in

5 მეთოდი მონატრებასთან გასამკლავებლად

M2
M2

მონატრებას თან ბევრი ემოცია და ფიზიკური სიმპტომი ახლავს, სევდა, გაბრაზება, უძილობა, სიცარიელის შეგრძნება, კონცენტრირების ნაკლებობა, იმედგაცრუება, გლოვა, მადის ცვლილება… მოკლედ კომპლექსური ემოციური გამოცდილებაა, არ აქვს მნიშვნელობა, ძველი მეგობარი გენატრებათ, პარტნიორი თუ გარდაცვლილი ადამიანი. მიჯაჭვულობა და ემოციური კავშირი ერთ დროს დაცულობის შეგრძნებას გიჩენდათ, განცდას, რომ ირგვლივ გყავდათ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერდათ და თქვენზე იზრუნებდა, ამ კავშირის გაწყვეტისას კი მონატრებაც ბუნებრივი ხდება…

ახლა კი მთავარი კითხვა დავსვათ: როგორ გავუმკლავდეთ მონატრებას? თუ ამ პროცესში ხართ, შესაძლოა, გააზრება გაგიჭირდეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ესეც გაივლის. მთავარია, წინსვლა არ შეწყვიტოთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, ახალი შესაძლებლობებისა და გამოცდილებების კარი გააღოთ. თუმცა ამ საკითხზე ზოგადად საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ქვემოთ 5 მეთოდს გაგაცნობთ მონატრებასთან გასამკლავებლად:

1. დაფიქრდით, რატომ გენატრებათ კონკრეტული ადამიანი

მონატრება საკმაოდ მტკივნეული პროცესია, თქვენს ყოველდღიურობაზე ზემოქმედებს, განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე. აქ კი კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ, რატომ გენატრებათ კონკრეტული ადამიანი და როგორ მოქმედებს ეს მონატრება თქვენზე. იყავით გულწრფელი პასუხების გაცემისას და გადაწყვიტეთ, მზად ხართ თუ არა წინსვლისთვის.

2. დაწერეთ წერილი

ბუნდოვან სიტუაციებს წერილები სიცხადეს მატებს და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვაშიც გვეხმარება. ეს საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი დაწეროთ, რის თქმასაც იმ ადამიანისთვის ისურვებდით, რომელიც გენატრებათ. რა თქმა უნდა, ამ წერილის გაგზავნა არ მოგეთხოვებათ. ეს მეთოდი კარგი კი იმიტომ არის, რომ ისეთი რაღაცების გაჟღერებაშიც გეხმარებათ, რასაც პირადად ვერ იტყოდით. 

დღიურის წარმოებაც სასარგებლოა, ყოველდღიურად დაწერეთ თქვენი გრძნობების შესახებ, ეს ემოციების გაანალიზებაშიც დაგეხმარებათ და იმ ფაქტორების გაგებაშიც, რომლებიც თქვენს გრძნობებზე ზემოქმედებს.

3. მიმართეთ მედიტაციას

იმაზე დიდი ხმაური არ არსებობს, როცა თქვენი გონება ვიღაცის მონატრებაზე ფიქრითაა დატვირთული. ვერაფერზე კონცენტრირდებით გარდა ამ ადამიანთან ერთად დაგროვილი მომენტებისა… მედიტაცია კი თქვენს აზრებს დაამშვიდებს, ცხადად დაგანახვებთ რეალობას და საჭირო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ. 

4. უთხარით, რატომ გენატრებათ

ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა, პირდაპირ დაელაპარაკოთ იმ ადამიანს, რომელიც გენატრებათ. თუ საკმარისად მამაცი ხართ, გულწრფელად გაესაუბრეთ. შეგიძლიათ, პირდაპირ უთხრათ რომ გენატრებათ. ვინ იცის, შესაძლოა, თავადაც მსგავსად ფიქრობდნენ და უბრალოდ სიტყვებს ან ძალას ვერ პოულობდნენ ამის გასაზიარებლად. 

5. ფოკუსირდით ცხოვრების დადებით ასპექტებზე

მას შემდეგ, რაც ურთიერთობას დაამთავრებთ, მონატრება ბუნებრივია, თუმცა ხანდახან ადამიანები უნდა გაუშვათ… ამ დროს ენერგიის მართვაზე კონცენტრირდით, მადლიერი იყავით იმის, რაც გაქვთ. გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც ირგვლივ გყავთ და ფოკუსირდით თქვენი ცხოვრების დადებით ასპექტებზე.

დაბოლოს, მონატრება უნივერსალური ამბავია, თუმცა გახსოვდეთ, იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ. მიეცით თავს ამის შეგრძნების საშუალება, მაგრამ არასდროს გაჩერდეთ ამ ფაზაში: ჯერ დაფიქრდით, რატომ გენატრებათ კონკრეტული ადამიანი, შემდეგ წერილიც დაუწერეთ და სულიერი სიმშვიდისთვის მედიტაციას მიმართეთ, თუ შესაძლებელია, უთხარით, რომ გენატრებათ და დააფასეთ ის, რაც ცხოვრებაში გაქვთ. 

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ხელმძღვანელის საკომუნიკაციო სტილს

როგორ შექმნეს ლექტორებმა და სტუდენტებმა ტექ-გლემფინგი „საირმის კარიბჭე“