ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი ღიმილი ყველაზე იდუმალიცაა. ლეონარდო და ვინჩიმ საუკუნეების წინ კი დახატა „მონა ლიზა“, მაგრამ ექსპერტები დღემდე ცდილობენ მის მიღმა არსებული საიდუმლოებების ამოხსნას — განსაკუთრებულ ყურადღებას კი ქალის ღიმილი იპყრობს. თუმცა ამას გარდა კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი, რასაც საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი აღმოჩენაც ადასტურებს: მეცნიერებმა ფერწერულ ტილოზე მიაკვლიეს მასალას, რომელსაც სავარაუდოდ აქტიურად იყენებდნენ რენესანსის ეპოქის ხელოვანები.
ნიმუში, რომელიც ადამიანის თვალისთვის უმნიშვნელოა და არ აღემატება თმის ღეროს დიამეტრს, იშვიათ ქიმიურ ნაერთს წარმოადგენს. საუბარია პლუბონაკრიტზე — როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს მასალაა „მონა ლიზას“ საფუძვლად გამოყენებული. 520 წლის წინ შესრულებული ნამუშევრის ზედა მარჯვენა კუთხით აღებული ნიმუში ატომურ დონეზე შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ მინერალი ტყვიის ოქსიდის ქვეპროდუქტია, რომელიც და ვინჩიმ საღებავებთან სინთეზში გამოიყენა.
„სავარაუდოდ, შერეული ტყვიის ოქსიდის ფხვნილი, რომელიც ნარინჯისფერია, სელის ან კაკლის ზეთთან ირეოდა. შემდეგ მას აცხელებდნენ, რათა სქელი და სწრაფად გაშრობადი „ოქროს პასტა“ მიეღოთ. მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ რემბრანდტის მსგავს ნამუშევრებშიც ჩანს ამ ნაერთის კვალი — შესაბამისად, ეს საიდუმლო რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, ვიქტორ გონსალესი.
ზოგადად, და ვინჩი მუდმივად ინოვაციებისა და ექსპერიმენტებისკენ მიისწრაფოდა, რასაც მისი არაერთი გამომგონებლური ჩანახატი თუ პროდუქტი ადასტურებს. შესაძლოა, „მონა ლიზას“ შემთხვევაშიც ასე იყო, უშუალოდ ნაერთი ცდის მიზნით გამოიყენა, რათა მეტად ოქროსფერი ელფერი მიენიჭებინა ტილოსთვის.