„ინსტაგრამზე” სქროლვისას ბევრს გვქონია ერთნაირი გამოცდილება: მეგობრის ან, თუნდაც, ნაცნობის კედელზე დაგვინახავს რაიმე პროდუქტი, რომელიც ჩვენც მოგვეწონა, გამოვიკითხეთ, სად იყიდება, რა ღირს და შემდეგ ჩვენც შეგვიძენია – ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს მომხმარებლის მიერ გენერირებული ავთენტური კონტენტი. ეს არის ორგანული პოსტი ბრენდისა და მისი პროდუქტების შესახებ სოციალური მედიის პლატფორმებზე, შექმნილი რეალური და ახლობელი მომხმარებლების და არა თავად ბრენდის მიერ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის შესახებ, მათ შორის იმასაც, როგორ გამოიყენოთ ის თქვენს სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიაში.
რა არის მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი
ეს არის ბრენდის სპეციფიკური კონტენტი, რომელსაც სოციალური მედიის მომხმარებლები საკუთარ ანგარიშებზე აზიარებენ. მომხმარებლის კონტენტი ავთენტურია და არა ბიზნესის მიერ დარეკლამებული, თუმცა, სურვილისამებრ, კომპანიები ამ შინაარსს თავის გვერდებზე აზიარებენ ხოლმე იმის წარმოსაჩენად, რომ მათი პროდუქტი გამოიყენება და უყვართ. რა თქმა უნდა, ამისთვის მომხმარებლის ნებართვაა საჭირო.
თავისი არსით, მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ზეპირი მარკეტინგის ციფრული ვერსიაა.
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ტიპები
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ორგანული და ფასიანი. პირველი არის უფასო, როდესაც ადამიანები თავისი ნებით აზიარებენ სოციალურ მედიაში თქვენი ბრენდის შესახებ პოსტებს. ეს შეიძლება იყოს თქვენი მომხმარებლების ფოტოები, მიმოხილვები ან ვიდეოები, სადაც ისინი იყენებენ თქვენს პროდუქტებს.
ფასიანი კონტენტის შემთხვევაში ბიზნესი ახალისებს მომხმარებელს საჩუქრით, VIP შეთავაზებით ან თანხის სანაცვლოდ, რომ გამოიყენოს და დაარეკლამოს თავის სოციალურ ქსელებში.
შეიძლება კითხვა გაჩნდეს: ფასიანი კონტენტი იგივე არაა, რაც ინფლუენსერობაო? თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავება.
ინფლუენსერებს, როგორც წესი, უფრო დიდი (და უფრო ნიშური) აუდიტორია ჰყავთ. ბიზნესი ინფლუენსერებს უხდის მათი გავლენისთვის, იმ საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც ამ ხალხს ონლაინ ჰყავს. ბიზნესი კი ცდილობს ამ ნდობის მიღებას მათთან პარტნიორობით.
მომხმარებლის კონტენტის შემქმნელებს არ სჭირდებათ დიდი ან ნიშური აუდიტორია. თქვენ მათ კონტენტის შექმნის უნარებისთვის უხდით. როგორც ბრენდს კი, თქვენ შეგეძლებათ მათ მიერ შექმნილი კონტენტის თქვენს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება.
მომხმარებელთა გამოხმაურებები
ეს გამოხმაურებები მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ძლიერი ფორმაა. ისინი არა მხოლოდ ორიგინალურია, არამედ სოციალური დადასტურების სიგნალიცაა. თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ეს გამოხმაურებები მიმოხილვის საიტებიდან, პირადი შეტყობინებებიდან, ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი სხვა არხიდან, რომელსაც თქვენი მყიდველები იყენებენ თავიანთი გამოხმაურების გასაზიარებლად.
რა თქმა უნდა, ნებართვის მიღებით, თქვენ შეგიძლიათ გამოხმაურებები ვიზუალურ კონტენტად გადააქციოთ. ასევე, შეგიძლიათ ჩასვათ ეს მომხმარებელთა გამოხმაურების ფრაგმენტები თქვენი პროდუქტის გვერდებზე.
რატომ უნდა გამოიყენოთ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი
თვალყურის დევნება, აუდიტორიასთან ურთიერთობა, მისი დამატებითი კონტექსტით გაზიარება და ა.შ. რატომ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი, როდესაც შეგიძლიათ, უბრალოდ, შექმნათ ბრენდირებული კონტენტი ან ითანამშრომლოთ ინფლუენსერებთან? წარმოგიდგენთ მიზეზებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:
- მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი უფრო ავთენტურია, ეს სიტყვა კი ინტერნეტში ძალიან მოდური გახდა;
- მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი თქვენს სოციალურ მედია პოზიციას ქმნის. ის აჩენს ნდობას თქვენი ბრენდის მიმართ;
- მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ზრდის ბრენდისადმი ლოიალობას. ის ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, აძლიერებს თქვენს კავშირს და ქმნის საფუძველს ძლიერი სოციალური მედიის საზოგადოებისთვის;
- მომხმარებლის მიერ გენერირებულ კონტენტს შეუძლია კონტენტის იდეების გაჩენა. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გააზიაროთ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, არამედ გამოიყენოთ ის იდეებისა და მარკეტინგული ნაბიჯებისთვის;
- მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ეკონომიურია, რადგან არ გიწევთ მათთვის არაფრის გადახდა თქვენი ბრენდის შესახებ პოსტების გასაზიარებლად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი წახალისება მოინდომეთ, ეს მცირე საფასურია ტრადიციულ სარეკლამო ხარჯებთან შედარებით.
მიეცით თქვენს მომხმარებლებს საშუალება, თავად ისაუბრონ
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისეთი პროდუქტების ქონა, რომლებიც ხალხს აღაფრთოვანებს, არამედ ისეთი ღირებულების შეთავაზებაც, რომელიც თქვენს მომხმარებლებს აზრის გამოთქმისკენ წაახალისებს.










