ხშირად ადამიანები პროტესტს საკმაოდ უჩვეულო და ალოგიკური გზით გამოხატავენ. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითი გუშინ ვიხილეთ — 36 წლის მამაკაცმა „მონა ლიზას“ ნამცხვარი ესროლა, რაც იმ ხელოვანებისადმი პროტესტს უკავშირდებოდა, ვინც საკმარის ყურადღებას არ უთმობს პლანეტას.
საბედნიეროდ, ნამუშევარი სათანადოდ არის დაცული სპეციალური შუშით და კრემიანი ნამცხვარი უშუალოდ ტილოს არ შეხებია… ალბათ, საზოგადოებას ეს სახალისოდაც კი მოეჩვენებოდა ვანდალიზმის წინა ფაქტების შემდეგ, რაც სურათისთვის იარაღის სროლასაც კი მოიცავდა.
სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვანდალიზმის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ლუვრის ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ. სიახლის ვირუსულად გავრცელებას ამ ქმედების სხვადასხვაგვარად ახსნის მცდელობებიც მოჰყვა… მაგალითად, საზოგადოების მცირე ნაწილმა ის აზრიც გამოთქვა, რომ ყველაფერი დადგმული, ე. წ. პერფორმატიული ხასიათის იყო.
„მოხუცი ქალის სამოსში გადაცმული მამაკაცი ეტლიდან წამოხტა და ტყვიაგაუმტარი მინის გატეხვა სცადა. შემდეგ კი მისთვის ნამცხვრის შეზელა და ირგვლივ ვარდების მიმოფანტვა დაიწყო, ვიდრე მას დაცვის თანამშრომლები შეაჩერებდნენ“, — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი, Lukeee.
Lukeee ერთ-ერთია, ვინც მომხდარის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. მასში გარკვევით ისმის ვანდალის სიტყვები: „არიან ადამიანები, ვინც დედამიწას ანადგურებენ. ხელოვანებო, იფიქრეთ დედამიწაზე. აი, ამიტომ გავაკეთე ეს. იზრუნეთ პლანეტაზე“.
საინტერესოა, რატომ ირჩევს ყველა ლეონარდოს ამ ნამუშევარს? რატომ აფიქსირებენ პროტესტს მისი გავლით? რატომ ესვრიან ქვას, ტყვიას, ნამცხვარს, ჩაის ფინჯანს, ან რატომ ახატავენ მის რეპროდუქციებს სხვადასხვა რაღაცას?
დაბოლოს, სტატიის ლოგიკური დასასრული იქნება შიშნარევი კითხვა — რა იქნება შემდეგი?