როგორც წესი, მომხმარებელს მათ დასამახსოვრებლად 10 ნახვა სჭირდებათ. თქვენ კი უნდა დარწმუნდეთ, რომ ბრენდს 3 წამში შეამჩნევენ.
ხოლო განსხვავავებული არხებისთვის განსხვავებული სარეკლამო ფორმატები უნდა განავითაროთ. აქ ერთ სასარგებლო ფაქტს გაგიზიარებთ — ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დასპონსორებული ინსტაგრამის სთორი კლიკებით 70%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე იმავე რეკლამის ჩვეულებრივ გვერდზე განთავსება. ამგვარად, დაეყრდენით სხვადასხვა არხებს, რათა მიიზიდოთ მომხმარებლები თავიანთი მოგზაურობის განსხვავებულ ეტაპებზე და მოარგეთ მათ თქვენი კრეატიულობა, რათა სწორი შეტყობინებით სწორ ადგილსა და დროს დაკავშირება შეძლოთ.
3. მოარგეთ თქვენი ვებგვერდის გამოცდილება
აქ თქვენი შანსები კიდევ უფრო მცირდება… მომხმარებლებს სულ რაღაც 0.05 წამი სჭირდებათ ვებგვერდზე შთაბეჭდილების შესაქმნელად და იმის გადასაწყვეტად, დარჩნენ თუ არა… აქ კი კონკურენტული უპირატესობა ძალიან პატარა დახვეწილმა განსხვავებებმაც შეიძლება მოგცეთ. ამიტომ, მოუსმინეთ თქვენს მომხმარებლებს და გაიაზრეთ მათი ქმედებები, მოლოდინები და მოტივაციები. შექმენით ციფრული გამოცდილება, რომელიც მათ შთააგონებს და მოქმედებისთვის მოტივაციას გაუჩენს.
ხოლო ამბავი, რომელსაც თქვენი ვებგვერდი ყვება, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმ შეტყობინებებს, რომლებსაც თქვენი რეკლამებით ავრცელებთ. თუმცა თქვენს ვებგვერდზე შემოსულ ყველა მომხმარებელს ერთნაირად არ მოეპყრათ. პერსონალიზებული გახადეთ მათი გამოცდილება მათსავე საჭიროებებზე, სურვილებსა და ბრენდის აღქმებზე დაფუძნებით და იმის მიხედვით, თუ თავიანთი მოგზაურობის რომელ ფაზაში იმყოფებიან. მომხმარებლებს, რომლებიც თქვენს ბრენდს საძიებო ველიდან აღმოაჩენენ, განსხვავებული მოლოდინები და განზრახვები ექნებათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც თქვენს ვებგვერდზე Facebook რეკლამიდან გადმოვიდნენ…
დაბოლოს, გატესტეთ ახალი იდეები ექსპერიმენტების პროგრამით. ეს საშუალებას მოგცემთ, მეტ რისკზეც წახვიდეთ და მეტად ინოვაციურიც იყოთ. მონაცემებით კი უკეთ გაიგებთ, რა მუშაობს და რა, არა, თავიდან აირიდებთ ინტუიციებისა თუ ვარაუდების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ისწავლეთ, შეიტანეთ ცვლილებები და გაიმეორეთ.













