შოკოლადში ამოვლებული მარწყვის კოშკი, ბანანის ნაკრები თუ ზეფირის თაიგული – ეს ქართული სტარტაპი, „მონამია“, რომელიც ტკბილი გემოს სხვადასხვა კომბინაციას, სხვადასხვა ფორმით გვთავაზობს.
„მონამის“ წინამორბედი ჩვენივე კომპანია „ყველაფერია“, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი მიმართულება – „გემრიელი საჩუქრები“ ცალკე კომპანიად გვექცია. ასე ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია საქართველოში მონატრებული ძვირფასი ადამიანების გაბედნიერება, – გვიყვებიან „მონამიში“.
დამფუძნებლები ბავშვობის მეგობრები, თამარო ჩხუბიანიშვილი და მარიამ ახვლედიანი არიან. თამარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის, მარიამი კი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. „მონამის“ შექმნა მათ სურვილს უკავშირდება, შეექმნათ ბრენდი, რომელიც ყველა სეგმენტისთვის საინტერესო და ამავდროულად, ხელმისაწვდომი იქნებოდა. „იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ხშირად და არც ისე მოკლე ვადებით გვიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, მუდმივად ვეძებდით ადამიანებს, ვინც ჩვენ მაგივრად შეძლებდნენ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრის შერჩევას. ვფიქრობთ, ზუსტად ეს დისკომფორტი იყო იმის მიზეზი, რომ სასაჩუქრე თემატიკაზე შევჩერდით“.
M: რატომ „მონამი“?
როდესაც „მონამის“ ბრენდინგზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინვე ვიცოდით, რომ მარწყვი მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა უამრავი ტკბილეული და ყვავილიც გვაქვს, ჩვენი საქმიანობის ცენტრალური ხაზი შოკოლადში ამოვლებული მარწყვია. ფერზეც მაშინვე შევთანხმდით. დიდად პრინცესული მოწოდებებით არცერთი გამოვირჩეოდით ბავშვობაში, თუმცა როგორც კი ჩვენს კომპანიაზე ფიქრი დავიწყეთ, ვარდისფერი იყო ფერი, რომელიც ყველაზე მეტად წარმოაჩენდა იმ გემოს, იდეისა და ვიზუალის სინთეზს, რომელიც ჩვენს პროდუქციას უნდა ჰქონოდა.
სახელს რაც შეეხება, Mon Amie ფრანგულად ჩემს მეგობარს ნიშნავს, მდედრობითი და მამრობითი სქესის შემთხვევაშიც, ერთნაირიდ გამოითქმის – „მონამი“.
M: რა პრობლემას ჭრით ბაზარზე თქვენი არსებობით?
ჩვენი არსებობით, ვფიქრობთ, გავეცით პასუხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ კითხვას: „რა ვაჩუქო?“ ადამიანებს ვეხმარებით, დისტანციურად შეარჩიონ უგემრიელესი და თანაც ძალიან ორიგინალური საჩუქრები ნებისმიერი დანიშნულებისთვის. დაბადების დღეები, ახალი წლის დღესასწაულები, ქორწილები, ჯვრისწერები, ნიშნობები, ვალენტინობა და ზოგადად, ნებისმიერი ის სამუშაო თუ არასამუშაო დღე, რომლის ნაწილიც „მონამია“, განსაკუთრებული ემოციებითა და განწყობით გამოირჩევა. რაც შეეხება კორპორატიულ მომხმარებლებს, მათი თანამშრომლებისა თუ პარტნიორი კომპანიებისთვის ერთგულებისა და მადლიერების გამოხატვა, ძალიან ხშირად, „მონამის“ ყველაზე კარგად გამოსდის.
M: თქვენი სასაჩუქრე ნაკრებებისთვის ნედლეულს საიდან იღებთ?
ჩვენი ორი ძირითადი ნედლეული არის ხილი და შოკოლადი. შოკოლადი ბელგიური წარმოებისაა, რომელსაც გადნობის პროცესში მცირედ გემოვნურ დეტალებს ვუმატებთ. რაც შეეხება მარწყვს, მუდმივად ვეცნობით აგრომიმართულებით სიახლეებს, ამ პროცესში კი არაერთი ახალი რამ ვისწავლეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ვცდილობთ, უპირატესობა ქართულ წარმოებას მივანიჭოთ. ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვიხარია, რომ ჩვენ, როგორც სტარტაპი ხელს ვუწყობთ მარწყვის სასათბურე მეურნეობის მიმართულებით არსებულ სხვა სტარტაპებსაც.
M: შიდა სამზარეულოზეც მოგვიყევით… რა პროცესებს გადიხართ მანამ, სანამ „მონამის“ საბოლოო პროდუქტს მიიღებთ?
პირველ რიგში, დილა იწყება სამუშაო სივრცის დეზინფექციითა და მარწყვის (ან სხვა ხილის) გარეცხვა–გამშრალებით. შემდეგ კი, დღის გეგმის შესაბამისად, იწყება პროდუქციის დამზადება და ადრესატებთან გაგზავნა. სანამ კურიერი პროდუქციას წაიღებს, ყოველი პროდუქტი გადის ე.წ. ხარისხის კონტროლს, გვაქვს რამდენიმე პუნქტი, რისი გადაკონტროლებაც ხდება ნივთის გაგზავნამდე: ერთ–ერთი ასეთი პუნქტი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, არის – „ხომ არ სურდა მომხმარებელს მისალოცი ბარათის დამატება საჩუქართან ერთად?“
M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?
ჩვენი სამიზნე აუდიტორია 4 ძირითად სეგმენტს მოიცავს, ესენი არიან:
- ადამიანები, რომლებსაც უყვართ ტკბილეული და საკუთარი თავისთვის სურთ განსხვავებული და ჯანსაღი დესერტის შეძენა;
- ადამიანები, რომლებსაც სურთ განსხვავებული საჩუქრით გაახარონ საყვარელი ადამიანები (ეს სეგმენტი კიდევ ბევრ ქვესეგმენტად შეგვიძლია, ჩავშალოთ, თუ საჭიროა);
- ადამიანები, რომლებსაც სურთ ღონისძიების ლამაზად გაფორმება – იქნება ეს ქორწილი, ე. წ. bachelorette party და wedding reception, დაბადების დღე თუ სხვა.
- ჩვენი ყველაზე საყვარელი სეგმენტია ემიგრანტები, რომლებიც ყველაზე დიდი მონდომებითა და ჩართულობით უკვეთენ ნებისმიერ საჩუქარს მათი საყვარელი ადამიანებისათვის.
M: როგორ წარმოგიდგენიათ Mon’Amie-ს განვითარება?
ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ბევრ იდეასა და მიმართულებას განვიხილავთ და მუდამ ვცდილობთ, ერთ ადგილას არ გავჩერდეთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ არსებული სტარტაპი დავხვეწოთ მაქსიმალურად, ყოველთვის ვხედავთ განვითარების შესაძლებლობებს. მუდამ ვცდილობთ არსებული პროდუქციის გაუმჯობესებასა და მეტი მრავალფეროვნების შეთავაზებას მომხმარებლებისათვის, რათა ერთ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, სისტემატურად ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით. სამომავლო და უფრო დიდ გეგმებს რაც შეეხება, ჩვენი დიდი სურვილია, მომხმარებლებს ღონისძიებების დაგეგმვა და მენეჯმენტიც შევთავაზოთ.